Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორტნიკოვმა საქართველოში ალ-ყაიდის კვალს მიაგნო


ალექსანდრ ბორტნიკოვი
ალექსანდრ ბორტნიკოვი
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა საქართველოს ხელისუფლება ჩრდილოეთ კავკასიის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა. ალექსანდრ ბორტნიკოვი ირწმუნება, რომ რუსეთი ფლობს ინფორმაციას, თუ როგორ ხდება ალ-ყაიდის ტერორისტების გადასროლა ჩეჩნეთში. რუსეთის ბრალდება გავრცელდა მოსკოვში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტის დროს, ჰილარი კლინტონისა, რომელმაც კვლავ გაუსვა ხაზი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას. საქართველოს ხელისუფლება რუსეთის უშიშროების სამსახურების ბრალდებას აბსურდს უწოდებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გონებრივი შესაძლებლობები დაუწუნა რუსეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელობას და საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ იმავე თემებით სპეკულირებს, როელთაც 10 წლის წინ, პანკისის ხეობის კრიზისის დროს, იყენებდა:

“არანაირი ასეთი პრობლემა არ არსებობს! მე ვფიქრობ, რომ ყველა ეს განცხადება ემსახურება ორ ამოცანას: პირველი ამოცანა გახლავთ საქართველოსაგან მუდმივი მტრის ხატის ძებნა და საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების მუდმივად გამართლების მცდელობა. და მეორე ამოცანა გახლავთ იმის ახსნა, თუ რატომ აქვს რუსეთს ამხელა პრობლემები ჩრდილო კავკასიაში.”

რუსეთი საქართველოს ბრალად სდებს, რომ ის ტერორისტულ ქსელ ალ-ყაიდის აგენტებს წვრთნის და ხელს უწყობს უსაფრთხოდ გადაადგილდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში ტერაქტების დაგეგმვისას. ამ შინაარსის ბრალდება გამოთქვა დღეს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა:

”ბოევიკებისთვის აღმოჩენილი აუდიოჩანაწერები მოწმობს, რომ მათ ალ-ყაიდის ემისრებთან ერთად დამყარებული აქვთ კონტაქტი საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან, რომელთა მონაწილეობითაც ხდება ტერორისტების მომზადებისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადასროლის ორგანიზება.”

ამას გარდა, ბორტნიკოვი აცხადებს, რომ საქართველო ეხმარება ტერორისტებს დაღესტანში მაღალი საფრთხის შემცველ ობიექტებზე დივერსიული აქტების მოსაწყობად იარაღის, ასაფეთქებელი მასალისა და ფინანსური საშუალებების გაგზავნაში. უპირველეს ყოვლისა, რუსეთის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი ნავთობისა და გაზსადენების მწყობრიდან გამოყვანის მცდელობას გულისხმობს. ”ეფესბეს” მონაცემებით, ივლისის დასაწყისიდან დღემდე ჩრდილოეთ კავკასიაში 19 დივერსიულ-ტერორისტული აქტია აღკვეთილი, წლის დასაწყისიდან დღემდე კი - 45.

ამასთან, როგორც რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები მიუთითებენ, ბორტნიკოვს ჟურნალისტებისათვის არ გაუცვნია არც ერთი კონკრეტული ფაქტი, რაც ქართული სპეცსამსახურების მტრულ მოქმედებას დაადასტურებდა.

რუსეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელის ბრალდებას პოლიტიზებულს უწოდებენ დამოუკიდებელი ქართველი ექსპერტები. მამუკა არეშიძემ, ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია დააბრალო იმ სახელმწიფოს ალ-ყაიდის მფარველობა, რომელიც 5 წელი მონაწილეობდა ერაყში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციაში და ამჯერად ავღანეთში ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში სწორედ ალ- ყაიდასთან საბრძოლველად გზავნის 700-ზე მეტ სამხედროს. თუმცა, როგორც არეშიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, ამ ალოგიკურ განცხადებაში არის გზავნილი, რომელიც, შესაძლოა, მომავალი არასასურველი სცენარის ნაწილი იყოს:

“მთელი კავკასიის პერიმეტრზე ყველა გადასასვლელი და უღელტეხილი დაკავებული აქვთ რუსებს - ისეთებიც კი, რომლებიც ადრე ან ერთობლივად კონტროლდებოდა, ან საერთოდ უკონტროლო იყო. ახლა ყველაფერი ეს კონტროლირებადია, თან გადმოწეულნი არიან მაქსიმალურად მიჯრით საქართველოს ტერიტორიისკენ. სავარაუდოდ, არ არის გამორიცხული, რომ თავისი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუ ვითარება გართულდა, გარკვეული აგრესიული ნაბიჯებიც გადადგან.”

მამუკა არეშიძის თქმით, რუსეთს განსაკუთრებით აღიზიანებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის კავკასიური ვექტორის გააქტიურება და დაახლოების მცდელობა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც არ ურიგდებიან რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკას ჩრდილოეთ კავკასიაში. დამოუკიდებელი ქართული გაზეთები წერენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ემზადება შექმნას საქართველოში რუსულენოვანი სატელევიზიო არხი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას. დამოუკიდებელ გაზეთ “ასავალ-დასავალის” ინფორმაციით, პირველი კავკასიური ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი იქნება დევნილობაში მყოფი რუსი ოლიგარქი და კრემლის შეურიგებელი კრიტიკოსი ბორის ბერეზოვსკი, რომელიც ცოტა ხნის წინ, თურმე, საიდუმლო ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბორის ბერეზოვსკის საქართველოში ყოფნას არ ადასტურებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG