Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო რეკომენდაციები პარლამენტს


ეკა სირაძე-დელონე, ”სამართლიანი არჩვენების” ლიდერი (მარცხნივ), თამარ ხიდაშელი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი (ცენტრში) და აგიტ მირზოევი, ექსპერტი
ეკა სირაძე-დელონე, ”სამართლიანი არჩვენების” ლიდერი (მარცხნივ), თამარ ხიდაშელი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი (ცენტრში) და აგიტ მირზოევი, ექსპერტი
პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობას განაგრძობს. 11 დეკემბერს საკანონმდებლო ორგანოში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანულ კანონსა და დედაქალაქის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ. საუბარია ცვლილებებზე, რომლებზე ერთობლივი მუშაობაც უცხოელ ექსპერტებთან, ვენეციის კომისიისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა. პარალელურად საკუთარ რეკომენდაციებს პარლამენტს არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფი სთავაზობს. მათ მიერ შემუშავებული ცვლილებების ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ ითავა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნები“, „მრავალეროვანი საქართველო“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციათა ჩამონათვალია, რომლებიც ხელისუფლებას საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების საკუთარ ვარიანტს სთავაზობენ. არასამთავრობოებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან 8 დეკემბერს უკვე ჰქონდათ სამუშაო შეხვედრა, სადაც რამდენიმე მათი წინადადება მოიწონეს. რამდენად მისაღები იქნება დანარჩენი რეკომენდაციები პარლამენტისათვის, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც არასამთავრობო სექტორის ინიციატივებს პარლამენტს ეროვნულ- დემოკრატიული პარტია წარუდგენს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი თამარ ხიდაშელი რეკომენდაციების რამდენიმე მომენტზე ამახვილებს ყურადღებას:

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ"
რეკომენდაციების პრეზენტაცია
მოაწყო
”შემოგვაქვს ფარული პოლიტიკური რეკლამის აკრძალვა. მართალია, წინა არჩევნების დროსაც იკრძალებოდა, მაგრამ, რეალურად, მას იყენებდნენ. ჩვენი სურვილია, პოლიტიკური თანამდებობის პირებს შეეზღუდოთ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება. ასევე უფრო ზუსტდება რას ნიშნავს ამომრჩევლის მოსყიდვა, რადგან წინა არჩევნების დროს ასევე ვნახეთ, რომ სასამართლოები არასწორად განმარტავდნენ ამას. ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს პარლამენტს, საარჩევნო ადმინისტრაციების მიერ გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდეს ორი მესამედით.”

არასამთავრობოების შემდეგი ინიციატივა არჩევნების დღეს აგიტაციისა და პროპაგანდის აკრძალვას ეხება.

„მრავალეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელი აგიტ მიროზევი კი ფიქრობს, რომ ამ რეკომენდაციების გათვალისწინება ყველა საარჩევნო სუბიქტს თანაბარ პირობებში ჩააყენებს და საარჩევნო სისტემასაც უფრო ლიბერალურს გახდის.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ცვლილებებზე მუშაობა ერთობლივი ძალით მიმდინარეობდა და პარლამენტს სწორედ ეს შეჯერებული ვარიანტი წარუდგინეს.

11 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზე კი ხმაური მერის პირდაპირი წესით არჩევის საკითხს მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობამ კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი პოზიცია, რომ მერის არჩევითობის პრინციპი არ მოსწონს და ოპოზიციის მოთხოვნას თვითმმართველ ქალაქებში მერის პირდაპირი წესით არჩევის შესახებ კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ქრისტიან-დემოკრატების წევრმა ლევან ვეფხვაძემ უმრავლესობას ჰკითხა, რატომ არ შეიძლება მერი აირჩიოს სხვა დიდი ქალაქების მოსახლეობამაც.

უმრავლესობის მხრიდან საპარლამენტო ოპოზიციას აკაკი ბობოხიძემ უპასუხა: ”თუ თბილისში უმრავლესობა დათანხმდა ამაზე, ეს მხოლოდ პოლიტიკური კონსენსუსის გამო, და შეირგეთ ეს შეთანხმება.”

ბობოხიძის თანაპარტიელმა პავლე კუბლაშვილმაც განაცხადა, რომ სხვაობა არჩეულ და დანიშნულ მერს შორის, თუ ამ საკითხს დემოკრატიის ხარისხის თვალსაზრისით განვიხილავთ, არ არსებობს.

პარლამენტში საარჩევნო კოდექსის ირგვლივ მოსმენები მომდევნო სხდომებზეც გაგრძელდება. სავარაუდოდ, შემდეგი სესიისათვის გადაიწევს არასამთავრობოთა მიერ მომზადებული ცვლილებების მოსმენაც.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG