Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

კახეთში ხელისუფლების მუშაობას არადამაკმაყოფილებლად აფასებენ


სარწყავი არხების გაწმენდა, ხიდები, სასმელი წყალი, ყურძნის რეალიზება - ეს ის ძირითადი პრობლემებია, რაზეც მოსახლეობა კახეთში მუდმივად ჩივის. ამ პრობლემებს კარგად იცნობენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლებიც არსებული პრობლემების მოგვარებას, „ დიალოგის“ ფარგლებში, ადგილობრივებს კიდევ ერთხელ ჰპირდებიან, თუმცა მოსახლეობა ამბობს, რომ დაპირებების უკვე აღარ სჯერათ, რადგან ისინი რამდენჯერმე მოტყუებულები აღმოჩნდენ. მაგალითად, ლაგოდეხში ამბობენ, რომ პრობლემების მოსაგვარებლად სამუშაოები ან საერთოდ არ სრულდება,ან,თუ სრულდება, უხარისხოდ.

გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში კი ამბობენ, რომ მინისტრები და პარლამენტარები „ დიალოგის“ ფარგლებში შეხვედრებს მხოლოდ ტელეკამერების წინ თავისმოსაწონად მართავენ, პრობლემების რეალურად მოგვარებაზე კი არავინ ფიქრობს. კარდენახში გაიხსენეს, რომ რამდენიმე კვირის წინ,“ დიალოგის“ ფარგლებში სტუმრობისას, გიგი წერეთელმა სოფელს ტელეკამერების წინ სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება მიულოცა – არადა, როგორც ადგილობრივი მკვიდრი შოთა ტაბახმელაშვილი ამბობს, 2300 კომლიან დასახლებაში წყლით მხოლოდ 65 ოჯახი მარაგდება.

„ დიალოგის“ ფარგლებში სოფელში ჩასული პარლამენტარებისგან განსხვავებით, კარდენახში სასმელი წყლის პრობლემის არსებობას აღიარებს სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მღვდლიაშვილი. მისი განცხადებით, პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო თანხები ვერ გამოინახა:

სოფელში სასმელი წყლის პრობლემა სერიოზულად დგას, სათავე-ნაგებობა საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას, აღდგენას, რისთვისაც საჭიროა გარკვეული თანხა, რომელიც ამ ეტაპზე არ არის. ~

კახეთში ამბობენ, რომ, თუ პრობლემების მოგვარება რელურად არ დაიწყო, „ დიალოგის“ ფარგლებში მათთან მისულ ხელისუფლების წარმომადგენელებს აღარ შეხვდებიან. მინისტრებისა და პარლამენტარების კახეთში ვიზიტი კი უახლოეს დღეებში კვლავაც იგეგმება.
XS
SM
MD
LG