Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას არ ჩქარობს


სერგეი მასკევიჩი, ბელორუსიის დელეგაციის ხელმძღვანელი, თბილისი, 18 ნოემბერი, 2009 წელი
სერგეი მასკევიჩი, ბელორუსიის დელეგაციის ხელმძღვანელი, თბილისი, 18 ნოემბერი, 2009 წელი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრებმა სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური მომავლის შესახებ ღიად დაიწყეს საუბარი. ცოტა ხნის წინ ცხინვალში მყოფ რუსეთის სათათბიროს დეპუტატებთან შეხვედრისას დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა იური ძიცოითიმ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი საკუთარ პოლიტიკურ მომავალს რუსეთ-ბელორუსის სახელმწიფოთა კავშირის შემადგენლობაში ხედავს, თუმცა ამ იდეას ხელს ის უშლის, რომ ბელორუსია სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არ ჩქარობს. ოსმა დეპუტატებმა რუს კოლეგებს მოუწოდეს, რომ გააძლიერონ ზეწოლა ბელორუსიაზე, რათა მოხდეს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ცნობის დაჩქარება.

დე ფაქტო რესპუბლიკის დეპუტატების სურვილი, სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური მომავლის შესახებ, შორეულ და ბუნდოვან პერსპექტივად მიაჩნია გაეროს ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელს მალხაზ მინდიაშვილს. მისი აზრით, ბელორუსია რთულ პოლიტიკურ თამაშს პირველ რიგში საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთსა და ევროკავშირს შორის თამაშობს. ახლა ბელორუსიის პრეზიდენტს არჩევანი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებასა და ევროკავშირთან ახლო ურთიერთობასა და შესაბამისად, ფინანსურ ინტერესებს შორის აქვს გასაკეთებელი. როგორც ცნობილია, ევროკავშირი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის წინააღმდეგია.

ბელორუსი დეპუტატები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არ ჩქარობენ. ცოტა ხნის წინ, სამ ჯგუფად გაყოფილი ბელორუსი პარლამენტარები თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს საკითხის ადგილზე შესასწავლად ეწვივნენ. საქართველოში მყოფი დეპუტატები რეგიონებშიც მოგზაურობდნენ და როგორც მათთან მყოფმა პირებმა რადიო თავისუფლებას უამბეს, მასპინძლები მათ ყოველდღიურ ბანკეტებს უმართავდნენ. მინსკში ნაბახუსევზე დაბრუნებულმა ბელორუსმა დეპუტატებმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარების საკითხი საშემოდგომო სესიების დღის წესრიგში არ შეიტანეს.
XS
SM
MD
LG