Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერაბ ბერძენიშვილი: ”სტრესის გადასატანად ფილმებს ვუყურებ... ლეონარდოზე, მიქელანჯელოზე”


მერაბ ბერძენიშვილი
მერაბ ბერძენიშვილი
მერაბ ბერძენიშვილს მოქანდაკის სახელოსნოში ვესაუბრეთ. ინტერვიუს ჩაწერის დროს განუწყვეტლივ რეკავდა ტელეფონი... არ პასუხობდა. ბოლოს გამორთო. არადა, როგორც ჩანს, ცუდ ამბავს ატყობინებდნენ - 19 დეკემბერს, როცა ამ ინტერვიუს ვწერდით, ქუთაისში, დიდების მემორიალის აფეთქების დროს, ადამიანები დაიღუპნენ... ეს ამბავი სახელოსნოდან გამოსვლის დროს შევიტყვე, როცა ტელეფონი ჩავრთე.

უკან არ მივბრუნებულვარ... ან რა უნდა მეკითხა? მემორიალის აფეთქებაზე რომ ვკითხე, როგორ შეაფასებთ-მეთქი, იმაზეც გაღიზიანდა:

”ჩემი სათქმელი უკვე ვთქვი ”საქართველოს რესპუბლიკაში”. იმატა მოსკოვიდან ზარებმა... მოსკოველებს ესმოდათ ჩემი, როცა ვამბობდი, რომ არა მაქვს განწყობა ვილაპარაკო, რას წარმოადგენდა ეს ძეგლი. ქართველებს ვერ გავაგებინე... გინდა თუ არა, თქვენი კომენტარი გვინდაო.”

მერაბ ბერძენიშვილმა კომენტარისგან თავი შეიკავა მაშინაც კი, როცა ვლადიმირ პუტინი დიდების მემორიალის ”პოკლონნაია გორაზე” დადგმის ინიციატივით გამოვიდა. ძეგლისგან არაფერია დარჩენილი და, აბა, როგორ უნდა აღადგინონო... რუსეთზე საუბარი (გაგახსენებთ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ თავიდანვე დაგმო დიდების მემორიალის განადგურების ფაქტი ქუთაისში) ჩვენთანაც არ ისურვა - რუსეთი ახლა ნაკლებად მაინტერესებს, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლება ხელოვნების ნაწარმოებს, ძეგლს, ამჯერადაც ისე მოექცა, როგორც მაშინ, როცა ავტორის გარეშე დავით აღმაშენებლის ძეგლი გადაიტანაო. სხვათა შორის, ისიც გვითხრა, რომ გული უგრძნობდა, ოდესმე ”დიდების მემორიალის” დროც დადგებოდა:

”მანამდე რა მოხდა, იცით? დაარბიეს, შუაგული ამოჭრეს და თითქმის ორი წელიწადი იყო ეგრე ამოჭრილი. ვწერდი გაზეთში, მივმართე ქუთაისის საზოგადოებას, იქაურ მთავრობას - არავითარი ყურადღება”, - გვითხრა მერაბ ბერძენიშვილმა.
ვკითხეთ, ვის უშლიდა ხელს ეს ძეგლი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ”დიდების მემორიალის” აღების იდეამაც კი (აღარაფერს ვამბობ უდანაშაულო მსხვერპლზე, რომელიც ძეგლის აფეთქებას მოჰყვა) მნიშვნელოვნად იმოქმედა ხელისუფლების რეიტინგზე.

მერაბ ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ისტორიის ”გადაწერას” ცდილობს. ამიტომაც ყველაფერს, რაც საბჭოთა წარსულს უკავშირდება, ნეგატიურად აღიქვამს. წარსულის უარყოფა, მოქანდაკის აზრით, საერთოდ, კულტურის უარყოფას ნიშნავს... კულტურისა და იმ გმირებისა, რომლებიც ისტორიამ და კულტურამ შექმნეს. მელიტონ ქანთარიაც გაიხსენა:

”ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, როგორ ლანძღავდნენ მელიტონ ქანთარიას: მაგან მოსკოვში დაგეგმილი ოპერაცია შეასრულაო.. დავუშვათ და, შეასრულა, მან ხომ გმირობა ჩაიდინა. რაიხსტაგზე ასვლის დროს ასობით ადამიანი დაიღუპა. ტყვიების ქარცეცხლში გაიარა ამ კაცმა. მისი გვარი მსოფლიომ გაიგო და შინ ესენი ქილიკობენ.”

ჩვენთან საუბარში მერაბ ბერძენიშვილი იტალიას იხსენებს: მუსოლინის მოედანი დატოვეს, რადგან მათთვის ეს ისტორიაა, რომელიც მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენო... ამიტომ არ უჭერს მხარს სტალინის ძეგლის აღებას გორში და, საერთოდ, უკვე აშენებულის და აგებულის აღებას, ნგრევას, აფეთქებას ბარბაროსობად, ველურობად მიიჩნევს.

მერაბ ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ ხელოვნების იდეოლოგიზაციის ეს პროცესი დღესაც გრძელდება; ჩინოვნიკებს უჭირთ ხელოვნების ნაწარმოების გაგება და ამიტომ, როგორც წესი, სასაცილო ხდება ხოლმე, როცა ხელოვანის საქმეებში ერევიან. სასაცილო და ტრაგიკული, ერთდროულად.

მერაბ ბერძენიშვილის თქმით, ”დიდების მემორიალი” არა მარტო მეორე მსოფლიო ომის წლებში დაღუპულ ჯარისკაცებს ეძღვნება, არამედ ეძღვნება ყველას, ვინც ომის წინააღმდეგ გამოდის... შეიძლება ითქვას, პაციფისტური ძეგლია, რომელიც, ამავე დროს, ომში დაღუპული გმირების მარადიულ ხსოვნას ამკვიდრებს... 1981 წელს, ეგრეთ წოდებული ”ზასტოის ეპოქაში”, გაქანებული ”ცივი ომის” დროს, როცა საბჭოთა ტანკები ავღანეთში შეიჭრნენ, ასეთი ძეგლის დადგმაც გმირობის ტოლფასი იყო, გარკვეული თვალსაზრისით... დღეს კი ამ ძეგლს ”საბჭოთა ხელოვნებად” ნათლავენო, ამბობს გულდაწყვეტილი მოქანდაკე... გულდაწყვეტილი იმის გამო, რომ ამხელა შრომა რამდენიმე წამში გაუნადგურეს და, ამასთან, ძეგლი, როგორც თავად ამბობს, იმ ხალხმა შეუფასა, საერთოდ რომ ვერ ერკვევა ხელოვნებაში... თუმცა ჩვენთან საუბარში იმასაც დასძენს, რომ ბედნიერია, ქართულმა საზოგადოებამ რომ მხარი დაუჭირა - ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანების ”მოთვინიერება” არც ისე ადვილიაო:

“ კიდევ ერთხელ დავინახე საზოგადოების ჩემდამი დამოკიდებულება.... სტრესის გადასატანად კი მაქვს ფილმები - მიქელანჯელოზე, ლეონარდოზე”, - გვითხრა შეხვედრის დასასრულს ქართული ხელოვნების კლასიკოსმა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG