Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაუსხმელობის დოკუმენტის ხელმოწერა "ბრძოლის" წინ


ოპოზიციის შეხვედრა სასტუმრო რედისონში. ტრიბუნასთან ნინო ბურჯანაძე
ოპოზიციის შეხვედრა სასტუმრო რედისონში. ტრიბუნასთან ნინო ბურჯანაძე
საზოგადოებრივი მოძრაობა ”დაიცავი საქართველოს” და მისი ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის, სულ ბოლო ინციატივას, რომელიც სააკაშვილის საქართველოსგან გამიჯვნის იდეას ემყარებოდა, 14 ოქტომბერს სასტუმრო ”რედისონ-ივერიაში” მოჰყვა გაგრძელება. შეხვედრაზე ყველა იმ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიისა და საზოგადოებრიობის სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები მივიდნენ, ვისთვისაც პოლიტიკური ბრძოლის გასაგრძელებლად მთავარი მოტივაცია მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლაა. რადგან მიზნისაკენ მიმავალი გზები განსხვავდება, ამიტომ სწორედ საკუთარი მოსაზრებების ერთმანეთისთვის გაზიარება და ამ გზებზე მსჯელობა გახდა შეკრების მთავარი მიზანი.

სასტუმრო ”რედისონში” 14 ოქტომბერს ყველა იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი მივიდა, ვინც 9 აპრილს დაწყებულ ქუჩის აქციებში თვეების განმავლობაში მონაწილეობდა. მივიდნენ მათი თანამოაზრე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებიც, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ კულტურული წრეების ცნობილი სახეებიც. ოპოზიციის მთავარი მიზანი მისი უცვლელი იდეის - მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების - გარშემო გაერთიანება და ახალი ძალით ბრძოლაა. შეხვედრა, რომელიც მედიისათვის დახურული იყო, ლევან გაჩეჩილაძის განმარტებით, ემსახურება ერთადერთ მიზანს - შეთანხმდნენ მომავალი ბრძოლის ფორმებზე, რადგან, მისივე სიტყვებით, საქართველოს სახელმწიფოებრიობა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დგას. შეხვედრის პირველი ნაწილის შედეგი ე.წ. „თავდაუსხმელობის დოკუმენტი“ გახდა.

გაჩეჩილაძის თქმით, განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, პარტიები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს თავს არ დაესხმებიან. მხოლოდ ამის შემდეგ ექნება აზრი ერთობლივ ბრძოლას:

ლევან გაჩეჩილაძე (მარცხნივ)
”ყველას გვაინტერესებს რა გზები არსებობს იმისათვის, რომ გავმიჯნოთ ერთმანეთისგან სააკაშვილი და საქართველო. ამ რეჟიმის არსებობის ყველა დღე საქართველოს სახელმწიფოებრიობას უქმნის საფრთხეს. ბრძოლის ორი გზა არსებობს - აქციების და მოლაპარაკებების. ჩვენ ორივე ვცადეთ. არ წავედით მხოლოდ ძალადობაზე”...

შეხვედრაზე მივიდა ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანიაც, რომლის გზაც ხელისუფლების შესაცვლელად საზოგადოებისათვის კარგა ხნის წინ გახდა ცნობილი და ეს გზა არჩევნებია:

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ცვლილებას ქვეყანაში და სააკაშვილის გამიჯვნას მხოლოდ არჩევნების გზით. ამიტომ მთელი ძალისხმევა უნდა წარვმართოთ იმისკენ, რომ მოვიპოვოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესაძლებლობა, მივიღოთ ამ არჩევნებში მონაწილეობა და მივაღწიოთ წარმატებას.”

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები 14 ოქტომბერს აცხადებდნენ, რომ ტაქტიკა ყველა ძალას სხვადასხვა შეიძლება ჰქონდეს, თუმცა თუ მიზანი იქნება საერთო, დამოუკიდებლად მოქმედების შემთხვევაშიც კი მისი მიღწევა შესაძლებელია. ქალთა პარტიის ლიდერის გუგული მაღრაძისათვის ეს მიზანი, ძველებურად, ხელისუფლების შეცვლაა:

გუგული მაღრაძე
”ჩემთვის ეს მიზანია, ვაიძულოთ ხელისუფლება დანიშნოს თავისუფალი და ნორმალური არჩევნები. ჩემთვის ხელისუფლების შეცვლის გზა გადის არჩევნებზე.”

საზოგადოების მხარდაჭერის იმედი არ დაუკარგავს 9 აპრილის აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორს, გოგა ხაინდრავას, რომელიც აცხადებს, რომ ხალხი სააკაშვილს თავად გამოუტანს განაჩენს:

”ის პასუხისმგებლობა, რომელიც სააკაშვილს აკისრია, როგორც დამნაშავეს საკუთარი ერის წინაშე, ამ ხალხმა უნდა მოიკითხოს მისგან და ერთი წუთით არ მეპარება ეჭვი, რომ ასე მოხდება.”

მოლაპარაკებების გზა მიუღებელია „ეროვნული ფორუმისათვის“. ზეწოლა ქუჩიდან და არამხოლოდ თბილისში - აცხადებს „ეროვნული ფორუმის“ ლიდერი ირაკლი მელაშვილი:

”ჩვენი გზა არის ბრძოლის გზა და ვერანაირ გზას ვერ ვხედავ, რომ მოლაპარაკების გზით ამ ხელისუფლებასთან რამეს მივაღწევთ.”

კონსერვატორები 14 ოქტომბრის შეხვედრაზე საკუთარი ინიციატივით მივიდნენ. იდეა აქაც უცვლელია:

”ჩვენ შევთავაზეთ პოლიტიკურ პარტიებს წინასწარი არჩევნების - პრაიმერის - გზით ხელისუფლების ცვლილება.“

საზოგადოების წარმომადგენლებს კონკრეტული გეგმის მოსმენა სურდათ. სურდათ გაეგოთ, როგორ შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი გეგმა, იქნება ეს ქუჩის აქციები თუ დიალოგი ხელისუფლებასთან.

ბრძოლის გაგრძელების გზებიდან შეხვედრაზე მაინც ორი - აქციებისა და არჩევნების - გზა გამოიკვეთა. ახლა ოპოზიციას და მათ თანამოაზრეებს ამ ორ გზას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევთ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG