Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ძალაშია


საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის ასოციაციის დამფუძნებელ კრებას, რომელიც დღეს, 4 დეკემბერს, გაიმართა, 100-ზე მეტი ჟურნალისტი ესწრებოდა. ქარტიაზე ხელმოწერის შემდეგ, მათ, 9 წევრის შემადგენლობით, აირჩიეს ქარტიის საბჭო, რომელიც გააკონტროლებს, რამდენად იცავს ქარტიის ასოციაციის ესა თუ ის წევრი საკუთარი ხელმოწერით დადასტურებულ პასუხისმგებლობას.

„პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე უნდა იტვირთოს ჟურნალისტიკამ. იმდენად, რამდენადაც ეს არის საზოგადოებრივი პროფესია და ის პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ვქმნით, არის საზოგადოებრივი, საზოგადოებას აქვს უფლება, რომ რაღაცა პატარა შემზღუდავი მექანიზმები დააწესოს, ოღონდ ისეთი მექანიზმები, რომლებიც თავად ჟურნალისტებისთვის იქნება მისაღები. და ბედნიერი ვარ, რომ ეს პუნქტები, რომლებიც არის ამ პრეამბულაში, თითოეული ჟურნალისტის ჩართულობით იქნა მიღებული.“

პუნქტები, რომლებზეც გაზეთ „კახეთის ხმის“ დირექტორი მაია მამულაშვილი საუბრობს, ჟურნალისტური ეთიკის ისეთ პრინციპებს შეეხება, როგორიცაა: საზოგადოების უფლება მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, დაუშვებლობა ჟურნალისტის იძულებისა, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. ქარტია მოითხოვს ასევე, ჟურნალისტმა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყაროც დადასტურებულია, პატივი სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას მასში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრეამბულა სულ 11 პუნქტს მოიცავს. მათგან მეთერთმეტე ჟურნალისტის უმძიმეს პროფესიულ დანაშაულებრივ ქმედებებს განმარტავს. ესენია: ფაქტის განზრახ დამახინჯება, ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ, და პლაგიატი.

„ახლა რომ გითხრათ, ამ პრინციპებიდან რაიმე ახალია ჩვენთვის და ამას არ ვიცავდით-მეთქი, მოგატყუებთ. მაგრამ თუკი ისეთებიც არიან ჩვენს გვერდით, ვინც ამ პრინციპებს არ იცავდა და საბჭო მოგვეხმარება დავყოთ, ბოლოს და ბოლოს, ვინ არის მიტმასნილი ჟურნალისტიკას და ვინ ნამდვილი ჟურნალისტი, კარგი იქნება. მე, მაგალითად, ამის პრობლემა არა მაქვს და მივესალმები და ვაწერ ხელს.“

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსისა“ და რადიო „პალიტრის“ ქუთაისელი კორესპონდენტის დავით ლიკლიკაძის დარად, ქარტიაზე ხელმოწერის გადაწყვეტილებას თითოეული ჟურნალისტი ინდივიდუალურად ღებულობს. ქარტიით გათვალისწინებული პრინციპების დარღვევისათვის პასუხისმგებლობაც მხოლოდ ხელმომწერებს ეკისრებათ. ქარტიაზე ხელმომწერი ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული მასალების მონიტორინგს სპეციალური საბჭო განახორციელებს. მონიტორინგის საბჭო ანგარიშს ყოველთვიურად გამოაქვეყნებს. ამა თუ იმ ჟურნალისტის მიერ ქარტიაში აღიარებული ეთიკის პრინციპების დარღვევის შემთხვევაში, საბჭოს განცხადებით ნებისმიერი მოქალაქე მიმართავს, მათ შორის, თავად ჟურნალისტები.

“ 9 კაცისაგან შემდგარი საბჭო კოლეგიური გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, ადგენს, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი ამ პრინციპის დარღვევას. და თუ ჰქონდა, შესაბამისად, ატყობინებს ამის შესახებ იმ ადამიანს, რომელმაც აღიარა ამ პრინციპების უზენაესობა თავის პროფესიულ ცხოვრებაში და მიაჩნია, რომ უნდა გაატაროს ეს პრინციპები. ეს არის, ფაქტობრივად, მედიის თვითრეგულაციის მექანიზმი, როდესაც მე, როგორც პროფესიონალი, ვღებულობ პროფესიულ, კომპეტენტურ ანალიზს“, - გვითხრა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შექმნის ინიციატორის, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მენეჯერმა ნათელა გიუნაშვილმა.

ქარტია, როგორც წყალგამყოფი ეთიკურ და აარეთიკურ ჟურნალისტიკას შორის -ასეთია, თავის მხრივ, „საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაციის თავმჯდომარის“ ია მამალაძის შეფასება. იგი საქართველოში მედია საბჭოების შექმნის უკვე წარუმატებელ 3 ეტაპს იხსენებს და მეოთხე მცდელობას შემდეგნაირ შეფასებას აძლევს:

„მე ვამბობ და ხშირად ვიმეორებ, რომ ეთიკური მედია არის ეთიკური სახელმწიფოს ატრიბუტი. არ შეიძლება იყოს ცალმხრივი თამაში, რომ მედია იყოს ძალიან ეთიკური და ამ დროს ხელისუფლება სპეცნაზით შემოგივარდეს და დაგარბიოს. მაგრამ ის, რომ ზუსტად მედია იწყებს ამაზე ლაპარაკს და მედია მიიჩნევს მთავარ საფუძვლად ეთიკას, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული, თითოეულ ჩვენგანზე.“

ქარტიის ტექსტზე და მისი მოქმედების მექანიზმებზე 100-მდე ჟურნალისტი, ევროპელი ექსპერტები, ქართველი მედიაექსპერტები და იურისტები თითქმის 20 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. პროექტი ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაფინანსდა და ევროსაბჭოს მიერ განხორციელდა.
XS
SM
MD
LG