Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

FIDH-ის ანგარიში საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობას ადასტურებს


საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი, რასაც აქამდე მხოლოდ ადგილობრივი უფლებადამცავი ორგანიზაციები აღიარებდნენ, უკვე საერთაშორისო ორგანიზაციამაც აღიარა. ”ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია” (FIDH) აქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არსებობენ. ანგარიშში სულ რვა პოლიტპატიმრის საქმე მოხვდა.

ქართველი უფლებადამცველებისათვის მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობაზე ახლა მხოლოდ ქართული სამოქალაქო სექტორი აღარ საუბრობს. ანგარიშში, სახელწოდებით ”ეკლები ვარდების შემდეგ - პოლიტპატიმრები პოსტრევოლუციურ საქართველოში”, რომელიც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH) მოამზადა, რვა ასეთი პოლიტპატიმრის საქმეა შესული და მასში პირდაპირ წერია, რომ საქართველოში ადამიანები პოლიტიკური ნიშნით დღესაც იდევნებიან. არადა, რამდენიმე წლის წინ, როგორც ფედერაციის მისიის ერთ- ერთი წევრი, ელდარ ზეინალოვი, ამბობს, ეს წარმოუდგენელ ამბად მიაჩნდათ:

”საქართველო სამხრეთ კავკასიაში, პოლიტიკური პატიმრების თვალსაზრისით, უნიკალური ქვეყანაა, რადგან, როდესაც ევროპის საბჭომ ექსპერტები ამ საკითხის შესასწავლად სომხეთსა და აზერბაიჯანში მიავლინა, მაშინ საქართველოს მათ გვერდი აუარეს, თუმცა კი მაშინ ქვეყანას ჰყავდა პოლიტიკური პატიმრები. მეორე უნიკალური მომენტი ისაა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანისგან განსხვავებით, სპეციალურმა ეროვნულმა კომისიამ 2003-2004 წლებში ადგილზე შეისწავლა შესაძლო პოლიტპატიმრების საქმეები. მაშინ სისხლის სამართლის საქმეები დაიხურა, ხალხი გაათავისუფლეს და საქართველო აღიარებული იყო როგორც ერთადერთი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც არ ჰყავდა პოლიტპატიმრები. ამის შემდეგ გავრცელებული ახალი ცნობები პოლიტიკური პატიმრების არსებობის შესახებ ჩვენ უაზრობად ჩავთვალეთ, რადგან ეს აშკარად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. თუმცა, რაკი ასეთი განცხადებები 2007 წელს განსაკუთრებით გახშირდა და სულ უფრო დაჟინებული გახდა, ფედერაციამ გადაწყვიტა დამოუკიდებლად შეესწავლა ვითარება”, - აცხადებს ელდარ ზეინალოვი.

FIDH- მუშაობის პროცესში არა მხოლოდ ქართული არასამთავრობოების მიერ მოპოვებულ მასალებს დაეყრდნო, არამედ თავად შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, პოლიტპატიმრებად მიჩნეულთა ოჯახების წევრებს.

”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ისინი თვეების განმავლობაში სწავლობდნენ პოლიტიკური პატიმრების საქმეებს და ყველა სიტყვა ამ ანგარიშში რამდენჯერმეა გადამოწმებული და, რაც მთავარია, მისი სიტყვით, ეს არის პირველი საერთაშორისო აღიარება: ”საერთაშორისო ორგანიზაციამ პირველად განაცხადა, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები და ამ მოტივით ადამიანებს დევნიან.”

ანგარიშში მოხვედრილი ადამიანები ქართული საზოგადოებისათვის კარგად არიან ცნობილი, მათ შორის, ნორა კვიციანი, იგორ გიორგაძის მომხრეები, შალვა რამიშვილი, ოთარ ქუცნაშვილი, მერაბ რატიშვილი და სხვები.

ანგარიშის წარდგენას ესწრებოდა ზემოთ აღნიშნული სიიდან ერთ-ერთი პოლიტპატიმარი, შალვა რამიშვილი, რომელიც საპატიმროდან სულ ახლახან გათავისუფლდა. რამიშვილი პოლიტიკოსებს ურჩევს: ”ეს დასკვნა აიღოს ყველამ ხელში და ყველა შესაძლო ადგილას ააფრიალოს. ამით მათი არგუმენტი, რომ პოლიტპატიმრებზე მხოლოდ ქართული არასამთავრობოები ლაპარაკობენ, ფუჭი ხდება.”

რა შეიძლება მოჰყვეს ამ კონკრეტულ ანგარიშს? ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის მისიის წევრს ელდარ ზეინალოვს არა აქვს იმის ილუზია, რომ ეს ანგარიში მკვეთრად შეცვლის ვითარებას საქართველოში, მაგრამ არსებობს მოლოდინი:

”რას ველით ჩვენ ამ ანგარიშისგან? ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დიალოგი დაიწყება. არ ვაპირებთ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის პირობებში ცეცხლზე ნავთი დავასხათ, არც ვინმეს დადანაშაულებაა ჩვენი მიზანი. ჩვენ გვინდა, რომ ხელისუფლებამ გასცეს ამ ანგარიშში დასმულ კითხვებს პასუხი და მოვისმინოთ მათი აზრი იმ რეკომენდაციების შესახებ, რომლებსაც ანგარიშის ბოლოში ვთავაზობთ.”

ანგარიშის წარდგენა 29 სექტემბრიდან არა მხოლოდ საქართველოში დაიწყება, არამედ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებშიც გაიგზავნება, მათ შორის - ევროკავშირსა და ევროსაბჭოში.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG