Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟან-ლუი ლორანი შეუსრულებელ ორ ვალდებულებაზე საუბრობს


4 დეკემბერს საქართველოში ვიზიტი დაასრულა ევროსაბჭოს დემოკრატიისა და პოლიტიკურ საქმეთა გენერალურმა დირექტორმა ჟან-ლუი ლორანმა. მან ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტისთვის უნდა მოამზადოს ანგარიში საქართველოს მიერ ევროსაბჭოს მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. ვიზიტის დასასრულს ჟან-ლუი ლორანმა პრესკონფერენცია გამართა.

საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებიდან მოყოლებული, ამ ორგანიზაციის მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გარდა, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტიც ახორციელებს. ჟან-ლუი ლორანი მომავალი წლის დასაწყისში სწორედ მინისტრთა კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს, რომლის მომზადებისთვის ინფორმაციის მისაღებადაც ის სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა საქართველოში. ბოლო ანგარიში 2008 წლის მარტში მომზადდა. შემდეგი 2009 წლის დასაწყისში უნდა გამოქვეყნებულიყო, მაგრამ საქართველო-რუსეთის ომის შემდგომ პერიოდში ეს ვერ მოხერხდა და ანგარიში მომავალი წლის დასაწყისში წარედგინება კომიტეტს. ახლანდელი ვიზიტისას ჟან-ლუი ლორანი შეხვდა აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ევროსაბჭოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქართველომ ევროსაბჭოს მიმართ აღებული ვალდებულებების უმრავლესობა შეასრულა. შეუსრულებელთა შესახებ კი ლორანი ამბობს:

”ერთ-ერთი შეუსრულებელი ვალდებულებებიდან იყო მესხეთის მოსახლეობის - 1940-1944 წლებში დეპორტირებული ადამიანების - დაბრუნების შესახებ კანონის შესრულება. უნდა ვთქვა, რომ, საქართველოს ხელისუფლებასთან ინტენსიური კონსულტაციებისა და კოორდინაციის შედეგად, მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი და, სავარაუდოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ვალდებულება ძალიან მალე შესრულდება. მეორე შეუსრულებელი ვალდებულება რეგიონალურ და უმცირესობათა ენების ქარტიასთან მიერთებაა. მე არ შემინიშნავს რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრმა იაკობაშვილმა ნათლად განმიმარტა, რომ ისინი სერიოზულად ფიქრობენ ახლო მომავალში შესაბამისი კონვენციის ხელმოსაწერად მომზადებაზე.”

ამ საკითხების გარდა, ჟან-ლუი ლორანის ვიზიტისას განხილული იყო ზოგადად დემოკრატიის განვითარება საქართველოში და სასამართლოს რეფორმა. საუბარი შეეხებოდა ახალი კონსტიტუციის მომზადებისა და არჩევნებისთვის მზადების პროცესს. ლორანი მიესალმება მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასა და საპატრულო პოლიციის რეფორმას.
ევროსაბჭოს დემოკრატიისა და პოლიტიკურ საქმეთა გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის უპასუხოს ყველა შეკითხვას, მათ შორის - რთულ შეკითხვებსაც. რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, რას გულისხმობს რთულ შეკითხვებში, ლორანმა უპასუხა:

”მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში ვიზიტისას შევხვდი როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს. ოპოზიციის ლიდერებმა მომაწოდეს ინფორმაცია, როგორც ისინი უწოდებენ, ”პოლიტიკური პატიმრების” შესახებ. ამ ტერმინს ბრჭყალებში ვხმარობ. ეს მათი სიტყვებია და არა ჩემი. ამ ვიზიტისას მე ჩემს რამდენიმე თანამოსაუბრეს ვკითხე, როგორ აფასებენ ამ შემთხვევებს, რომლებსაც ზოგიერთი ”პოლიტიკურ პატიმრობად” აფასებს. ეს, რასაკვირველია, არ არის ევროსაბჭოს კვალიფიკაცია.”
ლორანის ამგვარმა პასუხმა დამატებითი შეკითხვა გამოიწვია ”ვაშინგტონ პოსტის” წარმომადგენლისგან. ლორანმა დააზუსტა:

”თუკი დღეს არის შემთხვევები, როცა ვიღაც აცხადებს, რომ ადამიანი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო იდევნება, უნდა მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს.”

ჩემს შეკითხვაზე, აქვს თუ არა ევროსაბჭოს რეკომენდაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სტრატეგიის საკითხზე (ეს დოკუმენტი მზადების პროცესშია), ლორანის პასუხი იყო მოკლე და ზოგადი: ევროსაბჭო პატივს სცემს თავისი წევრი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასო.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG