Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტალინის დაბადების დღე განსხვავებული ემოციებით


რუსეთის კომუნისტური პარტიის აქტივისტები
რუსეთის კომუნისტური პარტიის აქტივისტები

რუსეთში დღეს იოსებ სტალინის დაბადებიდან 130-ე წლისთავს აღნიშნავენ. საბჭოთა ლიდერის იუბილე - როგორც შინაარსით, ისე ფორმით - განსხვავებული ღონისძიებებით აღინიშნება: მისი ხსოვნის პატივსაცემად ეწყობა საზეიმო ცერემონიები და გაიცემა მედლები, მაგრამ, ამავე დროს, მოსკოვი მასპინძლობს გამოფენას, რომელიც ყოფილი დიქტატორის სასტიკ და დაუნდობელ მხარეს ასახავს.

სტალინის მმართველობის დროს სიკვდილით
დასჯილი ადამიანების აღმოჩენილი თავის ქალები
ლვოვში, უკრაინა

იოსებ სტალინის მმართველობის პირობებში საბჭოთა კავშირის მილიონობით მოქალაქე დაიღუპა გადასახლების თუ ეთნიკური ჯგუფების დეპორტაციების შედეგად.

ამის მიუხედავად, სტალინი რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ისტორიულ ფიგურად რჩება. ის ახსოვთ როგორც ლიდერი, რომელმაც საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება მოუტანა - ტრიუმფი, რომლის შესახებაც 1945 წლის 10 მაისს მან თავად გამოაცხადა საბჭოთა რადიოთი:

"ამხანაგებო! დიდი სამამულო ომი ჩვენი სრული გამარჯვებით დასრულდა. ევროპაში ომის პერიოდი დამთავრდა. დაიწყო მშვიდობიანი განვითარების პერიოდი."

სტალინი - იოსებ ჯუღაშვილი - 130 წლის წინ დაიბადა გორში. მისი მომხრეები ყოფილი ლიდერის პატივსაცემად ორშაბათს იქაც შეიკრიბნენ. რუსეთში კი კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებმა კრემლის წინ, სტალინის საფლავზე, გვირგვინები მიიტანეს.

ამასთან, კომუნისტებმა რამდენიმე ცნობილი სპორტსმენი - მათ შორის, ჭადრაკში ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ანატოლი კარპოვი - მედლებით დააჯილდოვეს და სტალინის კრიტიკაზე მორატორიუმის დაწესების მოწოდებით გამოვიდნენ, რათა ხალხს მის მიღწევებზე დაფიქრების საშუალება მიეცეს.

რუსეთის კომუნისტური პარტიის აქტივისტები
ყვავილებით ამკობენ სტალინის საფლავს წითელი
მოედნის კედელთან

თუმცა ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვის შედეგები მოწმობს, რომ რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობას სტალინის შესახებ ისედაც დადებითი აზრი აქვს - სტალინის მმართველობა პოზიტიურად შეაფასა გამოკითხულთა 54-მა პროცენტმა, ნეგატიური აზრის კი მხოლოდ 8 პროცენტი აღმოჩნდა.

გასულ წელს სტალინმა მესამე ადგილი დაიკავა „დიდი რუსების“ შესახებ სატელევიზიო გამოკითხვაში - მას მხოლოდ ალექსანდრე ნეველმა და მეოცე საუკუნის რეფორმატორმა, პიოტრ სტოლიპინმა, გაუსწრეს.

სტალინის მემკვიდრეობის მიმართ დადებითი განწყობის დაბრუნება ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში აღზევებას დაემთხვა. ბევრი კრიტიკოსის აზრით, კრემლი მიზანმიმართულად ახორციელებს სტალინის მემკვიდრეობის რომანტიზაციას, რათა საზოგადოებას ძლიერი ლიდერების ახალი თაობის მიმართ პოზიტიური შეხედულება ჩამოუყალიბდეს.
ასეთი ტენდენციები ბევრს შემაშფოთებლად ეჩევნება - მათ შორის არის სტალინისტური რეპრესიების მსხვერპლთა პატივსაცემად შექმნილი უფლებადამცველი ჯგუფის, „მემორიალის“, აქტივისტი ირინა შჩერბაკოვა:

„მე ვთვლი, რომ დღეს არაფრის გაკეთება საჭირო არ არის, იმიტომ რომ ეს დღე არაფრითაა გამორჩეული. ის ფაქტი, რომ ეს დღე რუსეთში მართლაც გამორჩეულ დღედ იქცა, დიდი უბედურებაა და იმ დიდ არეულობას ადასტურებს, რომელიც ჩვენი ხალხისა და საზოგადოების თავებში სუფევს."

შჩერბაკოვა „სევდიანს“ უწოდებს ბოლო გამოკითხვის შედეგად გამოკვეთილ მონაცემს, რომ ხალხის 30 პროცენტზე მეტი სტალინს დღესაც ლიდერად ისურვებდა. მისი აზრით, ეს ტენდენცია მოწმობს, რომ რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის თვალში ქვეყნის წარსული მითოლოგიზირებული და დეფორმირებულია და ასეთ მითებს არაფერი აქვს საერთო რეალურ ისტორიასთან.

სტალინის თაყვანისმცემლები წითელ მოედანზე

შემოდგომაზე რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, ბევრი ადამიანი გააკვირვა სტალინის რეჟიმის ღიად გაკრიტიკებით.

პოლიტიკური რეპრესიების მსხვეპლთა ხსოვნის პატივსაცემად გაკეთებულ განცხადებაში მედვედევმა სტალინის რეპრესიებს „რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია“ უწოდა. „ადამიანური ტრაგედიის და დანაკარგის ხარჯზე ქვეყანას არანაირი განვითარების, წარმატების თუ ამბიციის მიღწევა არ შეუძლიაო,“ განაცხადა მან.

სტალინის დაბადების 130-ე წლისთავს ოფიციალური გამოხმაურება არ მოჰყოლია. რუსეთის ტელევიზიებს ამ დღეს გამართული ღონისძიებებისთვის დიდი დრო არ დაუთმიათ. პარალელურად, მოსკოვის ერთ-ერთ ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაიხსნა ექსპოზიცია, რომელიც დიქტატორის ცინიკურ და უხამს მხარეს ასახავს.

გამოფენაზე, რომელსაც „წინამძღოლის შეტყობინებები - სტალინის ავტოგრაფები“ ჰქვია, წარმოდგენილია მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის მხატვრების ნახატები, რომლებზეც გამოხატული შიშველი სხეულები სტალინის ხელით არის გადაჯღაბნილი. ლიდერის მიერ გაკეთებული წარწერები - მათ შორის, ქართულ ენაზე - დამცინავი და უწმაწური ხასიათისაა.

სურათი სტალინის მინაწერით
ერთ-ერთი წარწერა, რომელიც შიშველი მამაკაცის სურათზეა გაკეთებული, ეხება საერთაშორისო კომუნისტური ორგანიზაციის ყოფილ ხელმძღვანელს, კარლ რადეკს, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, სტალინის რეპრესიებს შეეწირა 1939 წელს. „ჟღალი ნაძირალა რადეკი. ქარის წინააღმდეგ რომ არ მოეშარდა, გაბოროტებული რომ არ ყოფილიყო, ახლა ცოცხალი იქნებოდაო“, - წერს სტალინი დაღუპულის შესახებ.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG