Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა ტრადიციული საშობაო სიტყვა წარმოთქვა


რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ ტრადიციული საშობაო სიტყვით - „ქალაქს და მსოფლიოს“ - მიმართა მორწმუნეებს. ვატიკანში შობის დღესასწაულის აღნიშვნა ინციდენტით დაიწყო - ტაძარში შესულ პაპს ქალი ჩაუვარდა ფეხებში, რის შედეგადაც 82 წლის პაპი წაიქცა.

რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ ტრადიციული საშობაო სიტყვა „Urbi et Orbi“ – „ქალაქსა და მსოფლიოს“ - წარმოთქვა ვატიკანში. ამ სიტყვით ის მორწმუნეებს წელიწადში ორჯერ - შობისა და აღდგომის დღესასწაულებზე - მიმართავს.

წმინდა პეტრეს ტაძარში, დაახლოებით 10,000 მომლოცველის წინაშე გამოსვლისას, პაპს არ უხსენებია ცოტა ხნის წინ მომხდარი ინციდენტი, როცა მასთან წითლებში ჩაცმული ქალი მიიჭრა, სამოსზე დაეჭიდა და წააქცია.

პაპმა მორწმუნეებს სხვების მიმართ უფრო მეტი გულისხმიერების გამოჩენისკენ მოუწოდა:

„გამოღვიძება კერძო სამყაროს დატოვებას და საერთო რეალობაში შესვლას ნიშნავს - ერთადერთ ჭეშმარიტებაში, რომელსაც ყველა ადამიანის გაერთიანება შეუძლია.“

კონფლიქტურ ზონებში მცხოვრებ მორწმუნეებს ბენედიქტე მეთექვსმეტემ ურჩია ერთმანეთს უფრო მეტი პატივისცემით მოეკიდონ:

„მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტები და შერიგების ნაკლებობა უკავშირდება ჩვენს ჩაკეტილობას ვიწრო სამყაროში, ჩვენს ინტერესებსა და მოსაზრებებში. ეგოიზმი - იქნება ეს ინდივიდების თუ კოლექტივების დონეზე - ჩვენივე ინტერესების და სურვილების ტუსაღებად გვაქცევს, რაც ჭეშმარიტებას წინ ეღობება და ერთმანეთს გვაშორებს.“

ინციდენტის მომხდენი ქალი 25 წლის სუსანა მაიოლო იყო - იტალიის და შვეიცარიის ორმაგი მოქალაქე. ის უსაფრთხოების მიზნით აღმართულ ღობეს გადაახტა და პაპთან მიიჭრა, რამაც პაპის წაქცევა გამოიწვია. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მაიოლოს მხოლოდ რომის პაპთან მიახლოება და ხელის შეხება უნდოდა.

ვატიკანის ინფორმაციით, მაიოლომ შარშანდელ საშობაო მსახურებაზეც სცადა პაპთან მიახლოება.

ვატიკანის ცნობით, ქალს „ფსიქიკური პრობლემები“ აღენიშნებოდა და ის საავადმყოფოში მოათავსეს სამკურნალოდ.

ინციდენტის შემდეგ ვატიკანში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.

ახლახან მილანში იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონიზე განხორციელდა თავდასხმა. ახალგაზრდა კაცმა მას მილანის ტაძრის მცირე ასლის ჩარტყმით ორი კბილი ჩაუმტვრია და ცხვირი გაუტეხა. ბერლუსკონის საავადმყოფოში მოუხდა მკურნალობა.

ვატიკანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ბევრი უსაფრთხოების ზომების არასაკმარისად დაცვაზე ალაპარაკდა - მათ შორის იყო იტალიელი მომლოცველი პიპო სტოპანი:

„ეს უსიამოვნო სანახაობა იყო. რამდენიმე დღის წინ ბერლუსკონის დაესხნენ თავს, ახლა კიდევ პაპს დაემართა ასეთი რამ. ვფიქრობ, პაპი არ იყო სათანადოდ დაცული. უსაფრთხოების მცველები უფრო მეტად უნდა გაფრთხილდნენ - განსაკუთრებით დღევანდელ დღეს. “

2007 წელს გერმანელი კაცი გადაახტა უსაფრთხოების მიზნით აღმართულ ღობეს და პაპის მანქანასთან მიახლოება სცადა.

1981 წელს თურქეთის მოქალაქემ, მეჰმეტ ალი აღამ, პაპ იოანე პავლე მეორეს ესროლა და მძიმედ დაჭრა. მოგვიანებით პაპმა თავდამსხმელს დანაშაული მიუტევა.
XS
SM
MD
LG