Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გუგლი“ ახალი მობილური ტელეფონით „ეპლს“ გაეჯიბრება



ინტერნეტის საძიებო გოლიათმა, „გუგლმა“, საკუთარი ახალი მობილური ტელეფონი შექმნა. „ნექსუს ერთად“ წოდებულ ახალ აპარატს „ეპლის“ „აიფონის“ დიდ კონკურენტად მიიჩნევენ. „გუგლს“ მისი პირმშო სარგებელს მოუტანს როგორც სარეკლამო საშუალებაც. ისიც გასაგებია, რომ მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს მობილურ ტელეფონს, კომპიუტერის ნაცვლად, ინტერნეტში სამოძრაოდ.

ასე გამოაცხადა „ნექსუს ერთის“, „სმარტფონის“, „ჭკვიანი ტელეფონის“ გამოჩენის შესახებ „გუგლის“ საწარმოო განყოფილების ვიცე-პრეზიდენტმა მარიო კეიროსმა კალიფორნიაში, კომპანიის შტაბბინაში. ეს, როგორც ითქვა, პირველი ელექტრონული მოწყობილობაა, რომელსაც „გუგლი“ საკუთარი სახელით აწარმოებს და ბაზარზე გამოიტანს. „ნექსუს ერთი“ „გუგლისვე“ ოპერატიულ სისტემას, „ენდროიდს“, გამოიყენებს. მას სენსორიანი დისპლეი აქვს, ბუმბულივით მსუბუქია, მხოლოდ 130 გრამს იწონის, და მხოლოდ თერთმეტ-ნახევარი მილიმეტრის სისქისაა. აპარატი აღჭურვილია ხმის გამომცნობი აგრეგატით. ეს მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ელექტრონული წერილი უკარნახონ თავიანთ მობილურ ტელეფონს. კეიროსი გუგლის ახალ აპარატს სუპერფონს უწოდებს:

„სალექსიკონო განმარტება „ნექსუსისა“ ასეთია: კონვერგენციის წერტილი, შეერთების საშუალება. „ნექსუს ერთი“ კი იქაა, სადაც ქსელი ტელეფონს უკავშირდება. „ნექსუს ერთი“ ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ რა ძალუძთ მობილურ ტელეფონებს „ენდროიდის“, მობილური ტელეფონების საოპერატორო სისტემის გზით.“

ცნობილია, რომ არსებობს „ეპლის“ მიერ შემუშავებული და წარმოებული „აიფონი“. „ნექსუს ერთი“ „აიფონის“ მთავარ კონკურენტად მიიჩნევა. მაგრამ „ნექსუს ერთს“ მოუწევს აქტიურად იმოქმედოს, რათა დაეწიოს „ეპლს“. ხუმრობა არაა: 30 მილიონი „აიფონი“ გაიყიდა უკვე და მოთხოვნა არათუ შემცირდა, იზრდება! ამავე დროს, უნდა იფიქროს „გუგლმა“ იმაზეც, რომ მისი სატელეფონო აპარატის ფასი, შედარებით მაღალია. თუკი შეერთებულ შტატებში „ნექსუს ერთის“ შეძენას ისურვებთ და, ამასთან, „ტი მობაილთან“ კონტრაქტს გააფორმებთ, აპარატს 179 დოლარად მოგცემენ. მაგრამ თუკი უკვე გაქვთ ნომერი და პროვაიდერიც არჩეული გყავთ, ფასი ახალი აპარატისა 529 დოლარამდე იზრდება. კეროლაინ მაკკარტი ტექნოლოგიური საინტერნეტო ვებგვერდის „სი-ენ-ი-ტი კომის“ რედაქტორია. გამოცდილება მას ათქმევინებს, რომ როცა მეტ ფულს ახდევინებს კლიენტებს და თავისუფლებას აძლევს თვითონ აირჩიონ უკაბელო ქსელი, „გუგლმა“ამით შეიძლება უპირატესობა მოიპოვოს. ამის ახნას მაკკარტი აშშ-ში ამ ეპატზე პროვაიდერთა შორის გამართულ, გაცხარებულ და აშკარა სიტყვიერ ომში ხედავს. ამერიკული კომპანიები კლიენტებს და ერთმანეთს უმტკიცებენ, ვის უკეთესი საინფორმაციო მომსახურება აქვს და ვის უკეთესი ხარისხის კავშირის უზრუნველყოფა შეუძლია:

„თუკი „გუგლი“ მოახერხებს, ყველა ამ წვრილმან შეხლა-შემოხლას და სულელურ კამათს თავი აარიდოს, მასზე მაღლა დადგეს და მარკეტინგის გზით წინ წამოსწიოს მესიჯი, რომ ხალხს არჩევანს აძლევს, ეს იქნება ისეთივე ტიპის წარმატება, როგორსაც აღწევს პოლიტიკოსი, როცა განაცხადებს, რომ ოპონენტების ყველა წვრილმან თავდასხმაზე მაღლა დადგა“.

ამას გარდა, საქმის მცოდნე ხალხი მოელის, რომ „ნექსუს ერთის“ ბაზარზე გამოტანა „გუგლის“ საინტერნეტო სარეკლამო საქმიანობას წაადგება. ყოველ წელიწადს „გუგლი“, ინტერნეტში საძიებო გზებით, 20 მილიარდი დოლარის რეკლამას ყიდის. მაგრამ აქვე აღსანიშნავია, რომ სულ უფრო მეტი ხალხი იყენებს „სმარტფონებს“, „ჭკვიან ტელეფონებს“ კომპიუტერების ნაცვლად და ამან შეიძლება შეამციროს ისეთი საძიებო სისტემების საჭიროება, როგორიც „გუგლია“.

„ნექსუს ერთი“ ბაზარზეა - საფიქრებელია, რომ ის თავისუფალ ბაზარზეა - და თუკი ვთვლით, რომ იქ ყველაფერია მოსალოდნელი, დაცდაღა დაგვრჩენია, რას მოუტანს „გუგლის“ მილიარდერ პატრონებს ახალი სუპერტელეფონი.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG