Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ მოკვდა საპატიმროში ადვოკატი მაგნიცკი


სერგეი მაგნიცკის დაკრძალვა
სერგეი მაგნიცკის დაკრძალვა
რუსმა უფლებადამცველებმა, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით სასჯელაღსრულებით დაწესებულებებს ამოწმებენ, დაგმეს ადვოკატ სერგეი მაგნიცკის მიმართ მოპყრობა. მაგნიცკი 16 ნოემბერს 37 წლის ასაკში გარდაიცვალა მოსკოვის საპატიმროში. ციხის ხელმძღვანელობამ უარი თქვა დაენიშნათ მკურნალობა პატიმრისათვის, რომელსაც პანკრეასისა და კუჭის ქრონიკული ტკივილები აწუხებდა. წამყვანმა რუსმა უფლებადამცველმა და დამოუკიდებელი საჯარო კონტროლის კომისიის წევრმა ვალერი ბორშჩევმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საპატიმროში ადვოკატ მაგნიცკის უფლებები შეილახა:

“ჩვენ დავრწმუნდით იმაში, რომ მაგნიცკის სათანადო სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს. მას გაურთულდა მდგომარეობა. იგი სამთვე-ნახევრის განმავლობაში რვაჯერ გადაიყვანეს საკნიდან საკანში. თანაც, ეს საკნები იყო ცუდი, არ შედიოდა შუქი, არ იყო ვენტილაცია და რვა-ნახევარი კვადრატული მეტრის ფართობზე სამი ადამიანი იყო მოთავსებული.”

მაგნიცკი, რომელსაც ბრალი გადასახადების დამალვაში ედებოდა, თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში. მაგნიცკიმ, ერმიტაჟის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის ადვოკატმა, 2008 წელს ამხილა პოლიციის ორი მაღალჩინოსანი, რომლებმაც ერმიტაჟის საფინანსო დოკუმენტაცია ამოიღეს. გამოძიების თანახმად, სწორედ ეს საფინანსო დოკუმენტები გამოიყენა ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა ერმიტაჟის კონტროლირებადი კომპანიების მოსატყუებლად.

უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული საქმე, რომელსაც მაგნიცკის მიერ მხილებული ერთ-ერთი პოლიციელი იძიებდა, მიზნად ისახავდა იძულებული გაეხადათ ადვოკატი, ჩვენება მიეცა ერმიტაჟისა და მისი ამერიკელი დამფუძნებლის, უილიამ ბროუდერის, წინააღმდეგ. დამოუკიდებელი კომისია უყურადღებობასა და გულგრილობაში ბრალს სდებს ასევე ზედამხედველ გამომძიებელ ოლეგ სილჩენკოს, რომელმაც ყურად არ იღო მაგნიცკის საჩივარი. მკურნალობის დანიშვნის ნაცვლად, სილჩენკომ მიიღო გადაწყვეტილება პატიმარი მატროსსკაია წიშინადან ბუტირკის ციხეში გადაეყვანა და ეჭვმიტანილს ოჯახთან კონტაქტის საშუალება მოუსპო.

დამოუკიდებელი კომისიის წევრი ვალერი ბორშჩევი დარწმუნებულია, რომ მათი დასკვნა ზემდგომ ინსტანციებს გადაეგზავნება და მას სათანადო რეაგირებაც მოჰყვება:

“რა თქმა უნდა, ამ ჩვენს დასკვნას გავუგზავნით ადამიანის უფლებათა დარგში პრეზიდენტის რწმუნებულს, გენერალურ პროკურორს, მოსკოვის პროკურატურას, იუსტიციის მინისტრს. არ ვფიქრობ, რომ ყველაფერს გაიზიარებენ, რაც დოკუმენტში ჩავწერეთ, მაგრამ რაღაცას აუცილებლად მიიღებენ. დოკუმენტს ასევე გავუგზავნით რუსეთის პრეზიდენტს, რაკი შემოწმების ეს პროცესი მისი ინიციატივით დაიწყო.”

ძალიან მალე, ადვოკატ მაგნიცკის სიკვდილის შემდეგ, ელლა პანფილოვამ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო საქმეებისა და ადამიანის უფლებათა ხელშემწყობი საბჭოს თავმჯდომარეა, ამ ინციდენტს “მკვლელობა და ტრაგედია” უწოდა. დეკემბრის დასაწყისში კი პრეზიდენტმა მედვედევმა ადვოკატ მაგნიცკის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პენიტენციარული სისტემის 20-ზე მეტი მაღალი რანგის მოხელე გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG