Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუამის საპარლამენტო ასამბლეა თბილისში


სუამის საპარლამენტო ასამბლეა თბილისში
სუამის საპარლამენტო ასამბლეა თბილისში
დღეს თბილისში მუშაობას შეუდგა საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდავეთის საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია სუამის საპარლამენტო ასამბლეის მეოთხე სხდომა, რომელშიც, სუამის წევრი სახელმწიფოების საპარლამენტო დელეგაციების გარდა, მონაწილეობას ღებულობენ ბალტიის საპარლამენტო ასამბლეა და პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის დელეგაცია. სუამის საპარლამენტო ასამბლეის მეოთხე სხდომის დისკუსიის საგანია: სუამის გეოპოლიტიკური გარემო, სუამის სივრცეში არსებული კონფლიქტები და მათი გავლენა საერთაშორისო მშვიდობაზე, ევროკავშირთან სუამის თანამშრომლობის პერსპექტივები, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და სხვ. სუამის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა ორ დღეს გასტანს.

სუამის საპარლამენტო ასამბლეის გაფართოებულ სხდომას სუამის წევრი სახელმწიფოებიდან წარმომადგენლობითი დელეგაციებით ესწრებიან საქართველო, აზერბაიჯანი და უკრაინა. სხდომაზე მოლდავეთს ერთი დელეგატი, კერძოდ, საქართველოში მოლდავეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იონ რიბუ წარმოადგენს. ამის მიზეზი ისაა, რომ მოლდავეთის პარლამენტი 10 ნოემბერს პრეზიდენტს ირჩევს და, შესაბამისად, საპარლამენტო დელეგაციამ თბილისში ჩამოსვლა ვერ შეძლო. სხვათა შორის, ერთ-ერთი რეზოლუცია, რომელიც 9 ნოემბერს სუამის საპარლამენტო ასამბლეის სხდომამ მიიღო, საპრეზიდენტო არჩევნებს - კერძოდ, უკრაინაში რამდენიმე თვეში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებს - უკავშირდება. თბილისში საპარლამენტო ასამბლეის სხდომამ დააკმაყოფილა უკრაინის „ვერხოვნი რადას“ მიმართვა და სუამის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას არჩევნებში დამკვირვებლის მანდატით მონაწილეობის უფლება მისცა. კიდევ ერთი რეზოლუცია, რომელიც საპარლამენტო ასამბლეამ 9 ნოემბერს მიიღო, საპარლამენტო ასამბლეის შიგნით მოქმედი კომიტეტების ფუნქციების განსაზღვრა იყო. აქამდე მოქმედ 3 კომიტეტს - იურიდიულ საკითხთა და რეგიონალური თანამშრომლობის, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობისა და კულტურის კომიტეტებს - მეოთხე, რეგიონალური უსაფრთხოების, კომიტეტი დაემატა. როგორც სუამის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ და საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ვანო ხუხუნაიშვილმა გვითხრა, სუამის საპარლამენტო კომპონენტის გაძლიერება ხელს შეუწყობს წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და თავად სუამის ინსტიტუციურ სრულყოფას:

„საპარლამენტი კომპონენტი ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული კომპონენტია ასეთ ურთიერთობებში. ინსტიტუციურად ძლიერი სუამი კი ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებთან ჩვენი დაახლოების ქმედითი მექანიზმი გახდება.“

ევროკავშირსა და ნატოსთან - ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან - თანამშრომლობის მიმართულებით სუამის აქტიური პოლიტიკა გულისხმობს „სუამი პლუსის“ ფარგლებში თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩეხეთთან, იაპონიასა და პოლონეთთან.

„რაც შეეხება საპარლამენტო განზომილებას, ძალიან მოხარული ვარ, რომ ბალტიის ასამბლეისა და პოლონეთის სეიმის მხრიდან არის ასეთი სერიოზული ინტერესი საპარლამენტო ასამბლეის მიმართ“, - ამბობს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამის გენერალური მდივანი ვალერი ჩეჩელაშვილი.

სუამის საპარლამენტო ასამბლეის უკრაინის „ვერხოვნა რადას“ მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ანატოლი მატვიენკო კი განმარტავს, რომ რუსეთის მხრიდან სუამის მიმართ არსებული კონფრონტაციული და, შეიძლება ითქვას, ეჭვიანი დამოკიდებულების მიუხედავად, საერთაშორისო ორგანიზაცია თავის ფუნქციას ასრულებს.

“ მე ვფიქრობ, რომ სუამის შექმნის ინიციატივიდან გასული 12, უშუალოდ ორგანიზაციის შექმნიდან გასული 9 და საპარლამენტო ასამბლეის შექმნიდან გასული 5 წლის შემდეგ, ჩვენ ვხვდებით, რომ რეგიონალური თანამშრომლობა, ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში, მნიშვნელოვანია. ის, რაც რუსეთ-საქართველოს შორის გასულ წელს მოხდა, საშინელებაა. მე ვფიქრობ, ეს სუამის პრობლემაცაა, ეს ერთგვარი გაფრთხილებაა და ჩვენ საფრთხეს ერთად უნდა დავაღწიოთ თავი. ერთად ჩვენ უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით.“

რეგიონალური უსაფრთხოება, კონფლიქტების მოგვარება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და ეკონომიკური კრიზისის დაძლევა, ანატოლი მატვიენკოს დარად, სუამის ფარგლებში ერთიანი ფრონტით უფრო იოლად ეჩვენება საქართველოს პარლამენტის დეპუტატს აკაკი მინაშვილს, ვიდრე დამოუკიდებლად.

„სუამი არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც შეიძლება დავძლიოთ ეს პრობლემები ამ ქვეყნების მასშტაბით. შეხვედრებზე ჩვენ დავსახავთ გეგმებს, როგორ უნდა ვიმოქმედოთ.“

სუამის გეგმებზე საუბარი 10 ნოემბერსაც გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG