Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისია თბილისში საინფორმაციო შეხვედრას მართავს


ევროკომისიის სემინარი
ევროკომისიის სემინარი
აღმოსავლეთის პარტნიორობის გეგმაზე სასაუბროდ 21 სექტემბერს საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შეხვედრა გაიმართა. სემინარზე, რომელსაც, ძირითადად, საინფორმაციო ხასიათი ჰქონდა, აღმოსავლეთის პარტნიორობის გეგმის მნიშვნელობაზე, მთავრობის წევრების გარდა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და მედიასაც ესაუბრნენ. ამისათვის ბრიუსელიდან ევროკომისიის წარმომადგენლებმა თბილისში სპეციალური ტურნე მოაწყვეს.

”აღმოსავლეთის პარტნიორობა, როგორც იცით, ევროკავშირის მეზობელ ექვს ქვეყანას შორის პარტნიორობას გულისხმობს და მისი კონცეფცია ამ ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციას გულისხმობს. ამ სემინარის მიზანი კი არის როგორც სამთავრობო წრეებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს აღმოსავლეთის პარტნიორობა. ეს კარგი საშუალებაა ინფორმაციის გაცვლისათვის აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ, რაც რეალურად გზას უხნის ამ ქვეყნებს და, მათ შორის, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისა და თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებისაკენ.”

პერ ეკლუნდი
ეს მცირე განმარტება ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა პერ ეკლუნდმა მედიისათვის გააკეთა სპეციალური სემინარის დაწყების წინ, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობას მიეძღვნა და რომელსაც ქართული მხრიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი, სამთავრობო სტრუქტურების სხვა წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორი და მედია ესწრებოდა. აღმოსავლეთის პარტნიორობის მნიშვნელობაზე სასაუბროდ ბრიუსელიდან თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდა ჯონ ქეარი, რომელიც სამხრეთ კავკასიასთან, უკრაინასთან, მოლდოვასა და ბელორუსთან ურთიერთობის განყოფილებას ხელმძღვანელობს.

რადიო თავისუფლებას მან უთხრა, რომ სემინარის მიზანი როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორთან აღმოსავლეთის პარტნიორობის მნიშვნელობასა და იმ საკითხზე საუბარია, თუ როგორ შეიძლება საქართველო და დანარჩენი ხუთი ქვეყანა ევროკავშირს დაუახლოვდეს:

”მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი პასუხი, თუ როგორ შევძლებთ ამ ექვსი ქვეყნის ჩართვას აღმოსავლეთის პარტნიორობის გეგმაში; ასევე, როგორ მოვახდინოთ საქართველოს ეკონომიკის ინტეგრაცია ევროკავშირის ეკონომიკასთან. ეს ის ძირითადი საკითხია, რასაც აღმოსავლეთის პარტნიორობა მოიცავს.”

შეგახსენებთ, აღმოსავლეთის პარტნიორობა, როგორც ევროკავშირის ახალი პოლიტიკა, ევროკავშირთან დაახლოების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება. ეს არ არის წევრობის ალტერნატივა, მაგრამ ეს არის საშუალება პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების, ეკონომიკური ინტეგრაციის - ახალი პოლიტიკა, რომლის შესაძლებლობა, როგორც თამარ ბერუჩაშვილი განმარტავს, საქართველოს აქამდე არ ჰქონია. ევროკავშირის შემდგომი გაფართოებისათვის აღმოსავლეთის პარტნიორობის გეგმა ერთგვარი წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოა, ამბობს ბერუჩაშვილი:

თამარ ბერუჩაშვილი
”ევროკავშირმა გარკვეული პერიოდის შემდეგ თავისი რეალური საზღვრები უნდა წარმოაჩინოს და ევროკავშირის ევროპელი მეზობლები უნდა იყვნენ განსაკუთრებული პოლიტიკის სფეროში და ეს მოხდა კიდეც. როგორ მოახერხებენ ამას ქვეყნები, ვის რა შესაძლებლობა აქვს ინდივიდუალურად და რა მისწრაფება, ეს უკვე მომავალში გამოჩნდება.”

აღმოსავლეთ პარტნიორობის გეგმა ქვეყნებისადმი ინდივიდუალურ მიდგომას გულისხმობს და ის სამეზობლო პოლიტიკისგან იმით განსხვავდება, რომ აქ ყველა ქვეყანას ექნება წინა პირობა, რომლის შესრულების გარეშე პროგრესი ურთიერთობებში ვერ მიიღწევა. თამარ ბერუჩაშვილი ასევე ამბობს, რომ, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების სახით, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების რეალური შანსი უჩნდება:

”ევროკავშირთან დაახლოების ახალი საშუალება ეძლევა საქართველოს, უკვე სოლიდური სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბების სახით, რაც იქნება ასოცირების ხელშეკრულება, ეკონომიკური ინტეგრაციის სერიოზული ელემენტით, რაც გულისხმობს ღრმა და თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების დამყარებას და, რასაკვირველია, სავიზო რეჟიმის გამარტივებას, რაზეც უკვე ჩვენ წლის ბოლოსთვის ველით სერიოზულ რეზულტატებს.”
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG