Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირჟი კილიანის ბალეტები თბილისში


ოპერისა და ბალეტის თეატრი, თბილისი
ოპერისა და ბალეტის თეატრი, თბილისი
20, 21 და 22 ნოემბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი მორიგ პრემიერას წარმოადგენს - თანამედროვეობის უდიდესი ქორეოგრაფის, ირჟი კილიანის ერთმოქმედებიან ბალეტებს. სპექტაკლის დასადგმელად თბილისში კილიანის შემოქმედების სპეციალისტები და მისი ასისტენტები ჩამოვიდნენ.

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თანამედროვეობის უდიდესი ქორეოგრაფი ირჟი კილიანი დასარტყამი ინსტრუმენტების ამ ხმაურებს, რომლითაც იწყება ამერიკელი ავანგარდისტის, სტივ რიქის პიესა, უწოდებდა ”ნაშრომს ჩვენს პროფესიაზე”, ე.ი. ”ნაშრომს ბალეტზე”, უფრო სწორად, ”ნაშრომს თანამედროვე ბალეტზე”. სტივ რიქის პიესა, დაწერილი 4 დასარტყამი ინსტრუმენტისთვის, ირჟი კილიანმა 80-იან წლებში მოისმინა და 8 ბალერინისთვის დადგა სპექტაკლი, რომელსაც ახლა თბილისელებიც იხილავენ. დასარტყამი ინსტრუმენტები პიესაში განუწყვეტლივ და სრულიად მოულოდნელად ცვლიან რიტმს, რაც მნიშვნელოვნად ართულებს როლს არტისტებისა, რომელთაც, ფაქტობრივად, მუსიკის გარეშე უხდებათ ცეკვა. ასე რომ, კილიანის ამ წარმოდგენის დადგმა სარისკოცაა ჩვენი საბალეტო დასისთვის - 8 ბალერინა ახლა ვერ ”შეინიღბება” ლამაზი მელოდიებით - მოცეკვავეებმა მაქსიმალურად უნდა გამოავლინონ თავიანთი პლასტიკური შესაძლებლობები.

კილიანის სამივე ბალეტი, რომელთაც 20, 21 და 22 ნოემბერს ნინო ანანიაშვილის დასის მორიგ პრემიერაზე ნახავენ თბილისელები, არსებითად ”სუფთა ქორეოგრაფიაა”..მუსიკა ჟღერს, მაგალითად, მეორე ბალეტში, რომელიც კილიანმა ავსტრალიელ აბორიგენებს მიუძღვნა, მაგრამ კეიჯისა და ვებერნის იმ ნაწარმოებებს, რომელთაც კილიანი იყენებს, ნამდვილად ვერ უწოდებ ბალეტისთვის შექმნილ მუსიკას - აქაც მთავარი რიტმი და ინტონაციაა.

ქართველმა ბალეტის მოყვარულებმა კარგად იციან, რაოდენ მნიშვნელოვანია ირჟი კილიანისთვის რიტუალური ცეკვის ტრადიცია. თუმცა ასეთი ქორეოგრაფია არაფრის მთქმელი ეგზოტიკისა და ზედაპირულობის საშიშროებასაც მოიცავს. თუკი მოცეკვავემ კარგად არ გაიაზრა, კონკრეტულად რა მიზანი აქვს ამ რიტუალურ ცეკვას, წარმოდგენა, შესაძლებელია, ჩვეულებრივ აკრობატიკას ან ცირკს დაემსგავსოს...ან, უბრალოდ, სასაცილო გახდეს... კილიანმა ამ ბალეტში, რომლის პრემიერა 1991 წელს შტუტგარტში გაიმართა, ხაზი გაუსვა ძველისა და თანამედროვეს, ბუნებრივის (როგორც თავად წერდა, ”ველურის”) და ხელოვნურის, ”გაკეთებულის”, ახლის ერთიანობას. კილიანის სპეციალისტები და დიდი ქორეოგრაფის ასისტენტები, რომლებმაც ეს ბალეტი დადგეს, კენ ოსოლა და ნენსი ეუვერინკი, ამ ნიუანსებში კარგად ერკვევიან, მათ კილიანის დასებთან მუშაობის გამოცდილება აქვთ, ამიტომ, იმედია, ჩვენთვის ამ ურთულესი ქორეოგრაფიის ათვისება პრობლემა არ იქნება.

დაბოლოს, ჩვენი თეატრის ახალი წარმოდგენა დასრულდება მოცარტის ექვს გერმანულ ცეკვაზე დადგმული კილიანის ულამაზესი ბალეტით, რომლის პრემიერა ამსტერდამის მუსიკალურ თეატრში 1986 წელს გაიმართა. წარმოდგენა, რომელიც დასარტყამი ინსტრუმენტებით დაიწყო, დასრულდება მოცარტის მდიდარი, სიხარულით სავსე მუსიკით და ირჟი კილიანის ქორეოგრაფიით, რომელიც ადამიანის სხეულის უსაზღვრო შესაძლებლობებს გამოხატავს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG