Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბილ ევანსის აუხდენელი ოცნებები


ბილ ევანსი მამით უელსელი, დედით კი რუსი იყო. ის მთელი ცხოვრების მანძილზე უელსში ჩასვლაზე ოცნებობდა, მაგრამ თავის განზრახვას თავი ვერ მოაბა. ასევე, დიდი სურვილის მიუხედავად, მან, საბოლოო ჯამში, უარი თქვა რუსეთში გასტროლების გამართვაზე. ამ გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა მოახდინა ავღანეთის ომმა. გასულ თვეში ჯაზის გამოჩენილ პიანისტს 80 წელი შეუსრულდებოდა. სამწუხაროდ, მან მხოლოდ 51 წელი იცოცხლა და ამ ქვეყნიდან 1980 წლის 10 სექტემბერს წავიდა. როცა მაილს დევისმა ევანსი თავისი სექსტეტის შემადგენლობაში შეიყვანა, კოლექტივის ყველა წევრი ჰეროინით ”ერთობოდა”. ამ სიტუაციაში ბილმა, ანსამბლის ერთადერთმა თეთრკანიანმა მუსიკოსმა, გადაწყვიტა მათზე უარესი ”ჯანკი” გამხდარიყო (სლენგის ენაზე ”ჯანკი” ხარახურას ნიშნავს). ევანსმა საწადელს მიაღწია, მაგრამ ეს ძვირად დაუჯდა: ის ჯაზის შოპენი და რაველი გახდა, აჰმად ჯამალივით და თელონიუს მონკივით შეძლო დაკვრა, მაგრამ, ამის საფასურად, საკუთარი მუსიკალური იდეების ბოლომდე განხორციელებისათვის დრო აღარ ეყო. გამოჩენილ მუსიკოსს ბოლო სწორედ ჰეროინმა მოუღო. ჩემი საყვარელი პიანისტი უილიამ ჯონ (ბილ) ევანსი ამერიკის ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ პლეინფილდში 1929 წლის 16 აგვისტოს დაიბადა. მამამისი, ჰერი ლაიონ ევანსი, თავის ორ ვაჟიშვილს პროტესტანტული რწმენის ატმოსფეროში ზრდიდა. დიდი იყო მისი წვლილი ბავშვების მუსიკალურ განათლებაშიც - თვითონ ჰერი რეგულარულად მღეროდა მამაკაცთა კვარტეტში ”a capella” (აკომპანემენტის გარეშე). შეერთებულ შტატებში ასეთ კოლექტივს ”პარიკმახერთა გუნდს” უწოდებენ ხოლმე. ბილ ევანსის დედა, მარია სოროკა, მეფის რუსეთიდან წამოსულ იმიგრანტთა ოჯახიდან იყო. ღრმად მორწმუნე მართლმადიდებელი, ის რუსულ ეკლესიაში გალობდა, შინ კი როიალზე უკრავდა. ორივე მისი ვაჟიშვილი, ჰერი-ჯუნიორი და ბილი, მუსიკოსებად იზრდებოდნენ - უელსისა და რუსეთის მუსიკალურ კულტურათა შერწყმამ ბრწყინვალე შედეგი გამოიღო. ჩიკ კორეას თქმით, ”ბილ ევანსის მნიშვნელობას ვერავითარი სკალით ვერ გაზომავ - ის საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პიანისტია”.

ძალიან საინტერესოა დედის სამშობლოსადმი ბილ ევანსის დამოკიდებულება. ბილის ბავშვობაში მარია სოროკა თავის დედას, პიანისტის ბებიას, შვილიშვილისთვის რუსული ენის გაკვეთილების მიცემას უკრძალავდა - ქალს ეშინოდა, რომ მისი შვილი კარგ დონეზე ვერასდროს ისწავლიდა ინგლისურს. როდესაც სამოცდაათიანი წლების ბოლოს, უკვე სახელგანთქმულმა მუსიკოსმა, საბჭოთა კავშირიდან მოწვევა მიიღო საკუთარ ტრიოსთან ერთად მოსკოვში ხუთი კონცერტის ჩასატარებლად, ის ჯერ დათანხმდა, მაგრამ მოგვიანებით გადათქვა თავისივე გადაწყვეტილება. აი, რით ახსნა მან ეს ჟურნალ ”დაუნ ბიტის” რედაქციაში გაგზავნილ წერილში: ”მე ყოველთვის მძიმედ განვიცდიდი იმ ხალხის ბედს, რომელიც წამებისთვის მხოლოდ იმის გამოა განწირულია, რომ საზოგადოების წევრთა აზრები არ ემთხვევა ოფიციალურ კრიტერიუმებს. სინამდვილეში, ეს ხელოვნების თავისუფლების უარყოფაა. ავღანეთის ომმა მაიძულა კიდევ ერთხელ მეფიქრა ამაზე. თუ ყველა ხელოვანი მიწვევაზე უარს იტყვის, მათი ერთობლივი ძალისხმევა შეიძლება რევოლუციურ იმპულსში გადაიზარდოს.”

”ფორტეპიანოს პოეტი” - ასე უწოდებდნენ ბილ ევანსს კრიტიკოსები. მსგავს ტიტულს მხოლოდ კლასიკური მუსიკის შემსრულებლები იმსახურებენ ხოლმე, მაგრამ ევანსის შემთხვევაში ამას გარკვეული ლოგიკა ჰქონდა. საქმე ისაა, რომ ბილმა ნიუ-იორკის პრესტიჟული სამუსიკო სასწავლებელი, ”მენეს-კოლეჯი”, დაამთავრა და გამოსაშვებ გამოცდაზე შესანიშნავად დაუკრა ბეთჰოვენისა და შოპენის ნაწარმოებები. არსებობს აუდიოჩანაწერი, სადაც ის, სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, თავისი საყვარელი კომპოზიტორის, რახმანინოვის, მეორე საფორტეპიანო კონცერტს უკრავს. სწორედ კლასიკურმა განათლებამ, ნაწარმოების ფორმის შესანიშნავმა გრძნობამ, იმპროვიზაციის თანდაყოლილმა ნიჭმა ჩამოაყალიბა ბილ ევანსის ფენომენი.









XS
SM
MD
LG