Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაჩინსკი ”ლისაბონის ხელშეკრულებას” ხელს აწერს, ევროკავშირს ახალი წევრების - მათ შორის საქართველოს - მიღებისკენ მოუწოდებს


პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ დღეს დაასრულა მის ქვეყანაში ევროკავშირის რეფორმირების შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაცია და ბლოკს მოუწოდა, ღია დარჩეს ახალი წევრების - მათ შორის საქართველოს - მიღებისთვის. კაჩინსკიმ ხელი მოაწერა ე.წ. „ლისაბონის ხელშეკრულებას“, რომელიც ევროპის კავშირის მმართველი სტრუქტურების გარდაქმნას ითვალისწინებს. ვარშავაში მოწყობილ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ, ევროკავშირის მაღალი რანგის სხვა წარმომადგენლებმა, უცხოელმა დიპლომატებმა. ”ჩვენ ახლა 27 წევრი გვყავს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არ არის დასასრული… ევროკავშირი - ეს წარმატებული ექსპერიმენტი, რომელიც უპრეცედენტოა კაცობრიობის ისტორიაში - არ შეიძლება დაიხუროს მათ გარეშე, ვისაც გაწევრიანება სურსო” - განაცხადა კაჩინსკიმ და დასძინა, რომ ლაპარაკია არა მხოლოდ ბალკანეთზე, არამედ ისეთ ქვეყნებზეც, როგორიც საქართველოა. პოლონეთი, რომელიც ევროკავშირს 2004 წელს შეუერთდა, მისი აღმოსავლელი მეზობლის, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასაც უჭერს მხარს.ლისაბონის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიის პოლონეთის ლიდერმა ”ახალ და დიდ ექსპერიმენტზე შეთანხმების დღე” უწოდა. შარშან პოლონეთის პარლამენტმა დიდი უმრავლესობით დაამტკიცა ხელშეკრულება, მაგრამ მისი რატიფიკაციისთვის კაჩინსკის ხელმოწერა იყო საჭირო. ევროკავშირის წევრი ერთადერთი ქვეყანა, სადაც „ლისაბონის ხელშეკრულების“ რატიფიკაცია ჯერ არ დასრულებულა, ჩეხეთია.
XS
SM
MD
LG