Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო თანამეგობრობა - 2009 წლის ყველაზე დიდი დამარცხებული


European and national flags
European and national flags
ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის თვალსაზრისით, 2009 წელი შესაძლებელია დაგვამახსოვრდეს როგორც უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე დიდი იმედგაცრუება. გასულ წელს მნიშვნელოვნად დაკნინდა მსოფლიოს ხედვა, დაფუძნებული როგორც ამერიკის ძლევამოსილ იდეალიზმზე, ასევე ევროკავშირის კანტისეულ კონცეფციაზე სახელმწიფოებისთვის ერთიანი და სამართლიანი კანომდებლობის შესახებ. საერთაშორისო თანამეგობრობის მარცხის ნიშნებსა და მიზეზებზე აჰტო ლობიაკასის ანალიტიკურ სიუჟეტს გაგაცნობთ.

უკანასკნელმა ათწლეულმა აჩვენა, რომ არ გამართლდა ოპტიმიზმი, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ გაჩნდა. სამართლიანმა და უნივერსალურმა მსოფლიო წესრიგმა ვერ ჩაანაცვლა ორად გახლეჩილი და ერთმანეთთან დაპირისპირებული სამყარო. ლიდერობის მთავარმა პრეტენდენტებმა, ამერიკამ და ევროკავშირმა, ვერ შეძლეს მსოფლიო წერიგის უზრუნველყოფა. საყრდენი ეცლება მათ მიერ მხარდაჭერილ იდეალებს, რომელთაც სულ უფრო და უფრო ხშირად აყენებენ ეჭვქვეშ კონკურენტი ქვეყნები: რუსეთი, ჩინეთი და ირანი.

თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატები შეეჯახა საუკუნოვან პრობლემას, რომელიც თავს იჩენს ნებისმიერი ფორმის იმპერიალიზმის პირობებში, როცა საქმე ეხება რომელიმე ქვეყნის ემანსიპაციას, რაც, საბოლოო ჯამში, უკმაყოფილებით მთავრდება - იქნება ეს ევროპა, ერაყი თუ ავღანეთი.

ერთი შეხედვით, შედარებით პერსპექტიულად მოჩანს ევროკავშირის სტრატეგია ნებაყოფლობითი გარდაქმნის შესახებ. ლისაბონის ხელშეკრულების საფუძველზე ბლოკის მუდმივმოქმედ პრეზიდენტსა და საგარეო პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს აქვთ მეტი შესაძლებლობა, სარგებელი ნახონ. აი, რა განაცხადა თანამდებობიდან წასვლის წინ ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერმა:

„ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ამ დიდი იმპულსით, რადგანაც, ჩემი ღრმა რწმენით, თუ ევროპას უნდა ფეხზე წამოდგეს და მსოფლიოს სხვა მსხვილ მოთამაშეებთან ითანამშრომლოს, ის უნდა იყოს გაცილებით ძლიერი და მას უნდა განიხილავდნენ როგორც მეტად ძლიერს.“

ხავიერ სოლანამაც, რომელიც ათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას, განაცხადა, რომ ევროკავშირი არის „ემბრიონი - მოდელი იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყნებმა გაინაწილონ სუვერენიტეტი მსოფლიოში, რომელიც, ცალკეული ქვეყნების ნაცვლად, გაერთიანებებისგან იქნება შემდგარი.“ ანტონიო მისიროლი, ბრიუსელში მოქმედი ევროპის პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ამბობს, რომ ევროკავშირს აქვს პოტენციალი, მთავარი როლი ითამაშოს გლობალურ პოლიტიკაში, მაგრამ ამას ვერ შეძლებს, თუ წევრი ქვეყნები წინ დააყენებენ საკუთარ ინტერესებს.

„მე ვიტყოდი, რომ ამის განხორციელების პოტენციალი არსებობს, მაგრამ არ არსებობს არანაირი გარანტია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება უახლოეს თვეებში ბევრი მექანიზმის შეჯერებასა და წევრი-სახელმწიფოების მზადყოფნაზე ითამაშონ ამ მიმართულებით“, - განაცხადა ანტონიო მისიროლიმ.

თუმცა ევროკავშირი სულ უფრო მეტად ემსგავსება მულტილატერალურ გაერთიანებას, რომლის წევრთა ფასეულობები არ ემთხვევა ერთმანეთს - წევრი სახელმწიფოები ასევე პასუხისმგებლები არიან იმაზე, რომ ეროვნულ ინტერესებს გლობალური იდეების წინ აყენებენ, მთავარი ისაა, რომ ევროკავშირს უნდა გაატაროს ეგრეთ წოდებული „მშვიდი დიპლომატიის“ კურსი, რომელსაც მხარს უჭერს კეტრინ ეშტონი, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, მაგრამ საკუთარი სიტყვების გასამყარებლად არა აქვს სათანადო ბერკეტი. ამისათვის ის უნდა მივიდეს ნატოსთან და, საბოლოო ჯამში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუმცა შეერთებული შტატებიც მოკავშირეების არჩევისას იდეალებზე მეტად სარგებელს აქცევს ყურადღებას. არადა, ევროკავშირში შემავალი ქვეყნები ავღანეთის მისიაში ისე არ მონაწილეობენ, როგორც ამას ნატოსა და ამერიკის ხელმძღვანელობა ისურვებდა. დანიელ კორსკი, ლონდონში მოღვაწე ანალიტიკოსი, ამბობს, რომ ავღანეთის მისიის ბედი თავისთავად არ წყვეტს ნატოს ბედს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მან, შესაძლოა, ალიანსი კატასტროფულად შეცვალოს.
„უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ალიანსი, მართალია, გააგრძელებს არსებობასა და მუშაობას, მაგრამ ერთიანობის ელემენტს - რწმენას, რომ, განსხვავებით ევროკავშირის, გაეროსა და სხვა ნებისმიერი ალიანსისგან, შესაძლებელია ოპერატიულად ორგანიზება - საფუძველი შეერყევა“, უთხრა რადიო თავისუფლებას დანიელ კორსკიმ.

კორსკის თქმით, ეჭვის ქვეშ დადგება ნატოს სხვა არაერთი როლიც - მათ შორის, როგორც პოლიტიკური ფორუმისა, ასევე ბალკანეთში უსაფრთხოების გარანტორისა, რომ არაფერი ვთქვათ, მეხუთე მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებაზე. გარდა ამისა, ეჭვის ქვეშ დგება ევროკავშირის უნარი ააგოს როგორც თავისი საგარეო პოლიტიკა, ასევე უზრუნველყოს საკუთარი გრძელვადიანი უსაფრთხოება. საბოლოო ჯამში, ამერიკის შეერთებული შტატები ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია აქტიურად დაუჭიროს მხარი დასავლური ღირებულებების მატარებელ ქვეყანასა თუ ორგანიზაციას. შესაბამისად, ამერიკის იმედგაცრუება და იზოლაციონიზმი ხელს შეუწყობს ბუნდოვანების შემდგომ გაღრმავებას. არადა, იმედგაცრუების რისკი მაღალია. თუ ავღანეთი ჭაობად იქცევა, საზოგადოებრივი აზრი ამერიკაში შემობრუნდება საერთაშორისო თანამეგობრობისა და გლობალურ კონფლიქტებში ამერიკის მონაწილეობის წინააღმდეგ.

რაც შეეხება ევროკავშირის პოლიტიკას უშუალო მეზობლების მიმართ, იგი სულ უფრო მეტად პრაგმატული და ნაკლებად იდეოლოგიური ხდება. მაიკლ ემერსონი, ბრიუსელში მდებარე ევროპის პოლიტიკური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ ამის გამო სამეზობლოში კავშირის პოლიტიკა წარმატებულად ვერ ჩაითვლება:

«ეს დაკავშირებულია ფუნდამენტურ საკითხთან - პოლიტიკური და ოპერატიული თვალსაზრისით ფუნდამენტურ საკითხთან: აქვს კი სურვილი ევროკავშირს შესთავაზოს გაწევრიანების თუნდაც გრძელვადიანი პერსპექტივა იმ ქვეყნებს, რომლებსაც აქამდე უარს ეუბნებოდა? კავშირის ნახევარი თანახმაა ამაზე, ნახევარი კი - არა. ეს გარემობა კავშირის სამეზობლო პოლიტიკას სიღრმისეულად უუნაროს ხდის.“

შედეგად, ევროკავშირის ამგვარი პოლიტიკის გამო აღმოსავლეთით მდებარე მეზობელი ქვეყნები ახლა უფრო მყიფე მდგომარეობაში არიან, ვიდრე ხუთი წლის წინ იყვნენ. თუმცა არის სხვა პრობლემებიც. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, საუბრისა და მსჯელობის გარდა, არაფერი შეუძლია. ის ვერ ახერხებს ერთსულოვნებისა და ეფექტიანი მართვის შეთავაზებას ვერც ერთ მიმდინარე კრიზისულ საკითხზე - იქნება ეს ირანი, ახლო აღმოსავლეთი თუ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა. გაეროს არასოდეს შეეძლო მნიშვნელოვან პრობლემებზე უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს შორის ერთსულოვნების მიღწევა. იგივე შეიძლება ითქვას გაეროს უმცროს ძმებზე, რეგიონალურ ორგანიზაციებზე, ეუთოსა და ევროპის საბჭოზე, რომლებსაც, ფაქტობრივად, აღარ გააჩნიათ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიანი მექანიზმები. ერთი სიტყვით, არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, გლობალურ არენაზე ვითარება რთულდება, რაც, უპირველეს ყოფლისა, მცირე მოთამაშეებისთვისაა ცუდი.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG