Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო სექტორის ახალი გამოწვევები


„სამოქალაქო მანიფესტის“ კონფერენცია
„სამოქალაქო მანიფესტის“ კონფერენცია
არასამთავრობო ორგანიზაციათა საინიციატივო ჯგუფის „სამოქალაქო მანიფესტი“, რომელიც 2009 წლის 10 აპრილს გაფორმდა, ძალაში რჩება და ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოწვევების კვალდაკვალ აქტიურდება. „სამოქალაქო მანიფესტის“ ხელმომწერმა ორგანიზაციებმა 21 სექტემბერს განვლილი საანგარიშო პერიოდი შეაჯამეს და ახალი სამოქმედო პრიორიტეტები დასახეს.

„სამოქალაქო მანიფესტი“, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ცალკეული კერძო პირების ინიციატივა, 2009 წლის აპრილში საქართველოში შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის მიზნით შეიქმნა. მშვიდობისა და ეროვნული თანხმობის უზრუნველსაყოფად და კონსტრუქციული პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის შესაქმნელად სამოქალაქო საზოგადოების აღნიშნულმა ჯგუფმა მიზნად დაისახა ისეთი ამოცანების შესრულება, როგორიცაა: გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართვა, ადამიანის უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურების საქმიანობის მონიტორინგი, საქართველოში არსებულ ვითარებაზე დაბალანსებული და ზუსტი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა და სხვ. სამოქმედო პრიორიტეტები სულ ხუთ პუნქტად ჩამოყალიბდა. როგორ შესრულდა ეს პრიორიტეტები? - ამ შეკითხვით კავკასიის ქალთა ქსლის ხელმძღვანელს, ნინო ციხისთავს, მივმართეთ.

„მე პირადად ვიტყვი, რომ მნიშვნელოვანი საკითხების გადასინჯვა-გადახედვისა და გადაჭრისას ჩვენ საკმარისად აქტიურები არ აღმოვჩნდით - მაგალითად, სახელმწიფო მაუწყებლის დირექტორის არჩევნებთან დაკავშირებით. არასამთავრობო სექტორს ჩვენი კანდიდატურა უნდა დაგვეყენებინა. ასევე მე უკმაყოფილო ვარ იმითაც, რომ ჩვენი კანდიდატი არ დავასახელეთ სახალხო დამცველის პოსტზე.“

ნინო ციხისთავი აღნიშნავს, რომ არასამთავრობო სექტორს ნებისმიერ ცაიტნოტურ მდგომარეობაშიც კი უნდა შესწევდეს ძალა, მინიმუმამდე დაიყვანოს ის რისკები, რომლის წინაშეც საზოგადოება დგება. ეს გამოწვევა, არასაკმარისი მობილიზებულობის გამო, მანიფესტის ხელმომწერი ორგანიზაციების მიერ განვლილ საანგარიშო პერიოდში თვითკრიტიკულად შეფასდა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხუციშვილი აღნიშნავს, განხორციელდება ყველა იმ პროცესის მონიტორინგი, რომელიც მიმდინარეობს ან ამ ცოტა ხანში დაიწყება:

„პოლიტიკური გააქტიურება, საზოგადოებრივი გააქტიურება ქალაქში, ქვეყანაში ჩვენი ყურადღების სფეროში მოექცევა. გარდა ამისა, ჩაფიქრებული გვაქვს კვლევები, რეაგირება ყველა საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით. ვაპირებთ ყურადღებით ვადევნოთ თვალყური ახალი სახალხო დამცველის საქმიანობასაც.“

ადამიანის უფლებების დაცვა და ცვლილებების მშვიდობიანი გზით მიღწევა კვლავ რჩება სამოქალაქო საზოგადოების უმთავრეს ამოცანად, - გვითხრა, თავის მხრივ, ზაქარია ქუცნაშვილმა, ლიდერმა ორგანიზაციისა „კანონი ხალხისათვის“:

„მე პირადად ვაპირებ უახლოეს მომავალში გამოვიდე სამართლიანობის აღდგენის კამპანიით. ეს კამპანია რამდენიმე ეტაპისაგან შედგება. განსაკუთრებით გამოვყოფ ორ მიმართულებას - უკანონო პატიმრები და უკანონოდ ქონებაჩამორთმეული პირები. ასე რომ, ვფიქრობ, რომ სამოქალაქო საზოგადოების წინაშე ეს გამოწვევები კვლავ დგას.“

ლია მუხაშავრია
არასამთავრობო ორგანიზაციათა საინიციატივო ჯგუფის „სამოქალაქო მანიფესტი“, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აპრილში სწორედ იმ დღეებში შეიქმნა, როდესაც საპროტესტო მოძრაობამ და პოლიტიკურმა დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია შენიშნავს, რომ აპრილსა და მის შემდგომ პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე ხელისუფლების რეაგირება არაადეკვატური იყო და ეს ვითარება კიდევ უფრო მძიმდება დღეს:

“არ შემიძლია არ გამოვეხმაურო პრეზიდენტის იმ ბოლო კომენტარს, რომელიც მან პოლიციელის მკვლელობის ფაქტზე გააკეთა, რომ უნდა გამკაცრდეს შეწყალების პოლიტიკა. ხელისუფლებას რომ დაედო გამოძიების სრულყოფილი მასალები საქმეებზე, რომელშიც პოლიციელი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობდა იმ მძიმე შემთხვევებში, რომელსაც მოქალაქის სიკვდილი მოჰყვა, გაცილებით მეტი იქნებოდა საზოგადოების ნდობა და გაცილებით მეტი იქნებოდა პატივისცემა ძალისმიერი უწყების წარმომადგენლის მიმართ.“

პოლიციისა და, ზოგადად, ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არასამთავრობო ორგანიზაციათა საინიციატივო ჯგუფის „სამოქალაქო მანიფესტის“ ხელმომწერი ორგანიზაციების მონიტორინგის ერთ-ერთ ძირითად სფეროდ დარჩება მომავალშიც.
XS
SM
MD
LG