Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალი წლის დღეებში გაძლიერებული სამსახურის რეჟიმში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციის კომიტეტმა გაავრცელა. ეს რეჟიმი დღეიდან დაიწყო და 15 იანვრამდე გაგრძელდება. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ქუჩებში მართლწესრიგის დასამყარებლად არის მიღებული, რადგან ახალი წლის დღეებში დე ფაქტო რესპუბლიკაში არაერთი ღონისძიების ჩატარებაა დაგეგმილი. გუშინ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ სამართალდამცავი და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან საგანგებო თათბირი ჩაატარა და მათ საახალწლო დღესასწაულების დროს ყურადღებისკენ მოუწოდა. კოკოითიმ აღნიშნა, რომ ახალი წლის ღამეს ცხინვალში ძლიერი სროლა დაიწყება. ამიტომ სამართალდამცავებმა მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოიჩინონ ამის აღსაკვეთად. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ძალოვან მინისტრებს ასევე მოსთხოვა, რომ პირადმა შემადგენლობამ ახალი წლის დღეებში ტაბელური იარაღი ჩააბაროს. კოკოითის თათბირი დე ფაქტო რესპუბლიკის ტელევიზიამ ეთერში გადასცა.

გაეროს ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელის მალხაზ მინდიაშვილის აზრით, დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობაში დიდი რაოდენობით იარაღია დარჩენილი, რომლის ამოღება ადგილობრივმა სამართალდამცავმა უწყებებმა ვერ შეძლეს. ამიტომ საფრთხე, პირველ რიგში, თვითონვე ემუქრებათ. გარდა ამისა, მინდიაშვილს მიაჩნია, რომ კოკოითი არ ენდობა საკუთარ შეიარაღებულ ძალებსაც, სადაც ხალხი შემთხვევით არის მოხვედრილი.

მალხაზ მინდიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ახალი წლის ღამეს ცხინვალიდან ინტენსიური ცეცხლი ქართული სოფლების მიმართულებითაც გაიხსნას, თუმცა, მისი აზრით, ეს უმისამართო სროლა იქნება, რომელიც ქართული მოსახლეობის დასაშინებლად იქნება გამიზნული. დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერს რომ მოსახლეობაში დარჩენილი იარაღის ამოღება უჭირს, ეს არაერთი გამოსვლისას აღნიშნა. არადა, რამდენიმე წლის წინ ეს იარაღი თვითონვე დაარიგა.
XS
SM
MD
LG