Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მმართველი გუნდი საარჩევნო ჯგუფს ეთიშება


საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 18 ნოემბერს უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრაზე, რომელიც, ტრადიციულად, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის შენობაში გაიმართა, კენჭი უყარეს საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესების მარეგულირებელ პაკეტს. კონსენსუსის არარსებობის გამო, პროექტი ჩავარდა. მმართველი პარტია ამ ფორმატში მუშაობის გაგრძელების რესურსს ვეღარ ხედავს.

საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესების მარეგულირებელი პაკეტი საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე ორი პროექტის სახით წარადგინეს. ერთი პროექტი „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნოდა, მეორე კი - პოლიტიკურ გაერთიანებას „ალიანსი საქართველოსთვის.“

„ნაციონალური მოძრაობის“ პროექტი თბილისის მერის არჩევნებში 30 პროცენტიანი ბარიერის დაწესებას და საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში თავმჯდომარის პოსტზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების წარდგენას ითვალისწინებდა. ამავე პროექტით, ოპოზიციის კანდიდატები საარჩევნო კომისიების მდივნების პოსტს იკავებდნენ.
„ალიანსი საქართველოსთვის“ პროექტში, თავის მხრივ, თბილისის მერის არჩევნებში, ნაცვლად 50 პროცენტისა, 45 პროცენტიანი ბარიერი იყო განსაზღვრული. რაც შეეხება საარჩევნო კომისიებს, „ალიანსის“ პოლიტიკური სუბიექტების თანახმად, საუბნო და საოლქო დონეზე კომისიებში თავმჯდომარეების, მდივნებისა და მათი მოადგილეების პოსტები ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ჭადრაკულად უნდა განაწილებულიყო.
„კოდექსის ჯგუფში გადაწყვეტილებები მიიღება სრული კონსენსუსის შემთხვევაში. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემოთავაზებულ წინადადებას მხარი არ დაუჭირა სამმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ და ამიტომაც ჩავარდა. ეს იყო თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკელები და ახალი მემარჯვენეები, ანუ „ალიანსში“ შემავალი პოლიტიკური ორგანიზაციები. ხოლო „ალიანსის“ მიერ შეთავაზებულ წინადადებას მხარი არ დაუჭირა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ. დანარჩენებმა - ქრისტიან-დემოკრატებმა, „ჩვენ თვითონ“ და ტრადიციონალისტებმა მხარი დაუჭირეს ჩვენს წინადადებას, ხოლო „მრეწველები“, „ქართული დასი“ და დემოკრატიული პარტია წინააღმდეგი არ წასულა ჩვენი წინადადების.“

მემარჯვენე მამუკა კაციტაძე განმარტავს, რომ, პროცედურის თანახმად, ეს პრაქტიკულად მხარდაჭერის ტოლფასია იმ პარტიების მხრიდან, რომლებმაც თავი შეიკავეს. საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე კოდექსის ჯგუფში 18 ნოემბერს ხელისუფლებისა და „ალიანსი საქართველოსთვის“ მიერ მომზადებული პაკეტების ჩავარდნის მიუხედავად, „ალიანსი“ ამავე საკითხებზე მუშაობის გაგრძელების მომხრეა. ამ მოსაზრებას არ იზიარებს მმართველი „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის წარმომადგენლის, დეპუტატ პავლე კუბლაშვილის, განცხადებით, საარჩევნო კოდექსზე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობამ აზრი დაკარგა:
„ყველა პარტია, ვინც ესწრებოდა ამ შეხვედრას, გარდა „ალიანსის“ წარმომადგენლებისა, თანხმდებოდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების განაწილება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი წესით არჩევა, მერის პირდაპირი არჩევა და 30 პროცენტიანი ბარიერი. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში „ალიანსის“ წარმომადგენლებს ხელი მათი ლიდერის ამბიციამ შეუშალა. მათი მხრიდან აბსოლუტურად არაკონსტრუქციული შემოთავაზებები იყო ბარიერთან დაკავშირებით. ამ ერთი საკითხის გამო, ფაქტობრივად, „ალიანსმა“ ჩაშალა ის შეთანხმება, რაც აბსოლუტურად მიღწევადი იყო ცალკეულ, ძალიან მნიშვნელოვან, საკითხებთან დაკავშირებით.“
„ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ჯგუფს ეთიშება და ახალ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ცალკეულ პარტიებთან კონსულტაციებს ინდივიდუალურად გააგრძელებს.
XS
SM
MD
LG