Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტირძნისელ მოზარდებს ტერორიზმში ადანაშაულებენ


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დროშა, ცხინვალი
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დროშა, ცხინვალი
პირველი ინფორმაცია გუშინ, 24:00 საათისთვის, ოსურ საინფორმაციო სააგენტო „ოსინფორმზე“ გაჩნდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ცხინვალში დაკავებულია საქართველოს ოთხი მოქალაქე, რომლებიც ტერორისტული აქტის მომზადებაში არიან ეჭვმიტანილნი. ქართველები დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცხინვალში, სახალხო ერთობის დღესასწაულის დროს დააკავეს.

დღეს დილით კი, რუსულმა საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსმა“, დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცხინვალში საქართველოს ოთხი არასრულწლოვანი მოქალაქეა დაკავებული და რომ მათ ხელყუმბარები და ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩნდათ. მოგვიანებით დადგინდა, რომ ოთხივე გორის რაიონის სოფელ ტირძნისის მკვიდრია და დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონოდ შეაღწიეს. ცხინვალელი სამართალდამცავები იუწყებიან, რომ მათგან ამოღებულია ოთხი ხელყუმბარა და ასაფეთქებელი მოწყობილობა.

თავდაპირველად, რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა განაცხადა, რომ ტირძნისიდან არასრულწლოვანების გაუჩინარების გამო მათთვის არავის მიუმართავს. პოლიციამ მხოლოდ ის დაადგინა, რომ ერთი ტირძნისელი მოზარდი ცხინვალში მცხოვრებ მამასთან ხშირად გადადიოდა ხოლმე.

მოგვიანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ტირძნისის საშუალო სკოლის მოსწავლეების გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა და მათი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლება მოითხოვა. სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, ნაშუადღევს სოფელ ტირძნისის საშუალო სკოლის მოსწავლეები: 14 წლის გიორგი რომელაშვილი, 14 წლის ალეკო ცაბაძე, 16 წლის ვიქტორ ბუჩუკური და 17 წლის ლევან ხმიადაშვილი გორის რაიონის სოფელ ტირძნისის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგნენ.

შესაძლოა, მოსწავლეები დაკავებულნი იყვნენ ცხინვალში, როგორც ამას სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადება ადასტურებს, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ნიკა გვარამიამ. მან არასრულწლოვანებს ”გატაცებულები” უწოდა და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

სადღესასწაულო დღეებში, დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას, ძალოვანი უწყებები ტრადიციულად განსაკუთრებულ რეჟიმში გადაჰყავს და ქართული მხრიდან მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აკეთებს პროგნოზებს.

ოსური მხარის ბრალდებებს ქართული მხარე აბსურდულად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG