Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 14 დეკემბერი 2009


ქართული გაზეთები დღეს აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან. ”არჩევნები, რომელიც არაფერს ცვლის” - ასეთი სათაურით ”24 საათში” ქვეყნდება სტატია, რომელშიც წაიკითხავთ: ”სერგეი ბაღაფში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით ისე აირჩიეს, რომ მის გამარჯვებაში ადგილობრივ ქართველებს, ფაქტობრივად, წვლილი არ შეუტანიათ. ამჯერად უფრო მნიშვნელოვანი იყო სომხური მოსახლეობის წვლილი”. ”24 საათს” პოლიტოლოგმა კახა გოგოლაშვილმა უთხრა: ”საკმარისია, არჩევნების დროს ერთხელ მაინც გაჩუმდეს საერთაშორისო თანამეგობრობა და ეს მოსკოვს მისცემს საბაბს ასეთი არგუმენტისთვის: საერთაშორისო საზოგადოება უკვე აღარ აპროტესტებს არჩევნებს, შეეგუა იმ ფაქტს, რომ ის არის დამოუკიდებელი ქვეყანა, გამოხატავს თავის ნებას და აქვს საკუთარი გზა.”

”ახალი თაობა” წერს, ”აფხაზეთში შეიძლება არეულობა დაიწყოსო”. დამარცხებულ კანდიდატებზე ავტორი წერს: ”ბაღაფშის გამარჯვებამ მათ ერთი სიკეთე მაინც გაუკეთა: ისინი ერთმანეთს შეურიგდნენ. როგორც ცნობილია, ოქტომბრის თვეში მათ ერთამენთისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებიათ, ახლა კი ერთიან ფრონტს ქმნიან და სამართლიანი არჩევნებისთვის აპირებენ ბრძოლას. ვნახოთ, რა იქნება. აფხაზეთში მოვლენები, წესით, ძალიან საინტერესოდ უნდა განვითარდეს”, - წერს ”ახალი თაობა”.

აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებზე ”კვირის პალიტრისთვის” პოლიტოლოგ ზურაბ აბაშიძის მიერ მიცემულ ინტერვიუშიც წაიკითხავთ. აბაშიძე არ ფიქრობს, რომ ამ არჩევნებმა აფხაზეთის სტატუსს ლეგიტიმურობის ახალი ხარისხი შესძინა. გარდა ამისა, ზურაბ აბაშიძე ამბობს: ”შესაძლებელია, საზოგადოების გარკვეული ნაწილი უკმაყოფილო იყოს რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური გავლენის გაძლიერებით, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის ისეთი ფენომენი, რომ აფხაზეთში სიტუაციის თვისობრივი ცვლილება მოახდინოს.”

მოსკოვში ქართველების ვიზიტები დღევანდელი პრესის ერთ-ერთ თემად რჩება. ”ჯორჯიან ტაიმსის” მფლობელი მალხაზ გულაშვილი ”ასავალ-დასავალს” საკუთარ ვიზიტზე ესაუბრება: ”ჩვენ მივაღწიეთ ჩვენს მიზანს, ანუ მივიღეთ მედვედევის თანხმობა იმ საკითხების გადაწყვეტაზე, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია!” - უთხრა მან გაზეთს. საკითხებს შორის კი, გულაშვილის თქმით, იყო: ლარსის საბაჟოს გახსნა ”არა მარტო სომხეთისთვის, არამედ საქართველოსთვისაც”, ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის გახსნა და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა.

”კვირის პალიტრაში” ქვეყნდება ინტერვიუ ტელეკომპანია ”მაესტროს” მმართველ ეროსი კიწმარიშვილთან, რომელიც ევროპაში ვიზიტის მიზნებზე ჰყვება. ამავე თემაზე კიწმარიშვილს ”რეზონანსმაც” დაუსვა შეკითხვები: ”ლონდონშიც, პარიზშიც და ვენაშიც [ვიზიტი] უკავშირდებოდა იმას, რომ მოვლაპარაკებოდი ისეთ ადამიანებს, რომელთაც აქვთ საშუალება, რომ ამ და შემდგომ ეტაპზე იყვნენ ჩვენი პარტნიორები. მათ შორის, საუბარი მქონდა ქიბარ ხალვაშის მეგობარ ირაკლი ოქრუაშვილთან, რომელთანაც ორი თემა მაკავშირებს, ეს არის ”რუსთავი-2”-თან დაკავშირებული დავა, რომელზეც მქონდა გარკვეული შეთავაზებები, რომ ერთად გვემუშავა ამ არხის დასაბრუნებლად და, მეორე, ქიბარ ხალვაშის ფინანსური რესურსების გამოყენებაზე ”მაესტროს” დასახმარებლად.” - კიწმარიშვილი ამბობს, რომ ჯერ არც ერთ საკითხზე პასუხი არ მიუღია.

ნამახვანის კასკადის მშენებლობის შესახებ თურქულ და სამხრეთკორეულ კომპანიებთან მემორანდუმის ხელმოწერას ”ვერსიის” ფურცლებზე ეხმაურება ”ეროვნული ფორუმის” წევრი ნიკო ორველაშვილი: ”ახლავე დაგითვლით და გეტყვით, რომ 450 მეგავატი სიმძლავრის ჰესი 560 მილიონზე მეტი არ უნდა ჯდებოდეს. საიდან მოვიდა მილიარდი? იცით, რა მოჰყვება ამას? ამ თანხას ჩადებენ ტარიფში და მერე ისევ ჩვენი კისრიდან ამოიღებენ.”

”კვირის ქრონიკა” რუბრიკაში ”გალერეა” პარლამენტის სპიკერ დავით ბაქრაძეს მასპინძლობს. ჟურნალისტი ინტერვიუს დასასრულს მას ეკითხება: ”როგორც მართლმადიდებელმა ადამიანმა, მიპასუხეთ, პატრიარქზე შეტევა იმართება თუ არა ხელისუფლებისგან და რატომ უკლავთ ადამიანებს ბოლო იმედს?”. ბაქრაძის პასუხი: ”მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ეს პროცესი თუნდაც რაიმე ფორმით არის წახალისებული ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ დღეს თუ ვინმეს აზიანებს ეს პროცესი, აზიანებს ხელისუფლებას და ის, რომ 6 წლის წინათ თეა თუთბერიძე ”თავისუფლების ინსტიტუტში” იყო დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთ ლიდერთან ერთად, არანაირად არ ნიშნავს, რომ ის დღეს რაიმე კონტაქტშია ხელისუფლებასთან. ამ ადამიანების ქცევა მიმაჩნია არაზნეობრივად.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG