Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გარშემო საერთაშორისო მასშტაბს იძენს


რუსთავის მეტალურგიული ქარხანა
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ საქართველოს სასამართლოს მიმართ ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანიის პრეტენზიებს შეისწავლიან. ლაპარაკია რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გაყიდვის შესახებ, რომელიც ”თემის სთილ იუ-კეი ლიმიტედის” საკუთრება იყო. ბრიტანეთის მთავარი დიპლომატი დევიდ მილიბენდი ამ საკითხის წამოწევას საქართველოს მთავრობის წინაშე აპირებსო, - ნათქვამია დღეს ”უოლსტრიტ ჯოურნალში” გამოქვეყნებულ სტატიაში.

სულ მცირე, 4 თვე დავხარჯეთ, რათა ჩვენი ქონება დაგვეცვა საქართველოს სასამართლოებში, მაგრამ - უშედეგოდ
“ქართული ფოლადი” და “თუჯი XXI”, ანუ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ახალ მესაკუთრეს, კრედიტორ კომპანია“კოლხი ბიზნეს კორპორაციას” გადაეცა. ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღმასრულებლო ბიურომ 2 ნოემბერს ჩაშლილი აუქციონის შემდეგ მიიღო. ამის შესახებ “ქართული ფოლადისა” და “თუჯი ოცდამეერთის” მფლობელმა ბრიტანულმა კომპანიამ ”თემის სთილ იუ-კეი ლიმიტედმა” რამდენიმე კვირის შემდეგ შეიტყო. კომპანიის დირექტორმა ტომას ბლეიკმა განაცხადა, რომ საქართველოს სასამართლოში სამართალი ვერ იპოვა:

ტომას ბლეიკი
”ჩამოგვერთვა აქტივები ისეთი სამართლებრივი პროცესით, რომელიც საერთოდ არ იყო გამჭვირვალე. ფაქტობრივად, ჩვენ არც კი ვიცოდით რა ხდებოდა... სულ მცირე, 4 თვე დავხარჯეთ, რათა ჩვენი ქონება დაგვეცვა საქართველოს სასამართლოებში, მაგრამ - უშედეგოდ. გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან საერთაშორისო სასამართლოსა და კომპენსაციის მოთხოვნაში ვხედავ.”

ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანია ”თემის სთილ იუ-კეი ლიმიტედმა” შპს ”ენერგია და ინდუსტრიის კომპლექსი” 2007 წელს 70 მილიონ დოლარად ბადრი პატარკაციშვილისაგან შეიძინა. სწორედ ეს კომპანია ფლობდა “ქართული ფოლადისა” და “თუჯი ოცდამეერთის” აქციებს. ”თემის სთილ იუ-კეი ლიმიტედის” დირექტორი ტომას ბლეიკი ამბობს, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მართვის პრობლემები მაშინ გაჩნდა, როცა მისი სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთ წევრს, ჯოზეფ კეის, თანამდებობის დატოვება მოსთხოვა.

მოგვიანებით ბლეიკის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს მეტალურგიულ კომპლექსში მენეჯმენტის განხორციელება და საჭირო დოკუმენტაციის გაცნობაც კი, რადგან სასამართლომ ქარხანა დააყადაღა. მიზეზად კრედიტორული დავალიანება დასახელდა. მოგვიანებით, კრედიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის აუქციონზე გაყიდვის ორი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, რადგან მსურველი არ გამოჩნდა. ამის შემდეგ, კანონმდებლობის თანახმად, ქონება კრედიტორ კომპანიას გადაეცა, მაგრამ რა თანხის დავალიანების სანაცვლოდ, ეს მისი ყოფილი მფლობელისთვისაც უცნობია.

ჯერ კიდევ ვერ ჩავთვლი, რომ საკუთრების საკითხი ჩვენთან მოწესრიგებულია.
”თემის სთილ იუ-კეი ლიმიტედის” დირექტორმა ტომას ბლეიკმა საქართველოში წარმოქმნილი პრობლემების შესახებ საქმის კურსში ჩააყენა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. დევიდ მილიბენდის უწყების განცხადებით, ბრიტანეთის კომპანიის საკუთრების დაცვის საკითხს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ნიკა გილაურთან, წამოსწევენ, რომელიც ამჟამად ლონდონში იმყოფება და საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოთი ინვესტორების დაინტერესებას ცდილობს.

ოფიციალური თბილისი ჯერჯერობით თავს იკავებს ამ კერძო კომერციული დავის კომენტირებისგან.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება კანონის დაცვით განხორციელდა. ეკონომიკის ექსპერტის, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტის გია ჯანდიერის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობა საკუთრების უფლებას იცავს, მაგრამ მრავალი საკითხი კვლავაც მოუწესრიგებელია:

გია ჯანდიერი
”ჯერ კიდევ ვერ ჩავთვლი, რომ საკუთრების საკითხი ჩვენთან მოწესრიგებულია. ეს არა მარტო იმას გულისხმობს, რომ გარკვეულ შემთხვევაში ბიუროკრატები არღვევენ კანონმდებლობას, რომელიც გვაქვს, არამედ იმასაც გულისხმობს, რომ საკუთრების დამცავი კანონმდებლობა არ არის ისეთი მკაფიო და მკაცრი, როგორიც საჭიროა.”

საქართველოში შეძენილი საკუთრების გარშემო შექმნილი ვითარებით შეწუხებული ”თემის სთილ იუ-კეი ლიმიტედის” დირექტორი ტომას ბლეიკი კი დასძენს: ”საქართველოს მთავრობა ფოკუსირდება მხოლოდ ინვესტიციების მოზიდვაზე და სრულებით არ ზრუნავს ინვესტიციების დაცვაზეო.”
XS
SM
MD
LG