Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსია-რუსეთის უთანხმოება ევროპის ნავთობით მომარაგებას ემუქრება


სატრანზიტო გაზსადენი, ბელორუსია
სატრანზიტო გაზსადენი, ბელორუსია

რუსეთ-ბელორუსიას შორის ნავთობის ფასზე გაჭიანურებული დავა საფრთხეს უქმნის ევროპის ნავთობპროდუქტებით მომარაგებას. უთანხმოების გამო, მოსკოვმა პირველი იანვრიდან მკვეთრად შეამცირა ნავთობის იმპორტი მეზობელ ქვეყანაში.

ევროპის ქვეყნები ყურადღებით აკვირდებიან რუსეთისა და ბელორუსიის მოლაპარაკებას, რომელიც 31 დეკემბერს უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა ვერ მოილაპარაკეს ნავთობის მიწოდების პირობებზე.

სააგენტო „რეიტერის“ ცნობით, ბელორუსიაში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელ ორ ქარხანას უკვე შეუმცირდა ნედლეულის მიწოდება, თუმცა, ადგილობრივი სააგენტოების ინფორმაციით, ნავთობის მოცულობა არ შემცირებულა ნავთობსადენ „დრუჟბაში“, რასაც ადასტურებენ როგორც ბელორუსიის სახელმწიფო ნავთობკომპანიაში, ასევე „როსნეფტში“, რომელიც ნავთობსადენის მონოპოლისტი მფლობელია.

რუსეთ-ბელორუსიის დავას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის, რადგანაც ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან რუსული ნავთობი ევროპის ქვეყნებს ბელორუსიაზე გამავალი ნავთობსადენით მიეწოდება. 2007 წელს ანალოგიური დავის დროს პრობლემები შეექმნათ გერმანიასა და პოლონეთში მდებარე გადამამუშავებელ ქარხნებს, თუმცა რუსეთი ირწმუნება, რომ ევროპის მომარაგებას ამჯერად საფრთხე არ ემუქრება.

რუსეთი დღის განმავლობაში ნავთობსადენ „დრუჟბის“ საშუალებით ევროპას დღეში ერთ მილიონ ბარელზე მეტ ნედლ ნავთობს აწვდის. ამ გზით საკუთარი მოხმარების 15 პროცენტს იკმაყოფილებს გერმანია, პოლონელი მომხმარებელი კი 75 პროცენტითაა დამოკიდებული „დრუჟბიდან“ მიღებულ ნავთობზე.

რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული ბელორუსიის ეკონომიკაც. მინსკი რუსეთიდან მიღებული ნავთობის დიდი ნაწილის რეექსპორტს ახდენს, ამიტომ მისთვის დაბეგვრის რეჟიმს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. თუმცა ჯერ კიდევ 18 დეკემბერს რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა იგორ სეჩინმა განაცხადა, რომ რუსეთმა ბელორუსიას შესთავაზა დაუბეგრავად მიაწოდოს მხოლოდ 5-7 მილიონი ტონა ნავთობი შიდა მოხმარებისთვის. პასუხად ბელორუსიამ მოითხოვა 8-9 მილიონი ტონის დაუბეგრავად და დანარჩენი ოცი მილიონი ტონის კი შეღავათიანი დაბეგვრით მიღება.

რუსეთი აცხადებს, რომ არ აპირებს ბელორუსიის ეკონომიკის სუბსიდირებას და მეზობელ ქვეყანას საბაზრო ურთიერთობაზე გადასვლას სთავაზობს, თუმცა ოფიციალური მინსკი ამას ზეწოლად აღიქვამს და ტრანზიტის გადასახადის გაათმაგებით იმუქრება. ბელორუსიის მთავრობა მიიჩნევს, რომ რუსეთსა და ყაზახეთთან ერთად საბაჟო კავშირის წევრობა შეღავათების მოთხოვნის უფლებას აძლევს.

რადიო თავისუფლების ანალიტიკოსი იური დრაკოხრუსტი ამბობს, რომ დავა უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და რომ დათმობა, სავარაუდოდ, უახლოეს სამ კვირაში ორივე მხარეს მოუწევს:

„ვფიქრობ, რომ შეჯერდებიან რომელიმე კომპრომისულ ვარიანტზე. არ მგონია, რომ რუსეთი ბოლომდე დათმობს და ბელორუსიის ყველა პირობას მიიღებს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმაც თავისი ვარიანტის გატანა შეძლოს. შესაძლოა შეთანხმდნენ დაუბეგრავად მისაწოდებელი ნავთობის მოცულობის გაზრდაზე ან დასაბეგრის ბაჟის შემცირებაზე... კომპრომისი აუცილებლად მოიძებნება, მაგრამ საკითხავია, რის ფასად. შესაძლოა, მარტივად მოილაპარაკონ, მაგრამ არც 2007 წლის მსგავსი მოვლენების გამორიცხვა შეიძლება. რუსეთი მიაწვდის მხოლოდ ტრანზიტულ ნავთობს, ბელორუსია კი დაიწყებს მის მოხმარებას, რაც, საბოლოო ჯამში, ნავთობსადენის ჩაკეტვას გამოიწვევს. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად ჩაერთვება ევროპის კავშირი და, საბოლოო ჯამში, ეს ომიც, ისევე როგორც ყველა ომი, მშვიდობით დამთავრდება.“

ამგვარი დაძაბულობის მიუხედავად, რუსეთი ბელორუსიის ყველაზე ახლო მოკავშირედ რჩება. ეს ორი ქვეყანა წლების განმავლობაში ცდილობს პოლიტიკური კავშირის შექმნას, მაგრამ ენერგეტიკის სფეროში წარმოქმნილმა უთანხმოებამ და მინსკის ევროკავშირთან დაახლოებამ ეს პროექტი მნიშვნელოვნად შეაფერხა.

რუსეთის მხარე აცხადებს, რომ ბელორუსიასთან მოლაპარაკება გრძელდება. თავის მხრივ, ბელორუსიაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსაც აქვთ იმდენი მარაგი, რომ ერთი კვირა ჩვეული დატვირთვით გააგრძელონ მუშაობა.

რუსეთიდან იმპორტის შემცირების შესახებ გავრცელებულმა ცნობამ ნავთობის ფასი გლობალურ ბაზარზე ოთხმოც დოლარამდე გაზარდა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG