Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალში სამხედრო ძალები შეჰყავთ?


გალი, გამშვები პუნქტი
გალი, გამშვები პუნქტი
რუსმა სამხედროებმა გალის რაიონში 27 ოქტომბერს დამატებითი სამხედრო ძალა შეიყვანეს. ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ, 28 ოქტომბერს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
“გალის რაიონის სოფელ ჭუბურხუნჯსა და საბერიოში დაახლოებით 500 სამხედრო და მძიმე ტექნიკა შეიყვანეს. მძიმე ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში გადაადგილდებოდა “ენგურჰესის” მიმართულებით და ამ პერიმეტრზე ყველა გადასასვლელი ბილიკი მკაცრად კონტროლდება”, - აღნიშნა ბარამიამ.

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ დაახლოებით 350 რუსი სამხედრო და მძიმე ტექნიკა შეიყვანეს გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაშიც.

“რუსული სამხედრო კონტინგენტის ასეთი გაძლიერება ძალიან საგანგაშოა და არც პროვოკაციებია გამორცხული. ამ ვითარებით თავად აფხაზებიც შეშფოთებულნი არიან. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ქმედითი რეაგირება მოახდინონ კონფლიქტის ზონასა და მთლიანად აფხაზეთში შექმნილ უკიდურესად დაძაბულ ვითარებაზე. ამ ფონზე არც სამხედრო ესკალაციაა გამორიცხული”, - განაცხადა ბარამიამ.

ამის შემდეგ რადიო თავისუფლება ვითარების გარკვევას ენგურის ხიდზე აფხაზეთიდან გადმოსულ ადგილობრივებთან შეეცადა. გალის რაიონის სოფლების -ჭუბურხინჯის, საბერიოსა და დიხაზურგას - მკვიდრნი ჰყვებიან, რომ რუსეთის სამხედრო ნაწილების გადაადგილება მათ იმ მარშრუტზე, რომელსაც ისინი გადიან არ უნახავთ. მათივე თქმით, რუსი სამხედრო დანაყოფები 2009 წლის ივნისის შემდეგ ზემოთ ჩამოთვლილ სოფლებში არ ყოფილან.

რესპონდენტები ასევე ღიად ჰყვებიან, თუ ვინ დგას ამჟამად ენგურს გაღმა განთავსებულ უკანონო საგუშაგოზე. გალელი ქალბატონების თქმით, ბლოკპოსტზე აფხაზი მესაზღვრეები დგანან, რომლებსაც 100 ან 200 რუსულ რუბლს უხდიან. „სხვა განსაკუთრებული პრობლემები ჩვენ იქ არ გვექმნება. როცა ფული არ გვაქვს, ვთხოვთ და გვატარებენ. არც „აფხაზური პასპორტის“ აღებას გვაიძულებს ვინმე. წითელი, საბჭოთა კავშირის პასპორტით ვსარგებლობთ. გვითხრეს, რომ ამ დოკუმენტით სარგებლობა 2012 წლამდე შეგვიძლია, - ამბობენ ოკუპირებულ სოფლებში მცხოვრები ადამიანები.

რუსეთის საოკუპაციო ჯარების დამატებითი ტექნიკისა და ცოცხალი ძალის შეყვანას საქართველოს ვიცე-სპიკერი პაატა დავითაიაც გამოეხმაურა. „საზღვრის გამაგრება ხდება და ვფიქრობ, ეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. გალის რაიონის ტერიტორიაზე ქართული მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს, რომელთა ხმებიც აუცილებელია იმისთვის, რომ გამარჯვება ბაღაფშმა მოიპოვოს. დამატებით შეიარაღებას რუსი სამხედროები ქართულ მოსახლეობაზე ზეწოლისთვის გამოიყენებენ“, - აცხადებს პაატა დავითაია.
XS
SM
MD
LG