Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგში ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეა გაიხსნა


სტრასბურგში დღეს გაიხსნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია, რომლის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხია საქართველოსა და რუსეთის მიერ რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე მიღებული ორი რეზოლუციის შესრულების მდგომარეობის განხილვა. 29 სექტემბერს პლენარულ სხდომაზე მსჯელობის საგანი გახდება ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დასკვნის საფუძველზე მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომლის თანახმადაც, რუსეთს ევროსაბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება 2010 წლის 1 იანვრამდე ეკისრება. საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს გადაწყვეტილებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთისათვის ხმის ჩამორთმევის საკითხი 1 ოქტომბერს განიხილება.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია მუშაობას 2 ოქტომბერს დაასრულებს. სესიის დღის წესრიგის უმთავრესი საკითხებია კლიმატის ცვლილებებისაგან მომდინარე გამოწვევები, რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე არსებული ვითარება, ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხი და ევროსაბჭოს ახალი გენერალური მდივნის არჩევნები. წინასწარი ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საკითხი თავისი სიმწვავითა და მნიშვნელობით ერთ-ერთი გამორჩეული იქნება. ამას ადასტურებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის მარია დე პუტჩის ინიციატივაც საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების მიწვევისა და სიტყვით გამოსვლის შეთავაზების შესახებ. როგორც მარია დე პუტჩმა 28 სექტემბერს განაცხადა, ევროსაბჭო ცდილობს ქართულ-რუსული კონფლიქტის მოსაგვარებლად ნეიტრალურ მოედნად იქცეს და საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს, რუსეთის მხრიდან პრემიერ-მინისტრსაც, ერთმანეთთან საუბრისა და ევროპარლამენტარების წინაშე გამოსვლის საშუალება მისცეს. დე პუტჩის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტმა, რუსი მმართველებისაგან განსხვავებით, შეთავაზება მიიღო. საპარლამენტო ასამბლეაზე მყოფი საქართველოს დელეგაციის წევრები კი რუსეთთან დიალოგისათვის აუცილებელ პირობებს აზუსტებენ.

„მინიმალური პირობებია ჯარების გაყვანა, აღიარების გაუქმება და დევნილების დაბრუნება. თუ რუსეთი ამ მინიმალურ პირობებს შეასრულებს, ქართული მხარე, რა თქმა უნდა, მზად არის დიალოგისთვის“, - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
რუსეთისა და საქართველოს მიერ აგვისტოს ომის შემდეგ ევროსაბჭოს რეზოლუციებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ რეზოლუციის პროექტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 29 სექტემბერს განიხილება. პროექტი ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დასკვნის საფუძველზე მომზადდა. მასში აღნიშნულია, რომ საქართველომ შეასრულა თითქმის ყველა, რუსეთმა კი არ შეასრულა არც ერთი ვალდებულება. ეს ვალდებულებებია: ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის დაშვება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ საზღვრებზე მშვიდობიანი მოსახლეობისათვის თავისუფალი გადაადგილების საშუალების უზრუნველყოფა, 2008 წლის დაპირისპირების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლებით სარგებლობა. პროექტში აღნიშნულია ისიც, რომ რუსეთმა არა თუ არ შეასრულა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, - მათ შორის, ჯარის ომამდელ პოზიციებზე დაბრუნების შესახებ, - არამედ მკვეთრად გაზარდა სამხედროთა რაოდენობა სეპარატისტულ რეგიონებში და იქ მუდმივი სამხედრო ბაზები განალაგა. საქართველოს დელეგაცია იმედოვნებს, რომ ევროსაბჭოს ახალ რეზოლუციაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის გარანტიები ჩაიწერება და რუსეთს კატეგორიულად მოეთხოვება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების გაუქმება. გიორგი გაბაშვილი განმარტავს:

„ჩვენი ამოცანაა გამოვიყენოთ ყველა არენა, პოლიტიკური ჯგუფებიც, კომიტეტებიც და პლენარული სხდომაც იმისათვის, რომ ზეწოლა გავაძლიეროთ. მიზანი არის, რომ რეზოლუცია იყოს მაქსიმალურად ობიექტური, მხარს უჭერდეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და რუსეთს ვალდებულებების შესრულებას საერთაშორისო სამართლის მიხედვით აკისრებდეს”,- ამბობს სტრასბურგში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრი გიორგი გაბაშვილი.

რეზოლუციის პროექტი რუსეთს ევროსაბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებული ძირითადი მოთხოვნების 2010 წლის 1 იანვრამდე შესრულებას ავალებს. ამავე პროექტით, ვალდებულებების იგნორირების შემთხვევაში, რუსეთის დელეგაციისათვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი 2010 წლის იანვრის სხდომის წინ იქნება განხილული.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს გადაწყვეტილებით კი, 1 ოქტომბერს სესია რუსული დელეგაციის მანდატების გადახედვასთან დაკავშირებით 72 დელეგატის ხელმოწერით წარდგენილ ინიციატივას განიხილავს. საქართველოს დელეგაციის წევრი გიორგი თარგამაძე ამბობს, რომ რუსეთის დელეგაციისთვის ხმის უფლების შეჩერების თაობაზე ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს, თუმცა დარწმუნებით საუბარი ნაადრევია:

„ეს თავისთავად არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი და ნიშნავს იმას, რომ ნელ-ნელა ამ ორგანიზაციაში მწიფდება აზრი, რომ საჭიროა უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადგმა რუსებთან მიმართებაში.“

„რუსეთის დელეგაცია სრული შემადგენლობით დატოვებს სტრასბურგს, თუ ევროსაბჭო საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ხმის უფლების ჩამორთმევას დაუჭერს მხარს, და არ დაბრუნდება მანამ, ვიდრე გადაწყვეტილება არ შეიცვლება“, - განაცხადა ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინ კორსაჩევმა. მისი შეფასებით, ”ევროპის საბჭოს ასამბლეას რუსეთთან ურთიერთობაში დისონანსი შეაქვს, ქართული მხარე კი ცდილობს ასამბლეას ისეთი გადაწყვეტილება მოახვიოს თავს, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობას ჩაშლის.“

დაეკისრება თუ არა რუსეთს სანქციები შეუსრულებელი ვალდებულებების გამო და შეძლებს თუ არა ის, რომ რეზოლუცია არსებული პროექტის სახით არ იქნეს გატანილი?! სტრასბურგში რუსეთ-საქართველოს საკითხზე მწვავე დებატებია მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG