Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეათე ხუთმხრივი შეხვედრა გალში


დღეს ოკუპირებულ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების რიგით მეათე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ქართული, აფხაზური, რუსული, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ. ქართული მხარე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ხელმძღვანელობდა, ოკუპირებულ აფხაზეთში დილით გადავიდა. მოლაპარაკება 5 საათს გაგრძელდა.

გასულ კვირაში რადიო თავისუფლებას ოკუპირებული ოტობაიიდან აცნობეს, რომ რუსი სამხედროები აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან 6 მწკრივად 15 მეტრის სიგანის მავთულხლართების ახალ კონსტრუქციებს აშენებენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართული პოლიციის საგუშაგოსთან შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გალში შეხვედრისას რუსულმა სარდლობამ ეს ფაქტი დაადასტურა.

დღეს ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობები იმის შესახებ, თითქოს გალის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარის ოფისში, სადაც ხუთმხრივი შეხვედრები ტარდება, რუსი სამხედროები შევიდნენ. მხარეები კი მოლაპარაკებას ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში გამართავდნენ. რადიო თავისუფლების კითხვაზე - თუ სად შედგა ხუთმხრივი შეხვედრა, შოთა უტიაშვილმა განაცხადა: „როგორც ყოველთვის, სხდომა გაეროს ოფისში გაიმართა. რუსებმა დაიკავეს თუ არა ის ოფისი, ამაზე არაფერი ვიცი“.

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან განსხვავებით, ჟურნალისტებისთვის არაფერი უთქვამთ საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს იოჰან ვერბეკესა და ევროკავშირის წარმომადგენელს, რომლებიც დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრა კი ოკუპირებულ გალში 20 იანვარს გაიმართება.
XS
SM
MD
LG