Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის 27 ელჩი საქართველოშია


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისში დღეს ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის წარმომადგენლების პრესკონფერენცია გაიმართა. დღეს გამთენიისას საქართველოს სამუშაო ვიზიტით ევროკავშირის 27 ელჩი ესტურმა. მათ დღეს წეროვანში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები, ოძისის გამშვები პუნქტი და ვაზიანის სამხედრო ბაზა მოინახულეს. დღევანდელი დღის შედეგები კომიტეტის წარმომადგენლებმა სადამკვირვებლო მისიის ოფისში შეაჯამეს.

12 ნოემბერს ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის 27 ელჩი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. დიპლომატები დილიდანვე სამ ჯგუფად გაიყვნენ - მათ მოინახულეს წეროვანში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები, ოძისის გამშვები პუნქტი და ვაზიანის სამხედრო ბაზა.

პირველი დღის შედეგები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათავო ოფისში პრესკონფერენციაზე შეჯამდა, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა და შვედეთის ელჩმა ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში ოლოფ სკუგმა გამართეს.

დიპლომატების ვიზიტის მიზეზზე ისაუბრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა: “ვიზიტის მიზანია გავეცნოთ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშობას და, რა თქმა უნდა, ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ისიცაა, რომ საქართველოს პოლიტიკური სიტუაცია გავარკვიოთ.”

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ გადაწყდა ამ ეტაპზე 27 დიპლომატის საქართველოში ვიზიტი, განაცხადა ოლოფ სკუგმა, შვედეთის ელჩმა ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში. როგორც მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ის პირველი დღის შედეგებით და სადამკვირვებლო მისიის მუშაობით კმაყოფილია, ხოლო რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციას, კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება: ”მართლაც მოხიბლული ვარ იმ სამუშაოთი, რასაც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასრულებს. მისია სრულად არის მიმართული იმისკენ, რომ, აგვისტოს ომის შემდეგ, ქვეყანაში შეიქმნას სტაბილური მდგომარეობა. რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობას, ამაზე საუბარი დღეს ნაადრევია, რადგან ეს ჩვენი ვიზიტის პირველი დღეა და უფრო კონკრეტულ კომენტარებს ხვალ მას შემდეგ გავაკეთებთ, რაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შევხვდებით.”

რადიო თავისუფლების შეკითხვას, თუ როგორ აპირებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მონახოს გამოსავალი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საადმკვირვებლო მისიის მუშაობასთან დაკავშირებით, შვედეთის ელჩმა ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში ოლოფ სკუგმა შემდეგი უპასუხა: “ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მართლაც მოხიბლულები ვართ იმით, რა სამუშაოსაც სადამკვირვებლო მისია ასრულებს, თუმცა პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მისია დაკისრებულ მანდატს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვერ ახორციელებს. მართლაც დიდი პრობლემაა, რომ არა გვაქვს შესაძლებლობა, გავარკვიოთ რა ხდება რეალურად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. და ეს პრობლემა კიდევ უფრო გართულდა მას შემდეგ, რაც ეუთოსა და ევროკავშირს მოესპოთ საშუალება იმუშაონ აღნიშნულ ტერიტორიებზე.”

ოლოფ სკუგის განცხადებით, ევროკავშირი მუდმივად ცდილობს გამოსწოროს ეს სიტუაცია. ისინი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პერმანენტულ მოლაპარაკებებს მართავენ რუსეთთან და მას იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს.

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს ტირძნისელი მოზარდების გატაცების გამო და მხარეებს აღნიშნული პრობლემის მიგვარებისაკენ მოუწოდეს.

უკვე ხვალიდან სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება ოფიციალური შეხვედრები სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. მოგვიანებით კი დაგეგმილია ლანჩი საქართველოს პრეზიდენტთან.

საქართველოს ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის 27 ელჩი საქართველოს 14 ნოემბერს დატოვებს.
XS
SM
MD
LG