Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თარგმანის კვირეული თბილისში


1-5 დეკემბერს თბილისში, ელექტრონული ბიბლიოთეკა „ლიბ გეს“ ორგანიზებით, ვახუშტი კოტეტიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურული და სამეცნიერო თარგმანის კვირეული ტარდება. ნათარგმნი წიგნების გამოფენა-გაყიდვა, ცნობილი მთარგმნელების - გიორგი ლობჟანიძისა და გიორგი ეკიზაშვილის - მასტერ-კლასები, აღმოსავლური პოეზიის და ამერიკული ფემინისტური პოეზიის საღამოები, სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „თარგმანი - კულტურათა დიალოგი“, დისკუსია საავტორო უფლებების თემაზე... კვირეულის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების არჩევანი დიდია.

“ასეთი კურსი საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. ჩემს ჯგუფში არიან ინგლისურის მცოდნეები, გერმანულის მცოდნეები, სპარსულის, არაბულის, ნორვეგიულის და რუსულის მცოდნეები. ვაძლევ ხოლმე სათარგმნელად ე.წ. ვერცხლის საუკუნის პოეტებს, ანუ მარინა ცვეტაევას, ახმატოვას, გუმილიოვს... პასტერნაკი ჯერ არ მიმიცია, რადგან საკმაოდ რთულია. აინტერესებთ როგორც ძველი, ისე თანამედროვე ლიტერატურა...”

ვახუშტი კოტეტიშვილის ნაცნობი ხმით გაიხსნა თბილისში თარგმანის კვირეული. მისი მასტერ-კლასები ვახუშტი კოტეტიშვილის მოსწავლეებს დღემდე განსაკუთრებულად ახსოვთ. ინტერესი რომ დღესაც არ განელებულა, ამის დასტური კვირეულის პირველივე დღეს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის სავსე ფოიე იყო. კვირეულის იდეა რამდენიმე ახალგაზრდა პოეტისა და მთრგმნელის მეგობრულ წრეში დაიბადა და განხორციელდა კიდეც:

“ჯერ საქართველოში არ ყოფილა ისე, რომ თარგმანთან დაკავშირებული ამდენი ღონისძიება ერთად მოწყობილიყო.. პირველ რიგში, ეს კვირეული არის ახალგაზრდა მთარგმნელებისათვის, რომელთა გამომცემლობებთან ურთიერთობებზე გვინდა ვიზრუნოთ, დისკუსიებიც მათთვის საინტერესო თემაზეა - მაგალითად, საავტორო უფლებებზე”, - გვეუბნება კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორი, პოეტი დიანა ანფიმიადი.

კვირეულს კიდევ ერთი იდეა ჰქონდა, რომლის შესახებაც კიდევ ერთი პოეტი და მთარგმნელი, ქეთი თუთბერიძე, გვიყვება:
”ძალიან გვინდოდა, რომ მოგვეხდინა ინტეგრირება როგორც დასავლური, ისე აღმოსავლური პოეეზიისა საზოგადოებაში და, რაც მთავარია, გამოსულიყო ალმანახ ”ახალი თარგმანების” სპეცნომერი.”

დარბაზში ირმა ტაველიძეს მოვკარით თვალი. ირმა თავისი მოთხრობებით და თარგმანებითა ცნობილია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. სულ ბოლო თარგმანი, რომელიც წიგნად ჯერ არ გამოსულა, მიშელ უელბეკის ”პლატფორმაა”. თვითონ თარგმანით კმაყოფილია და ცოტა დაღლილი:

”მქონდა განცდა, როდესაც დავასრულე თარგმანი, რომ, დაახლოებით, ათი წელი არაფერს ვთარგმნი. ძალიან კარგი პროცესია, სასიამოვნო, მაგრამ მაინც გაქვს სულ იმის განცდა, რომ თარგმანი საქართველოში მხოლოდ სიამოვნებისთვისაა და მეტი არაფრისთვის.”

ფემინისტური პოეზიის საღამო. სცენაზე ოთხი მთარგმნელი ქალი ზის - ანი კოპალიანი, ლელა სამნიაშვილი, ქეთი თუთბერიძე, სალომე ბენიძე. მათ ქართულად შემოგვთავაზეს სილვია პლათის, ენ სექსტონისა და დენის დიუჰამელის პოეზია. ენ სექსტონისგან განსხვავებით, არც ათი წუთი დაუგვიანიათ, არც ფეხზე გაუხდიათ, არც სიგარეტის თანხლებით უკითხავთ ლექსები.

როცა ლელა სამნიაშვილმა ათი წლის წინ პლათი თარგმნა, ამ ავტორს ძალიან ცოტა ადამიანი იცნობდა. მაშინ არც ინგლისური ენა იცოდა ასე მასობრივად ყველამ. პლათის თხელი კრებული მაშინ გამომცემლობა „მერანმა“ გამოსცა, ლელას სილვია მაშინვე ყველამ შეიყვარა, თუმცა თავად ლელასთვის სხვა ავტორის თარგმნა მაინც დიდ სიფრთხილესთან არის დაკავშირებული:

”თარგმნა ულაყის გახედნას ჰგავს.. ზუსტი თარგმანი არც გამომდიოდა არასდროს, იმიტომ რომ შენ ხარ დიდი დოზით და ამიტომ სულ ვფიქრობ ხოლმე, რამდენად ღირს ხელი მოჰკიდო ამას, მკრეხელობასავით არის. შენი განწყობა ჩანს ყოველთვის თარგმანში.”

ქეთი თუთბერიძეს დენის დიუჰამელის თარგმნისას, გარდა იმისა, რომ საინტერესო პოეტი თარგმნა, სხვა მოტივაციაც ჰქონდა:

”მე ვთარგმნე დიუჰამელის ესკიმოსურ მითოლოგიაზე დაფუძნებული ციკლი, რომელიც არის უაღრესად საინტერესო, მისტიკური, ეროტიკული. მე მგონი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა იწერება დასავლურ ლიტერატურაში, რადგან არსებობს მითი, რომ ჩვენ საკმაოდ ჩამორჩენილები ვართ და მე მინდა, რომ ეს მითი დავანგრიო, რადგან არ ვართ ჩამორჩენილები.”

ამდენ ადამიანს თავის მასტერ-კლასზე არც ქართულ ენაზე ყურანის მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე ელოდა. საერთოდაც, სიტყვა „მასტერ-კლასი“ არასოდეს ხიბლავდა. ამიტომ იფიქრა, რომ ხუთიოდე ადამიანს კამერულ გარემოში საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებდა. არადა, ასე არ მოხდა. თარგმანის მიმართ განსაკუთრებით ახალგაზრდების ასეთმა ინტერესმა იდეაც გაუჩინა:

”პროექტის სახით შეიძლება გავაკეთო ასეთი რამ - შეხვედრები ლიტერატურის მოყვარულ ახალგაზრდებთან, რადგან ისეთი დიდი ყოფილა ინტერესი თარგმანის - თუნდაც როგორც ხელობის - სწავლის მიმართ, რომ, მე მგონი, ეს პროექტი სამომავლოდ გაამართლებს.”

მასტერ-კლასი კი ასეთი რჩევით დაიწყო: ”მე ვთქვი, რომ თუკი თქვენ თვითონ წერთ ლექსებს, არავითარ შემთხვევაში ახლოს არ გაეკაროთ-მეთქი თარგმანს, იმიტომ რომ მე მაქვს ძალიან მწარე გამოცდილება - როგორ ჩაყლაპა მთარგმნელმა გიორგი ლობჟანიძემ პოეტი გიორგი ლობჟანიძე.”

თარგმანის კვირეულისათვის შერჩეული დეკემბრის ცივი საღამოები ლიტერატურის მოყვარულთათვის დაბრკოლება არ აღმოჩნდა. არც ერთ ღონისძიებას მსმენელი არ აკლდა. მეტიც, გაჩნდა სურვილი - ასეთი კვირეული ტრადიცული გახდეს და ყოველწლიურად ჩატარდეს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG