Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მიმოხილვა, 29 ნოემბერი


რესტავრირებული კალაუბანი
რესტავრირებული კალაუბანი
გასული წლებისგან განსხვავებით, წლევანდელი ”გიორგობა” საქართველომ შედარებით მოკრძალებულად იზეიმა. ”მოკრძალებულობაში” კულტურული აქციების მასობრიობას ვგულისხმობ, თორემ ”ვარდების რევოლუციის” წლისთავი ისევ ხმაურიანად, ”მაღალ ნოტზე” აღინიშნა. ეს უკვე ტრადიციაა, ამ ღონისძიებების მთავარი გმირი მიხეილ სააკაშვილია - 22 ნოემბერს პრეზიდენტმა კალაუბნის სარესტავრაციო სამუშაოები მოინახულა, გახსნა ახალი მიწისქვეშა გადასასვლელი და დასძინა, ვინაიდან ოპოზიციის მიტინგების დროს რუსთაველზე მიწისქვეშა გადასასვლელები დაზიანდა, აქ აქციები აღარ გაიმართებაო... მერე კი, კალაუბნის რესტავრაცია შეაფასა: ”არც ერთ მთავრობას მოსახლეობისთვის ამის მეათედიც არ გაუკეთებია. ეს კეთდება არა ვიღაცისთვის, არა ბუშისთვის, არამედ ხალხისთვისო”, - ბრძანა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილს, მოგეხსენებათ, უყვარს მეტაფორებით საუბარი. მეტაფორები, სიმბოლოები და ეზოპეს ენა უყვართ ხელოვნების მოყვარულებსაც. ამიტომ ისღა გვრჩება, ვიფიქროთ და ავხსნათ ეს მეტაფორა - გავერკვეთ, რა შუაში იყო ბუში ”ვარდების რევოლუციის” მე-6 წლისთავთან (და კალაუბნის რესტავრაციასთან) და რატომ გააიგივა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუში, რომლის სახელსაც ატარებს თბილისის ერთ-ერთი ქუჩა, ამ უხსენებელ ”ვიღაცასთან” მაინცდამაინც 22 ნოემბერს.

გასული წლებისგან განსხვავებით, წლევანდელი დღესასწაული აღარ იყო აგებული დასავლეთთან ინტეგრაციის იდეაზე... გახსოვთ, ალბათ, როგორ ჩამოდიოდნენ ხოლმე თბილისში ამ დროს ”მეგობარი ქვეყნების” ლიდერები, უცხოელი არტისტები... წლევანდელი კულტურული ღონისძიებები თითქმის მთლიანად ადგილობრივ კადრებს დაეთმო...აღადგინეს ძველი ტრადიცია, როცა თბილისში რეგიონებიდან თეატრალური კოლექტივები ჩამოჰყავდათ (ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის გასტროლები თბილისში სწორედ 23 ნოემბერს დაამთხვიეს), გაიმართა ჯანო ბაგრატიონის საიუბილეო საღამო; თეატრის, მუსიკისა და კინოს მუზეუმში კი ნინო რამიშვილის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. უნიკალური ფოტოები და ესკიზები გამოფინეს ხელოვნების სასახლეში... კიდევ ერთ კვირას გასტანს ეს ექსპოზიცია, რომელსაც 20-იან წლებში გადავყავართ, ე.ი. იმ დროში, როცა ქართული კულტურა ჯერ კიდევ შედარებით თავისუფალი იყო. ნინო სუხიშვილის თქმით, ეს ექსპოზიცია, ფაქტობრივად, სუხიშვილ-რამიშვილის ანსამბლის დაბადებას გამოხატავს.

გამოფენის გახსნაზე თეატრის, მუსიკისა და კინოს მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ ახალი ჯილდო, ”ბროლის აპოლონი”, გადასცა ათ ადამიანს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქართული კულტურის, კერძოდ, სამუზეუმო საქმის აღორძინებაში... ახალი ჯილდო ქართული შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად გიგი უგულავასაც გადაეცა... ანუ „ვარდების რევოლუციის“ წლისთავზე კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს ქართველ ხელოვანთა ერთობა ხელისუფლებასთან, კიდევ ერთხელ გვითხრეს, როგორ ზრუნავს საქართველოს ხელისუფლება კულტურის განვითარებაზე.
სხვათა შორის, ჩვენს კულტურულ მიმოხილვებში არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლების ”კულტურულ პოლიტიკაში” აქცენტი უფრო კლასიკურ ხელოვნებასა და ფოლკლორზე კეთდება, თანამედროვე და, მით უმეტეს, თანამედროვე-ექსპერიმენტული ხელოვნება ნაკლებად პრიორიტეტულია. „ვარდების რევოლუციის“ წლისთავისადმი მიძღვნილმა ღონისძიებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს... თუმცა თავად ფოლკლორის სფეროში დასაქმებული ადამიანები ამაში ყოველთვის არ გვეთანხმებოდნენ. სამი წლის წინ რადიო თავისუფლების სატელევიზიო პროგრამაში ”თავისუფლების თეორემა”, რომელიც ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში გადიოდა, ანსამბლ ”ქართული ხმების” წარმომადგენლებმა აგვიხსნეს, რა აიძულებთ ქართველ მომღერლებს იმუშაონ რესტორნებში, იმღერონ ქორწილებში... ერთ-ერთი, ვინც დაგვემდურა, ”რესტორნის მუსიკაზე” ქილიკით ძალიან ნიჭიერ მუსიკოსებსაც აყენებთ შეურაცხყოფასო, გურამ თამაზაშვილი იყო.

გურამ თამაზაშვილი, ანსამბლ ”ქართული ხმების” სოლისტი, 26 ნოემბერს დაკრძალეს ქობულეთის რაიონის სოფელ ქვედა სამებაში. 55 წლისა გარდაიცვალა ”ქართული ხმების” ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც არა მარტო ლამაზი ხმით და შესრულების განსაკუთრებული მანერით, არამედ ქართული ფოლკლორის ბრწყინვალე ცოდნით გამოირჩეოდა.
გურამ თამაზაშვილის ინიციატივით შეიქმნა 2000 წელს ახალი ფოლკლორული ანსამბლი, „ზარები.” მისი უშუალო ხელმძღვანელობით, ანსამბლის დაარსებიდან დღემდე, 80-მდე პროფესიონალი მომღერალი და სოლისტი, აგრეთვე ქართული საკრავის ბრწყინვალე ინსტრუმენტალისტი აღიზარდა. მისივე ინიციატივით ჩაიწერა 120-ზე მეტი ფოლკლორული საესტრადო სიმღერაც. მანვე „ზარების” ბაზაზე ჩამოაყალიბა ანსამბლი ”ალილო”, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც იყო.
ფოლკლორულ კოლექტივებს ხშირად პატიჟებენ სადღესასწაულო კონცერტებზე, ხშირად აწყობენ მათ გასტროლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში... მაგრამ ფოლკლორს საქართველოში უამრავი პრობლემა აქვს - იაფფასიანი, მოდერნიზებული და გამარტივებული შესრულება ზოგჯერ უფრო ფასობს, ვიდრე ორიგინალურთან მაქსიმალურად მიახლოებული... ასე იყო ქართული კულტურის სხვა სფეროებშიც... ვიღაცები ფიქრობდნენ, რომ ასეთი სიმღერა (და არამარტო სიმღერა) უკეთ გაიყიდებოდა.. თუმცა იმავე გურამ თამაზაშვილისა და ”ქართული ხმების” პოპულარობა სულ სხვას ამტკიცებს... თანაც, ეს ხმები ”მთავრობას” არ გაუკეთებია, ”ვარდების რევოლუციის” მორიგ წლისთავზე რომ იამაყოს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG