Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი აშშ-ის კონგრესში: „გერმანელებმა ვიცით, რამდენს გიმადლით ამერიკელ მეგობრებს“


გერმანიის კანცლერი (წინა პლანზე) აშშ-ის კონგრესში
გერმანიის კანცლერი (წინა პლანზე) აშშ-ის კონგრესში
რამდენიმე დღეში, 9 ნოემბერს ბერლინის კედლის დაცემის 20-ე წლისთავი აღინიშნება. სწორედ ამ თარიღს უკავშირდება აშშ-ის კონგრესში გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის გამოსვლა, რომლის დროსაც მან მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს გერმანიის გაერთიანებაში შეტანილი წვლილისთვის. „ჩვენ, გერმანელებმა ვიცით, რამდენს გიმადლით თქვენ, ამერიკელ მეგობრებს. ამას არასოდეს დაგივიწყებთო“, განაცხადა მერკელმა.

ანგელა მერკელი გერმანიის პირველი კანცლერია, რომელსაც კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლის შესაძლებლობა მიეცა. მანამდე კონგრესში მხოლოდ კანცლერი კონრად ადენაუერი იყო გამოსული, ოღონდ ორ პალატაში ცალ-ცალკე, ჯერ კიდევ 1957 წელს. მაშინ გერმანია უკვე გაყოფილი იყო, თუმცა კედელი ჯერ არ აღემართათ. ახლა კი, როცა ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, 20 წელია გასული, მერკელმა ამერიკელ კონგრესმენებს „სხვა კედლების“ დანგრევისაკენ მოუწოდა.

დღევანდელმა თაობამ, თქვა მერკელმა, უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია გამკლავება 21-ე საუკუნის გამოწვევებთან. მერკელმა „კედლის“ მეტაფორა გამოიყენა სწორედ დღევანდელ გამოწვევებზე, გლობალურ პრობლემებზე საუბრისას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამ თემას: ირანს, ავღანეთსა და კლიმატურ ცვლილებებს.

მერკელის განცხადებით, გერმანიისთვის მიუღებელია ატომური იარაღი ირანის ხელში: „ატომური იარაღი ირანის პრეზიდენტის ხელში, რომელიც უარყოფს ჰოლოკოსტს, ემუქრება ისრაელსა და უარყოფს ისრაელის არსებობის უფლებას, დაუშვებელია“.

ამ სიტყვებს ამერიკელი კონგრესმენების მქუხარე ტაში მოჰყვა, ისინი ფეხზე წამოდგნენ, რაც, სხვათა შორის, არაერთხელ განმეორდა გერმანიის კანცლერის გამოსვლის დროს. ობამას ადმინისტრაცია ბერლინს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს მოთხოვნას ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ, თუ ირანი უარს იტყვის საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნაზე ბირთვული პროგრამის შეზღუდვის შესახებ. გერმანიის რეაქცია ამ მოწოდებაზე დადებითია.

ავღანეთთან დაკავშირებით მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია განაგრძობს ავღანეთში სტაბილიზაციისაკენ მიმართულ ძალისხმევას შეერთებულ შტატებთან ერთად. ამასთან, ბერლინს საბოლოო მიზნად მიაჩნია პასუხისგმებლობის დაკისრება თვით ავღანელებისთვის.

რაც შეეხება შეერთებული შტატების კონგრესში მერკელის გამოსვლის კიდევ ერთ, დიდ თემას - კლიმატური ცვლილების პრობლემას, აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ კონგრესში გამოსვლამდე გერმანიის კანცლერი ამ საკითხზე ესაუბრა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას, რომელმაც შეაქო მერკელი როლისთივს გლობალური დათბობის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევაში. „კანცლერი მერკელი შესანიშნავი ლიდერია კლიმატური ცვლილების საკითხებში“, განაცხადა ბარაკ ობამამ და გამოთქვა იმედი, რომ შეერთებული შტატები და გერმანია სხვა ქვეყნებთან ერთად წარმატებით იმუშავებენ, რათა მსოფლიოს არ დაატყდეს „პოტენციური კატასტროფა“, რომელიც შესაძლოა მოხდეს, თუ გლობალური დათბობა არ შენელდა.

გლობალური დათბობის წინააღმდეგ ზომების მიღების აუცილებლობაზე გერმანიის კანცლერმაც მიუთითა კონგრესში გამოსვლისას. მან ისაუბრა ერთსულოვნების მიღწევის აუცილებლობაზე კოპენჰაგენში, სადაც მომავალ თვეში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია კლიმატური ცვლილების საკითხებზე.

„შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ ერთი მიზნის გარშემო: გლობალურმა დათბობამ 2 გრადუსს არ უნდა გადააჭარბოს! საამისოდ საჭიროა ყველა ქვეყნის მზადყოფნა, იკისროს საერთაშორისო ვალდებულებები, რომელთა დაცვაც აუცილებელია“, განაცხადა მერკელმა.

ბერლინის კედლის დაცემის 20-ე წლისთავზე, ისევ „კედლის“ მეტაფორის მოშველიებით, მერკელმა დასძინა, რომ ვინც მიზანშეწონილად მიიჩნევს კლიმატის შესახებ ხელშეკრულების გადადებას, აშენებს 21-ე საუკუნის კედელს: კედელს აწმყოსა და მომავალს შორის.
XS
SM
MD
LG