Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის დელეგაციები თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში


სერგეი მასკევიჩი (მარცხნივ), ბელორუსიის ეროვნული კრების დელეგაციის ხელმძღვანელი და დავით ბაქრაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
სერგეი მასკევიჩი (მარცხნივ), ბელორუსიის ეროვნული კრების დელეგაციის ხელმძღვანელი და დავით ბაქრაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ბელორუსიის რესპუბლიკის ეროვნული კრების წარმომადგენლობითი პალატის დელეგაცია იმყოფება. პარალელურად ბელორუსი დეპუტატები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებსაც სტუმრობენ. დელეგაციის ხელმძღვანელი სერგეი მასკევიჩი არ მალავს, რომ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იმ სახის ინფორმაციის შეგროვებაა, რომელიც ბელურუსიის მთავრობას საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებს.

ბელორუსიის რესპუბლიკის ეროვნული კრების წარმომადგენლები თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში კოლეგა დეპუტუტებს, მთავრობისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ. თბილისის ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ დელეგაციის ხელმძღვანელმა, ბელორუსიის ეროვნული კრების წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარემ სერგეი მასკევიჩმა განაცხადა, რომ ოფიციალური მინსკი არ ჩქარობს საქართველოს რეგიონებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას და რომ მიმდინარე ვიზიტიც საკითხის შესწავლის ერთ-ერთი ეტაპია.

სერგეი მასკევიჩსა და დელეგაციის სხვა წევრებს 18 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც შეხვდა. დავით ბაქრაძემ ბელორუსი დეპუტატების ვიზიტის მნიშვნელობაზე ილაპარაკა, მისიას დელიკატური უწოდა და გამოთქვა იმედი, რომ მინსკელ კოლეგებს სწორი გადაწყვეტილების მიღება არ გაუჭირდებათ:

სერგეი მასკევიჩი, ბელორუსიის ეროვნული კრების დელეგაციის ხელმძღვანელი
„ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად დავარწმუნოთ ისინი ქართული მხარის სიმართლეში და დავარწმუნოთ, რომ აქ არ დგას საკითხი საქართველოსა და რუსეთს შორის არჩევანის გაკეთებაზე - აქ დგას საკითხი კანონიერებასა და უკანონობას შორის, მშვიდობასა და ძალადობას შორის. თუ ისინი დაინახავენ, რომ ქართული მხარე დგას საერთაშორისო სამართლის და სიმართლის პრინციპების მხარეს, მათთვის ბევრად უფრო ადვილი იქნება იმ არჩევანის გაკეთება, რომელსაც, საბოლოოდ, ბელორუსია გააკეთებს.“

არჩევანის გაკეთებას, თუმცა სულ სხვა ტონალობაში, ბელორუსიის ხელისუფლებას ოფიციალური მოსკოვიც ურჩევდა. რუსეთის მედიაში გავრცელებული ცნობით, მინსკს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების სანაცვლოდ 500 მილიონი დოლარის კრედიტი უნდა მიეღო, თუმცა ბელორუსიამ არ იჩქარა. პოლიტიკის ექსპერტთა ვარაუდით, პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ანგარიში გაუწია ევროკავშირის პოზიციას. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილიც ამბობს, რომ მინსკს რთულ ვითარებაში უხდება არჩევანის გაკეთება:

„ხორციელდება სერიოზული ზეწოლა რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომ მათ აღიარონ ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ერთეულებად, ბელორუსია კი ცდილობს დიპლომატიურ მანევრებს მიმართოს იმის გამო, რომ მძიმე გადაწყვეტილებების მიღება არ მოუწიოს“, - განაცხადა თემურ იაკობაშვილმა.

მინსკი რომ მძიმე გადაწყვეტილების მიღებას გაურბის, ამაზე პოლიტიკის ექსპერტებიც ლაპარაკობენ, თუმცა, თორნიკე შარაშენიძის თქმით, თბილისში სტუმრობა იმის მანიშნებელია, რომ ბელორუსია ამ ეტაპზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას არ აპირებს:

თორნიკე შარაშენიძე
„ბელორუსია ცდილობს რუსეთთანაც დაალაგოს ურთიერთობა და ევროკავშირთანაც შეინარჩუნოს პარტნიორული დამოკიდებულება. ასე რომ არ იყოს, აღიარებას რომ აპირებდნენ, თბილისში არ ჩამოვიდოდნენ. ბელორუსიას ახლა წმინდა წყლის ეკონომიკური პრობლემები აქვს: რუსეთმა გაუძვირა გაზის საფასური, ეკონომიკურმა კრიზისმაც საგრძნობლად დააზარალა. ბელორუსიის ხელისუფლება ცდილობს ქვეყანას უშოვოს დამატებითი შემოსავალი ორი მხრიდან - რუსეთიდან და ევროკავშირიდან. შესაბამისად, ორივესთან მიდის მოლაპარაკება და აღიარების საკითხიც არის ვაჭრობის საგანი“, - უთხრა თორნიკე შარაშენიძემ რადიო თავისუფლებას.

ვაჭრობას და ეკონომიკური ხასიათის პრობლემების გადაჭრას ბელორუსია მხოლოდ რუსეთისა და ევროკავშირის დახმარებით როდი ცდილობს. სულ ცოტა ხნის წინ თბილისს ბელორუსიის ბიზნეს-ელიტა სტუმრობდა. ეკონომიკის ექსპერტის ნიკო მჭედლიშვილის თქმით, საქართველო-ბელორუსიის ბიზნეს-ფორუმზე ნათლად გამოჩნდა, რომ რუსეთთან გართულებული ურთიერთობის გამო მინსკი გასაღების ახალი ბაზრების ძიებაშია და საქართველო მინსკისთვის ამ მხრივაცაა საინტერესო:

„ჩვენ ვყიდულობთ ბელორუსიისგან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას და ეს ორივე ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფორუმზე ასევე ითქვა, რომ საქართველო მინსკისთვის საინტერესოა როგორც რძის პროდუქტების გასაღების ბაზარი. რუსეთთან შედარებით, საქართველო პატარა ბაზარია, მაგრამ აშკარაა, რომ რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ, ბელორუსია ცდილობს გასაღების ბაზრების დივერსიფიცირებას. ამასთან, მინსკისთვის საინტერესოა საქართველოს პორტებიც, საიდანაც მათი ტექნიკა შუა აზიის ბაზარზე გადის.“

ჯერჯერობით უცნობია, რა სახის ურთიერთობას დაამყარებს ბელორუსია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებთან. ცნობილია, რომ 18 ნოემბერს ბელორუსი დეპუტატები აფხაზეთის პარლამენტის თავმჯდომარემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღეს. წინასწარი ინფორმაციით, ვიზიტი, რომელიც, ქართული მხარის მტკიცებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთანაა შეთანხმებული, 20 ნოემბერს დასრულდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG