Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გაზპრომის“ ბატონობის დასასრული?


ეკონომიკურმა კრიზისმა და სხვა არაერთმა ფაქტორმა კვალი დაამჩნია რუსეთის ეკონომიკისა და გეოპოლიტიკის მთავარ მამოძრავებელ ძალას - სააქციო საზოგადოება „გაზპრომს“. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სულ მალე ამ კომპანიის ბატონობის დასასრული დადგება. ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს ვუდრო ვილსონის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი სტეისი კლოსონი, რომელსაც რადიო თავისუფლება ვაშინგტონში დაუკავშირდა.

სტეისი კლოსონის თქმით, სულ რაღაც 18 თვის წინ ის რუსეთის „გაზპრომს“ შესანიშნავ მომავალს უწინასწარმეტყველებდა. იყო მოლოდინი, რომ კომპანიის კაპიტალიზაცია 2015 წლისთვის 1 ტრილიონ დოლარს მიაღწევდა და მისი აქციებით ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ივაჭრებდნენ, თუმცა დღეს რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. 2009 წლის პირველი ორი კვარტალის განმავლობაში კომპანიის მოგება თითქმის ორჯერ შემცირდა. ეს და სხვა არაერთი ფაქტორი სათუოს ხდის „გაზპრომის“ ხანგრძლივ ბატონობას.

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ნოემბერში ფედერალური საბჭოსადმი ყოველწლიურ მიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ უნდა იყოს დიდწილად დამოკიდებული ნახშირწყალბადების გაყიდვაზე. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ეკონომიკა ათი პროცენტით შემცირდა, მედვედევი მოუწოდებს რუსეთს ნედლეულის ექსპორტიდან გადავიდნენ ეკონომიკის უფრო დახვეწილ და ტექნოლოგიურად მეტად ეფექტიან სექტორებზე.

პრეზიდენტის მოხსენების პარალელურად, გამოქვეყნდა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ყოველწლიური ანგარიში. სააგენტოს დასკვნით, გლობალური მასშტაბით ენერგომატარებლების მიწოდება მნიშვნელოვნად აღემატება მოთხოვნას, რაც უახლოეს ათწლეულში ფასების შემცირების წინაპირობას ქმნის. 2015 წლისათვის შესაძლებელია გაზსადენები და თხევადი გაზის ტერმინალები სათანადოდ არც კი დაიტვირთოს.

რუსეთისთვის ყველაზე შემაშფოთებელია ევროკავშირის მოთხოვნილების კლება. რუსეთის გაზის ყველაზე დიდი მომხმარებელი ეკონომიკური კრიზისის გამო სულ უფრო ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს. ამასთან, ევროკავშირის მიერ აღებული ვალდებულების მიხედვით, 2020 წლისთვის მთელ მოხმარებაში განახლებადი ენერგიის წილი არ უნდა იყოს 20 პროცენტზე ნაკლები, რაც ასევე გამოიწვევს ბუნებრივი აირის იმპორტის შემცირებას.

„გაზპრომს“ ასევე დიდი ზარალი მიადგა კრემლის არასწორი პოლიტიკური გათვლის შედეგად, როცა გასულ ზამთარში ევროპას გაზის მიწოდება შეუწყვიტა. „გაზპრომი“ აპირებს ევროპას ორი ახალი გაზსადენის საშუალებით 110 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდოს, მაგრამ, თავის მხრივ, ევროპაც ეძებს ალტერნატიულ გზებს გაზის მისაღებად კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან.

გარდა ამისა, ასევე საეჭვოა კომპანიის მომავალი „გაზპრომის“ არაეფქეტიანი მმმართველობის, მილების დაზიანების, ტექნოლოგიებისა და კაპიტალის სიმწირის, სამრეწველო არაეფექტიანობისა და შიდა ბაზრის მონოპოლიზაციის გამო. ამასთან, რუსეთი აპირებს გაზის გაყიდვას აზიაში. გაზსადენის სანაცვლოდ რუსეთმა ჩინეთისგან კრედიტი უკვე მიიღო, თუმცა ცხადია, რომ ჩინეთი აღმოსავლეთ ციმბირის აუთვისებელ ტერიტორიაზე მოპოვებულ გაზში არ გადაიხდის ევროპულ ფასს.

გაურკვეველია ისიც, თუ როგორ აპირებს რუსეთი ენერგეტიკულ გაფართოებას, რაც მისი გეოპოლიტიკური გეგმების მთავარ მიმართულებად ითვლება.. „გაზპრომმა“ გლობალური ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად მრვალმილიარდიანი ვალდებულება იკისრა, მისი ყურადღება ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრისკენაცაა მიპყრობილი. იმავდროულად, 2030 წლამდე რუსეთის ენერგეტიკული სტრატეგია ითვალისწინებს 2,1 ტრილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას თავად რუსეთში, უპირველეს ყოფლისა, რუსულ კომპანიებში. ამგვარად, რუსეთის წინაშე რთულად გადასაწყვეტი ამოცანები დგას.

რუსეთის ხელისუფლებაში გარკვეული ძალები უკვე ხვდებიან, რომ „გაზპრომი“ ვერ იქნება ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა. იმავდროულად, კომპანია ასრულებს ერთგვარი შემაკავშირებელი ელემენტის როლს, რომელიც რუსეთის ერთიანობას განაპირობებს. „გაზპრომი“ ფარავს სახელმწიფოს ძირითად, მათ შორის, გაუმჭვირვალე ხარჯებს.

„გაზპრომი“ უთუოდ აყვავდებოდა უცხური კაპიტალისა და ტექნოლოგიების წყალობით, მაგრამ რუსეთის საინვესტიციო კლიმატი არამდგრადი და დაბინძურებულია უახლოეს ისტორიაში ჩაშლილი ხელშეკრულებებით. რუსეთიც ნახავდა ხეირს შიდა ბაზრის გათავისუფლებით, მაგრამ ეს ვარიანტი რუსეთის პოლიტიკურ წრეებში პოპულარობით არ სარგებლობს.

„როგორც ჩანს, ისტორია, შესაძლოა, განმეორდეს. არაა გამორიცხული ოცდამეერთე საუკუნის ათიანი წლები რუსეთისთვის იქცეს იმად, რაც საბჭოთა კავშირისთვის გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლები იყო. გაძარცული საბადოებისა და გლობალური კრიზისის თანხვედრამ შეინარჩუნა საბჭოთა ეკონომიკა, რომლის დაცემამ 80-იან წლებში ყველა მოლოდინს გადააჭარბა. „გაზპრომის“ დღევანდელი დაპირებაც გაფართოების შესახებ ამ ვითარებას მაგონებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ვუდრო ვილსონის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა სტეისი კლოსონმა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG