Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის პრესა საქართველოს შესახებ


მიმდინარე კვირაში დასავლეთის პრესის ფურცლებზე საქართველოს შესახებ ბევრი პუბლიკაცია არ გამოქვეყნებულა. ყველაზე მნიშვნელოვან წერილებს შორის იყო 26 ნოემბერს „უოლ სტრიტ ჯორნალში“ დაბეჭდილი სტატია რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასა და მისი ბრიტანელი მფლობელის შესახებ, რომელიც აცხადებს, რომ მას ქარხანა ქართულმა სასამართლომ ჩამოართვა და გაუყიდა.

ამ სტატიის შესახებ რადიო თავისუფლებამ კვირის განმავლობაში უკვე მოგითხროთ მოკლედ. წერილიდან ვიგებთ, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ბრიტანული კომპანია “თემის სთილ იუ-კეი ლიმიტედის” საკუთრება იყო. ამ ფირმამ ქარხანა აწ გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილისგან შეიძინა, ახლა კი კომპანიის დირექტორი ტომას ბლეიკი აცხადებს, რომ მის კომპანიას ქარხანა სასამართლომ ჩამოართვა და გაყიდა.

ამ შემთხვევამ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ მილიბენდის ყურადღება მიიქცია და მან ის უკვე განიხილა საქართველოს მთავრობასთანო, - ამცნობს გაზეთი მკითხველს, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით. იქვე აღნიშნულია, რომ ხუთშაბათს მილიბენდი ლონდონში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს უნდა შეხვედროდა, რომელიც ბრიტანეთში ინვესტორების საქართველოთი დაინტერესების მიზნით იყო ჩასული. ცოტა ქვემოთ ვკითხულობთ, რომ ბრიტანეთის საგარეო უწყება ამ საკითხის წამოწევას განაგრძობს ოფიციალურ და მინისტრთა დონეებზე გამართულ შეხვედრებზე.

„უოლ სტრიტ ჯორნალში“ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ, რომ ბლეიკის ფირმამ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ჰოლდინგ-კომპანია პატარკაციშვილისგან 2007 წლის სექტემბერში შეიძინა 70 მილიონ დოლარად.

წერილში შემდეგ მოთხრობილია პატარკაციშვილის სიცოცხლის ბოლო წლების ისტორია - რომ ის 2007 წელს საცხოვრებლად ბრიტანეთში გადავიდა; აცხადებდა, რომ მთავრობა მის მოკვლას ცდილობდა; 2008 წელს წარუმატებლად სცადა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და მთავრობამ მას გადატრიალების დაგეგმვაში დასდო ბრალი.

პატარკაციშვილის სიკვდილის მიზეზი, ბრიტანელი ექსპერტების განცხადებით, გულის შეტევა იყოო, წერია სტატიაში და იქვე აღნიშნულია, რომ ერთ დროს საქართველოს უმდიდრესი ადამიანის ქონებაზე დავა მისი სიკვდილის შემდეგ არ წყდება.

სტატიაში ვკითხულობთ: ბრიტანეთის მოქალაქე ბლეიკის თქმით, მისმა კომპანიამ სექტემბერში ადგილობრივი გაზეთიდან შეიტყო, რომ ქარხნის ახალი კრედიტორის, „კოლხის ბიზნეს-ჯგუფისთვის“ გადაცემა იგეგმებოდაო. ბლეიკმა ამ ფირმის შესახებ ინფორმაციის მოძიება სცადა, მაგრამ მისი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. ამის გამო, ბრიტანელი ბიზნესმენი თვლის, რომ კომპანია საგანგებოდ ქონების გადაცემის მიზნით შექმნეს. ოქტომბერში ქართულმა სასამართლომ ქარხნის აუქციონზე გატანა სცადა, მაგრამ მყიდველი არ გამოჩნდა და ქარხანა „კოლხისს“ გადაეცაო, ამბობს ბლეიკი.

„უოლ სტრიტ ჯორნალის“ კორესპონდენტი წერს, რომ „კოლხისის“ შესახებ ინფორმაციის მოპოვება და მასთან დაკავშირება მანაც უშედეგოდ სცადა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ჟურნალისტის ელექტრონულ წერილზე პასუხი არ გაუცია, ინვესტიციების მოზიდვაზე მომუშავე სამთავრობო სააგენტოს კი მისთვის კომენტარზე უარი უთქვამს.

სტატიაში ისიც აღნიშნულია, რომ როცა 2008 წელს საქართველოში რუსეთი შეიჭრა, საქართველოს გავლენიან ევროპელ მოკავშირეებს შორის ბრიტანეთი ყველაზე აქტიური იყო. ბრიტანეთმა ამ ომში რუსეთი დაადანაშაულა, თუმცა არ აჰყოლია შეერთებული შტატების მოწოდებებს რუსეთის გაძევების შესახებ დიდი რვიანის მსგავსი ფორუმებიდანო.

ომმა და გლობალურმა რეცესიამ საქართველოს ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა და ქართველები ახლა ინვესტიციების მიზიდვას ცდილობენო, ვკითხულობთ სტატიაში. კორესპონდენტი წერს: ამ მოვლენებამდე დასავლური სტილის ცვლილებებმა 5 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა ორჯერ და მეტჯერ გაზარდა. საქართველოში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებაზე იზრუნეს და ამის გამო უცხოური ინვესტიციები 2007 წელს 2 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა, მაშინ როცა 2003 წელს მხოლოდ 336 მილიონი იყო. ბრიტანული კომპანია „ბრიტიშ პეტროლეუმი“ საქართველოსთვის ერთ-ერთი უმსხვილესი უცხოელი ინვესტორიაო, - ვკითხულობთ „უოლ სტრიტ ჯორნალში“ 26 ნოემბერს გამოქვეყნებული სტატიის ბოლოს.

გერმანიის ჟურნალ “შპიგელის” ინტერნეტ-ვერსიამ 27 ნოემბერს გამოაქვეყნა ინტერვიუ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან. ინტერვიუ, ძირითადად, ბერლინის კედლის დანგრევას და გერმანიის გაერთიანებას ეხება, თუმცა შევარდნაძე ნატოს გაფართოებასა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის ქმედებებზეც ლაპარაკობს.

„შპიგელის“ კორესპონდენტი, უვე კლუსმანი, შევარდნაძეს პირველ შეკითხვას ნატოს გაფართოებაზე უსვამს - შეახსენებს, რომ თავის დროზე მას გერმანიის ყოფილი საგარეო მინისტრი, ჰანს-დიტრიხ გენშერი, დაპირდა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა და ეკითხება, ეს პირობა ნატოს წერილობით რატომ არ დაადებინეთო. შევარდნაძე უპასუხებს:“მაშინ სხვა დრო იყო. ვერ წარმოგვედგინა, რომ ვარშავის ხელშეკრულება დაიშლებოდა. ამის წარმოდგენა, უბრალოდ, არ შეგვეძლო. ბალტიისპირეთის სამი რესპუბლიკა, რომლებიც ახლა ნატოს წევრები არიან, მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები იყვნენ. ბოლოს შევთანხმდით, რომ გერმანია ნატოს გარკვეული პირობებით შეუერთდებოდა - მაგალითად, მისი ჯარი 370,000 წევრამდე დავიდოდა და გერმანიას არ ექნებოდა ბირთვული იარაღის ქონის უფლება. ნატოს გერმანიის საზღვრებს გარეთ გაფართოება არც კი განიხილებოდა.”

ოდნავ ქვემოთ “შპიგელის” ჟურნალისტი შევარდნაძეს 2003 წელს პუტინის მიერ თბილისსა და სოხუმს შორის შუამავლის როლის შესრულებაზე ეკითხება. შევარდნაძე პუტინს “აშკარად ნიჭიერ ადამიანს” უწოდებს - ამბობს, რომ ის ძალიან კარგად ფლობდა გერმანულ ენას და, კარიერის თვალსაზრისით, სწრაფად წაიწია წინ. შევარდნაძე იხსენებს, 2003 წლის მარტში როგორ დაპატიჟა პუტინმა სოჭში აფხაზეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან ერთად. “ჩვენ სოჭიდან აფხაზეთში და შემდეგ ცენტრალურ საქართველოში მიმავალი რკინიგზის აღდგენაზე ვისაუბრეთ, რომელიც ომმა დააზიანაო”, - ამბობს შევარდნაძე და განაგრძობს: “გეგმას იმ პირობით დავთანხმდი, რომ აფხაზეთში ერთ რაიონს მაინც დაუთმობდნენ ქართველ ლტოლვილებს. პუტინმა სიტყვა შეასრულა და დაგვეხმარა ათიათასობით ლტოლვილი გალის რაიონში დაბრუნებულიყო. მაშინ პუტინი და რუსეთი აფხაზეთს საქართველოს ნაწილად აღიქვამდნენო.”

შემდეგ შევარდნაძე ტალიავინის კომისიის ანგარიშსაც ეხება - ამბობს, რომ მას ეთანხმება როგორც რუსეთთან, ისე საქართველოსთან მიმართებით, და აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოში თბილისის მხრიდან ცხინვალზე იერიშის მიტანა “შეცდომა” იყო. ინტერვიუს ბოლოს კი ამბობს: “მიმაჩნია, რომ რუსეთმა ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დიპლომატიური აღიარებით. ამით მან პრეცედენტი შექმნა. თუ აფხაზეთის მსგავს პატარა რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ვაღიარებთ, როგორ უნდა ვუთხრათ ამ უფლებაზე უარი ჩეჩნეთს, რომლის მოსახლეობა მილიონზე მეტია? ან დაღესტანს, რომელიც კასპიის ზღვაზე გადის და სადაც თითქმის 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს? ან ნავთობით მდიდარ სათათრეთს? რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება ბომბია, რომელიც შეიძლება მისივე ქვეყანაში აფეთქდესო”, - უთქვამს ედუარდ შევარდნაძეს გერმანიის ჟურნალ “შპიგელის” ინტერნეტ-ვერსიისთვის. ინტერვიუ 27 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG