Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა ეკონომიკის შემდგომი ლიბერალიზაციის ინიციატივით გამოდის


ნიკა გილაური (მარცხნივ) და დავით ბაქრაძე
ნიკა გილაური (მარცხნივ) და დავით ბაქრაძე
29 სექტემბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური ჯერ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდა დახურულ კარს მიღმა, შემდეგ კი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებსაც და ახალი ინიციატივა გააცნო. პრეზიდენტის დავალებით მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო თუ საკონსტიტუციო ცვლილებების მიზანი ეკონომიკის შემდგომი ლიბერალიზაციაა.

მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ეკონომიკურ რეიტინგებში მიღწეული წარმატებით წახალისებულმა საქართველოს მთავრობამ კიდევ უკეთესი შედეგის მისაღწევად ეკონომიკის შემდგომი ლიბერალიზაცია გადაწყვიტა. სათანადო დავალება პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან ორიოდე კვირის წინ მიიღო. იქვე ითქვა, რომ მიმდინარე რეფორმების შეუქცევადობის მიზნით, სავარაუდოდ, საკონსტიტუციო ცვლილებებიც მომზადდება. ამ საკითხებზე კონსულტაციის მიზნით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური დახურულ კარს მიღმა შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ–მინისტრი მხოლოდ ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა:

“გვინდა, რომ ის რეფორმები, რომლებიც საქართველოშია დაწყებული, შეუქცევადი გავხადოთ. ინვესტორებისთვის ერთ-ერთი მთავარი სწორედ ეს რეფორმებია. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს რეფორმები საკანონმდებლო ჩარჩოებში მოგვექცია,” - განაცხადა პრემიერმა.

კონკრეტიკა ნაკლები იყო პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებაშიც:

„მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეკონომიკური თავისუფლება არ იქნეს შეზღუდული, მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფო ხარჯების დონე იყოს განსაზღვრული და ლიმიტირებული. ანუ არის მთელი რიგი ეკონომიკური კრიტერიუმები და პარამეტრები, რომლებიც განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად ხელსაყრელია ბიზნესისთვის ეს ქვეყანა.“

დავით ბაქრაძესთან დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ არაფერი თქმულა. ამჯერად მხოლოდ პრინციპებზე შეთანმდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციების დაწყებამდე კი ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა იმ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მიანიშნა, რომელიც დაბალი გადასახადების შენარჩუნებას უზრუნველყოფს. კერძოდ, თუ რომელიმე ხელისუფლება გადასახადების გაზრდას მოისურვებს, მას ამისთვის რეფერენდუმის ჩატარება დასჭირდება.

პარლამენტში გამართულ კონსულტაციებში მონაწილეობდა საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც. მან მთავრობის წინადადება განმარტა, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური რეფორმების საკანონმდებლო ცვლილებას ორგანული კანონისთვის აუცილებელი კვორუმი დასჭირდება. საკონსტიტუციო კომისია ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე იმსჯელებსო, აღნიშნა დემეტრაშვილმა.

მთავრობის ახალი ეკონომიკური ინიციატივების მიმართ საკუთარი შენიშვნები და წინადადებები აქვს საპარლამენტო ოპოზიციასაც. მათ შესახებ პარლამენტის ვიცე–სპიკერი ლევან ვეფხვაძე საუბრობს:

„კონკურენტული გარემოს დაცვა და აღდგენა ანტიმონოპოლიური სამსახურისა, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალი მეწარმეობის განვითარებას. მეორე - ეს არის საწარმოების მოგების გადასახადისგან გათავისუფლება, რამაც რეინვესტიციის წახალისება უნდა მოახდინოს; ასევე, მცირე ბიზნესის განვითარებისთვის სპეციალური ასიგნირებები უნდა გამოიყოს.“

ამ და სხვა საკითხებზე საპარლამენტო დისკუსია ორი კვირის შემდეგ გაიმართება. მთავრობამ პირობა დადო, რომ კონკრეტულ საკანონმდებლო პროექტებს სწორედ ორი კვირის შემდეგ წარმოადგენს და მათ საზოგადოებას დეტალურად გააცნობს.
XS
SM
MD
LG