Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელი ისტორიკოსი ბრიტანეთის დაზვერვის ისტორიაზე საუბრობს


კრისტოფერ ენდრიუ, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი
კრისტოფერ ენდრიუ, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი
კემბრიჯის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორმა კრისტოფერ ენდრიუმ ახლახან ბრიტანეთის დაზვერვის საშინაო დანაყოფის - „MI 5”-ის ან საიდუმლო სამსახურის - ისტორიის შესახებ პირველი წიგნი გამოაქვეყნა, რომელსაც „სამეფოს დაცვა“ ჰქვია. წიგნის წერის პროცესში ისტორიკოსმა ბევრი იმუშავა „MI 5”-ის არქივებში, თუმცა მათი ნაწილი მისთვის დახურული დარჩა. ისტორიკოსს ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა, აჰტო ლობიაკასმა, ახლახან ინტერვიუ ჩამოართვა.

რას თვლით ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურის მთავარ მარცხად ცივი ომის პერიოდში? - ეს იყო პირველი შეკითხვა, რომელიც ჩვენმა კორესპონდენტმა ბრიტანელ ისტორიკოსს დაუსვა. როგორც აღმოჩნდა, კრისტოფერ ენდრიუ ასეთად მიიჩნევს მეორე მსოფლიო ომის დროს და ადრეულ 1950-იან წლებში საბჭოთა კავშირის ჯაშუშების - კემბრიჯელთა ხუთეულად ცნობილი ჯგუფის - გამოაშკარავების დაგვიანებას:

„ჩემი აზრით, ეს ის დიდი დრო იყო, რომელიც ჩემს უნივერსიტეტში ხუთი მთავარი ჯაშუშის გამოვლენას დასჭირდა. ბედის ირონიაა, რომ „MI 5”-ის ისტორიის დაწერა სწორედ კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორს დამევალა. მოკლედ, ეს ის ხუთეული იყო - „შესანიშნავი ხუთეული“, როგორც მას კაგებემ ან კაგებეს ზოგიერთმა წევრმა უწოდა მას შემდეგ, რაც 1960 წელს ეკრანებზე „შესანიშნავი შვიდეული“ გამოვიდა. მათ ვესტერნები ძალიან მოსწონდათ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ბრიტანეთის მთავრობას მეორე მსოფლიო ომამდე შემოწმების სისტემა არ ჰქონდა და ამ პირებმა შეღწევა შეძლეს. მაგრამ საიდუმლო სამსახურის გამოძიებასაც ბევრი მნიშვნელოვანი გარემოება გამორჩა.“

როგორი იყო „კემბრიჯის ხუთეულის“ გავლენა ცივი ომის მიმდინარეობაზე? - ვკითხეთ კრისტოფერ ენდრიუს:

„ერთ-ერთი გარემოება, რომელიც ღალატს ყოველთვის მოაქვს, ძალიან ძნელი გასათვლელია. საუბარია უნდობლობის გაჩენაზე, რასაც გრძელვადიანი გამხრწნელი ეფექტი აქვს. სხვა მხრივ საქმე მარტივადაა - მათ მთავარი ზიანი ბრიტანეთს კი არა, აღმოსავლეთ ევროპას მიაყენეს. ამასთან, ხუთეულის წევრების გამო ხალხი დაიხოცა - ისინი მოკლეს ან, ზოგიერთ შემთხვევაში, წამებით ამოხადეს სული. ეს ამბავი რომ არა, მათ ასეთი საშინელი ბედი არ ეწეოდათ.“

ბრიტანელ ისტორიკოსს ვკითხეთ, შეიძლება თუ არა იმის ზუსტად განსაზღვრა, თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა კემბრიჯელთა ხუთეულის ქმედებებს:

„არა, არა, არა. ვფიქრობ, ამის გამოთვლა ყოველთვის ძალიან რთულია. როცა აგენტთა ქსელებს აანალიზებ, - მაგალითად, „ტყის ძმებს“ ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში, - ერთი აგენტის შეპყრობას ან მასზე ეჭვის მიტანას ფართო შედეგები მოაქვს ოჯახისა და მეგობრებისთვის. ამდენად, შესაძლებელი რომც იყოს იმ ადამიანების რაოდენობის ზუსტი განსაზღვრა, რომლებიც დაიხოცნენ ან რომლებსაც ცხოვრება დაენგრათ კემბრიჯელი ხუთეულის გამო, ამ რაოდენობაში გათვალისწინებული არ იქნებოდა ის დამატებითი ეფექტი, რაც მათ ოჯახებისა და მეგობრების მიმართ ეჭვების გაჩენამ და მათზე ზეწოლამ მოახდინა.“

ამის შემდეგ ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურის ისტორიის ავტორ ანალიტიკოსს შედარებით ზოგადი ხასიათის შეკითხვა დავუსვით: უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში უშიშროების სამსახური ქვეყნის შიგნით მოქმედ ჯაშუშებთან დაკავშირებით ისე ინტენსიურად აღარ მუშაობს, როგორც კონტრტერორიზმის მიმართულებით. რა არის ამის მიზეზი?

