Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში დაკავებული ოთხი ქართველი არასრულწლოვნის ბედი ისევ გაურკვეველია


ცხინვალში დაკავებული ოთხი ქართველი არასრულწლოვნის ბედი ისევ გაურკვეველია. როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა განუცხადა, მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები ქართულ მხარესთან კონტაქტზე არ გამოდიან, შესაბამისად, არასრულწლოვნების სასამართლოს ან სხვა რაიმე დეტალის შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ. შიდა ქართლის გუბერნატორის ვლადიმერ ვარძელაშვილის განცხადებით ახალი ინფორმაციის მიღებას იგი შაბათს რუსული ჯარის სარდლობისგან ელოდა, მაგრამ ამ თარიღმა ორშაბათამდე გადაიწია.

ოსური მხარის მტკიცებით, რუსმა მესაზღვრეებმა და ცხინვალის მილიციის თანამშრომლებმა ტირძნისის სკოლის მოსწავლეები: გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი 4 ნოემბერს ცხინვალი–ხეითის გზაზე დააკავეს და მათ ხელყუმბარები და ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოუჩინეს. საქართველოს ხელისუფლება არასრულწლოვანებს ოკუპანტებისა და სეპარატისტების მიერ გატაცებულებად მიიჩნევს და მათ დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. ქართულმა მხარემ საერთაშორისო მისიებს ბავშვების გათავისუფლების საკითხში აქტიურობისკენ მოუწოდა. კვირას ტირძნისელი მოსწავლეების დაკავების ფაქტს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოფელ საქაშეთიდან გამოეხმაურა, სადაც თურქეთის მთავრობის მიერ აშენებული კოტეჯების, დევნილებისთვის გადაცემის ცერემონიალს დაესწრო. პრეზიდენტმა არასრულწლოვანების დაკავებისთვის პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას დააკისრა.

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციის კომიტეტის ცნობით მოზარდების საქმეზე სასამართლო განხილვა გაიმართება. თუმცა, ცხინვალში განხილვის დროს არ აზუსტებენ. რადიო „თავისუფლება“ ცხინვალში გაზეთ „21–ე საუკუნის“ რედაქტორს თემურ ცხოვრებოვს დაუკავშირდა, რომელიც არასრულწლოვანების მონახულებას ცხინვალის იზოლატორში ორშაბათს შეეცდება. ცხოვრებოვის ვარაუდით მოსწავლეების სასამართლო უახლოეს დროში ვერ გაიმართება.

ტირძნისელი მოსწავლეების დაკავების მეორე დღესვე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცხინვალელ კოლეგებს მიმართვა გაუგზავნეს და ბავშვების გათავისუფლების საქმეში დახმარება სთხოვეს. არასამთავრობო ორგანიზაციის „მეგობრობის ხიდის–ქართლოსის“ თავმჯდომერემ მეგი ბიბილურმა ცხინვალიდან საპასუხო წერილი მიიღო, მას რამდენიმე ოსური არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ჰპირდება რომ დაკავებულების ამჟამინდელი მდგომარეობით აუცილებლად დაინტერესდებიან.

ახლა ტირძნისშიც, საქართველოს ხელისუფლებაშიც და არასამთავრობო სექტორშიც ორშაბათის დადგომას და ცხინვალიდან ახალი ინფორმაციის მიღებას ელოდებია.

11 ნოემბერს ჟენევაში მხარეებს შორის დისკუსიების მორიგი რაუნდი გაიმართება , სადაც როგორც ერთ ისე მეორე მხარეს დაკავებული და უგზო–უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების საკითხს განიხილავენ.
XS
SM
MD
LG