„დიახ, ეს ასეა. და ეს ცვლილება შედარებით სწრაფად მოხდა. „MI 5” ზუსტად 100 წლის წინ დაარსდა, მხოლოდ და მხოლოდ როგორც კონტრდაზვერვის ქსელი. დღესდღეობით - მეასე წლისთავზე - ის კონტრდაზვერვას საკუთარი რესურსების მხოლოდ 3.5 პროცენტს ახარჯავს. დაზვერვა კვლავაც ხდება, მაგრამ, მაგალითად, რუსეთის მხრიდან წარმოებული დაზვერვა დღეს, ცივი ომის დასრულების შემდეგ, სახელმწიფოს ინტერესებისთვის აღარ არის ისე საშიში, როგორც მაშინ, როცა ბევრი სვამდა შეკითხვას, ცივი ომი ცხელ ომად ხომ არ გადაიქცევაო.“

კრისტოფერ ენდრიუს აზრით, ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ საიდუმლო სამსახურის მუშაობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ლონდონიდან ჩრდილოეთ ამერიკაში მიმავალ თვითმფრინავებზე ტერორისტული აქტების აღკვეთა იყო:

„ამას ყველაზე დიდი წარმატება მოჰყვა სექტემბერში, რაც ბრიტანეთის 11 სექტემბერი იქნებოდა. არსებობდა გეგმა თვითმკვლელი მოიერიშეების ჩასმის შესახებ შვიდ თვითმფრინავში, რომლებიც ჰითროუს აეროპორტიდან მიფრინავდნენ ჩრდილოეთ ამერიკის ქალაქებისკენ - ხუთი ქალაქი შეერთებულ შტატებში იყო, ორიც კანადაში. თვითმფრინავები შუა გზაზე უნდა აეფეთქებინათ - ან ატლანტის ოკეანის, ან ჩრდილოეთ ამერიკის დიდი ქალაქების თავზე. მეთოდი, რომლითაც ამის გაკეთება სურდათ, საკმაოდ რეალისტური იყო. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში „MI 5”-მა დიდი საქმე გააკეთა - შესაძლოა, იმაზე დიდიც, რაც ირლანდიის რესპუბლიკური არმიის, IRA-ს მიერ ლონდონში წარმოებულ კამპანიაში გასწია 1990-იან წლებში.“

სხვადასხვა ტერორისტული ქსელის მიერ შექმნილი საფრთხის ფონზე, რუსეთი, ალბათ, საშიშროებად აღარ განიხილება, - ვკითხეთ კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორს:

„საქმე მხოლოდ „MI 5”-ს არ ეხება. უსაფრთხოებისა და დაზვერვის საპარლამენტო კომისიის შეფასებით, ბრიტანეთში ყველაზე ინტენსიურ სადაზვერვო სამუშაოს რუსეთის ფედერაცია და ჩინეთი ახორციელებენ. მაგრამ დაზვერვით შექმნილი საფრთხე რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული - მათ შორის, საერთაშორისო კლიმატზე. თუ თქვენ გზვერავთ ძალა, რომელსაც ეომებით, - ან, შესაძლოა, მომავალში ეომოთ, - მაშინ საქმე სერიოზულ საფრთხესთან გვაქვს. დღესდღეობით კი როგორც რუსეთთან, ისე ჩინეთთან ომის ალბათობა ძალზე მცირეა. ამდენად, კარგი კი იქნებოდა მათ თავიანთი სადაზვერვო სამუშაოების მასშტაბი შეემცირებინათ, მაგრამ ახლა ამით ისეთი საფრთხე არ გვექმნება, როგორიც ცივი ომის დროს.“

ბრიტანეთში უკანასკნელ წლებში მომხდარ ჯაშუშურ სკანდალებს შორის ყველაზე ხმაურიანი, ალბათ, რუსეთის უშიშროების ყოფილი აგენტისა და კრემლის ცნობილი კრიტიკოსის, ალექსანდრ ლიტვინენკოს, მოწამვლა იყო 2006 წელს. კრისტოფერ ენდრიუს ვკითხეთ, ასეთი შემთხვევები რამდენად ვნებს MI 5-ის რეპუტაციას:

„ზოგადად რომ ვთქვათ, ამ კონკრეტულ საქმეს რომ არ შევეხოთ, მსოფლიოში არც ერთ უშიშროების სამსახურს არ შეუძლია ვინმეს სხვა ადამიანის მოწამვლაში ხელი შეუშალოს. ამ საკითხზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ უკანასკნელ დროს მომხდარ უცნაურ შემთხვევებს შორის არის, მაგალითად, [უკრაინის პრეზიდენტ] ვიქტორ იუშჩენკოს საქმე. მან ხომ საჯაროდ დასდო ბრალი რუსეთის უშიშროებას, რომ ის მონაწილეობდა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების წინ მის თითქმის სასიკვდილოდ მოწამვლაში და მფარველობს პირს, რომელიც, მისი თქმით, ამის მთავარი მონაწილე იყო. ცივი ომის ბოლოს ვფიქრობდი, რომ ასეთი მოვლენები აღარ მოხდებოდა, მაგრამ ახლა ამაში დარწმუნებული აღარ ვარ.“

ბოლო წლებში დასავლეთის ქვეყნებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა პიროვნული და სამოქალაქო თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვის ურთიერთმიმართების საკითხი. უფლებადამცველები ხშირად პროტესტს გამოთქვამენ, რომ უსაფრთხოების დაცვის საბაბით სახელმწიფო მოქალაქეების თავისუფლებას ზღუდავს. ბოლო შეკითხვა ბრიტანელ ისტორიკოსს სწორედ ამის შესახებ დავუსვით. მისი პასუხი შემდეგი იყო:

„თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის ბალანსის პრობლემა ყოველმა თაობამ თავისთვის უნდა განსაზღვროს. არ არსებობს მოდელი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდეს. ზოგადად რომ ვთქვათ, რაც უფრო დიდია საფრთხე, მით უფრო შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხალხი შეურიგდება დაკვირვების მასშტაბს იმ ინდივიდებზე, ვისზეც საფუძვლიანი ეჭვი არსებობს. ბრიტანეთში დაკვირვების ნებისმიერ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვაა აუცილებელი და ამ სისტემას საკმაოდ მკაცრად იცავენ.“
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG