Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში ელიან ფოტოალბომს ”აფხაზეთი - მე-19 საუკუნე”


ფოტოალბომი ”აფხაზეთი - მე-19 საუკუნე”
ფოტოალბომი ”აფხაზეთი - მე-19 საუკუნე”
”ეს ქართველებისგან აფხაზებისათვის გაკეთებული უმნიშვნელოვანესი საჩუქარი იქნება” - ასეთ შეფასებას აძლევს ქართულ-აფხაზური ინსტიტუტის ხელმძღვანელი ზურაბ შენგელია იმ ფოტოალბომის გამოშვებას, რომელსაც ”აფხაზეთი - მე-19 საუკუნე” ერქმევა და რომელშიც ამ პერიოდის აფხაზეთის შესახებ 281 ფოტო მოხვდა. ეს ფოტოები ომის შემდეგ ათი წლის განმავლობაში გროვდებოდა ენგურს გადმოღმა.

ათი წლის წინ, 2000 წელს, ერთ-ერთ აფხაზურ ოჯახში სტუმრობისას ქართულ-აფხაზური ინსტიტუტის ხელმძღვანელს ზურაბ შენგელიას მასპინძლებმა სთხოვეს, ხომ არ იქნებოდა შესაძლებელი ომის შემდეგ ენგურს აქეთ დარჩენილი დოკუმენტური ფოტომასალის მოგროვება აფხაზეთის შესახებ. ამ იდეას და თხოვნას, ერთდროულად, გასაგები მიზეზი ჰქონდა:

”ომის შემდეგ აფხაზეთში ყველაფერი განადგურდა. დაიწვა არქივები, მუზეუმები.. მათ გვთხოვეს, თუ შესაძლებელი იქნებოდა, ენგურს აქეთ, თბილისში, მოგვეძიებინა დოკუმენტური მასალა აფხაზეთის შესახებ, მათი კულტურის, ეთნოგრაფიის ამსახველი, რომ შეგვენარჩუნებინა.. და, აი, ჩვენ ათი წელი ვმუშაობდით ამ საკითხზე.”

ეს აფხაზური ინტელიგენციის ერთი ნაწილის თხოვნა იყო - იმ ადამიანების თხოვნა, ვინც, ომის შედეგად, ისტორია დაკარგა. თბილისში მასალების მოძიების ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი დაიწყო. ეძებდნენ ყველგან - არქივებში, ინსტიტუტებში, პირად კოლექციებში...

ქართულ-აფხაზურ ინსტიტუტს აფხაზი ქალბატონი, პროფესიით ისტორიკოსი, თეო გიცბა დაუკავშირდა. სწორედ ის გახლავთ შემდგენელი ალბომისა, რომლის ელექტრონული ვერსია უკვე მზადაა, თუმცა მისი გამოცემისათვის საჭირო ხარჯები მოსაძიებელია. ალბომს “აფხაზეთი -მეცხრამეტე საუკუნე“ ერქმევა, რადგან მასში სწორედ ამ პერიოდის დოკუმენტური მასალა შევიდა. ამ ათი წლის განმავლობაში 650-ზე მეტი ფოტო, გრავიურა თუ ნახატი მოგროვდა. მათ შორის ბევრი პირველად ქვეყნდება:

”აქ არის გაგარინის ჩანახატები, აივაზოვსკის ნახატები, ჰოტშილდის გრავიურები, ერმაკოვის, ბოგოლიუბოვის, როინიშვილის ფოტოები.. უნიკალური მასალაა. წიგნი გამოსაცემად მზადაა. ახლა ვეძებთ სპონსორს, რომ გამოვცეთ კარგი სასაჩუქრე ეგზემპლარი.”

მოგროვილი 600 ფოტოდან ნაწილი ისეთი დაზიანებული იყო, რომ ალბომისთვის არ გამოდგა. საბოლოოდ, 281 ფოტო შეირჩა. ალბომის მხატვარი კოტე სულაბერიძეა, დიზაინერი - ალექსი კახნიაშვილი. ვარაუდით, მისი ტირაჟი 2000 ცალი მაინც უნდა იყოს, რომ აფხაზეთში 500 ცალი მაინც გაიგზავნოს. სასაჩუქრე გამოცემა ხარისხსაც შესაბამისს მოითხოვს, რასაც, ალბომის მთავარი რედაქტორის ნინო ბერძნიშვილის გაანგარიშებით, დაახლოებით 20-30 ათასი ლარი დასჭირდება. ალბომი ორ, ქართულ-აფხაზურ, ენაზეა მომზადებული:

”აქ ბევრი ისეთი ფოტოა, რომელიც აქამდე უცნობი იყო და არ გამოქვეყნებულა. ძალიან საინტერესო მასალაა ნამდვილად..ალბომი ოთხ ნაწილად დავყავით. პირველი ნაწილი ეხება აფხაზეთის სამთავრობო სახლს - შერვაშიძეების ისტორიას, მოჰაჯირობა და რუსეთ-თურქეთის ომები შედის შიგ, მეორე - არქიტექტურული ძეგლები და დასახლებული ადგილები, შემდეგ -ეთნოგრაფიული ნაწილი და, ბოლოს, კულტურა-განათლება”, - ამბობს ნინო ბერძნიშვილი.

ალბომის შემდგენელი თეო გიცბა აღმოჩენებს მუშაობის პროცესშიც აკეთებდა: ”ხელოვნების მუზეუმში ნანახ ერთ სურათს ეწერა თავადი შერვაშიძე, მაგრამ რომ ვიკითხე, რომელი თავადია-მეთქი, ვერ გამცეს პასუხი. მოგვიანებით ხელნაწერების ცენტრში ფოტოგრაფ ბარკანოვის ნამუშევარი ვნახე და მივხვდით, რომ ის სურათი სწორედ ბარკანოვის ფოტოს მიხედვით იყო გაკეთებული და ცნობილ მხატვარს, ”ვეფხისტყაოსნის” ცნობილი ილუსტრაციების ავტორს, ზიჩის ეკუთვნოდა...”

ამ ალბომს, როგორც ნინო ბერძნიშვილი გვიხსნის, ნაკლებად აქვს მეცნიერული დანიშნულება, ის უფრო კატალოგის ტიპისაა. შეიძლება ერთგვარად გიდის როლიც შეასრულოს მე-19 საუკუნის აფხაზეთში მოგზაურთათვის:

”ამ ფოტოების და ნახატების მიხედვით შეგიძლიათ შეიქმნათ სრული სურათი, თუ რა ხდებოდა იმ დროს აფხაზეთში და მე-19 საუკუნის აფხაზეთი კი ძალიან საინტერესოა.”

მიუხედავად იმისა, რომ იმ თხოვნის შემდეგ 10 წელი გავიდა, სოხუმში ამ ალბომს დღესაც მოუთმენლად ელიან. შეიძლება ვინმემ იკითხოს, რითი წაადგება ერთი ალბომი კონფლიქტის დარეგულირებას. ქართულ-აფხაზურ ინსტიტუტში ფიქრობენ, რომ ნდობის აღდენა სწორედ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ და ამ გზით არის შესაძლებელი:

”როცა ადამიანი მოგმართავს თხოვნით, დამეხმარე, მე ისტორია დავკარგე და შენ შეგიძლია დამეხმარო მის აღდგენაშიო, ეს ნიშნავს, რომ ის ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ერთნი ვართ და საერთო ისტორია გვაქვს. მე ვიცი, რომ იქაური საზოგადოება მოუთმენლად ელის ამ ალბომს”, - გვეუბნება ნინო ბერძნიშვილი.

ის, რომ ინტერესი და მოლოდინი სოხუმში ჯერ კიდევ არ გამქრალა, ამას ერთი ბოლო სატელეფონო ზარიც მოწმობს, რომელიც აფხაზეთიდან ნინო ბერძნიშვილის მისამართით ახალი წლის დღეებში გაისმა:

”დამირეკეს იქედან ახალ წელს - ბათუმის კონცერტისთვის უყურებიათ და სრული კულტურული შოკი ჰქონიათ. თავიდან გვეგონა, რომ დეკორაციები იყო და ერთმანეთს ვურეკავდით, მაგრამ მალევე მივხვდით, რომ ეს ნამდვილი ქალაქი იყოო.”

ჯერჯერობით ალბომისთვის საჭირო თანხა ქართულ-აფხაზურ ინსტიტუტს არ გააჩნია. თუმცა არის ერთი იდეა, ფონდის დაარსებისა, სადაც ყველა მსურველს შეეძლება შეიტანოს თუნდაც სიმბოლური თანხა. ამ გზით ალბომის გამოცემა შესაძლებელი გახდება. თუმცა ერთი დაბრკოლება, შესაძლოა, აქაც გაჩნდეს – ეს უკვე ქართველების ნიჰილიზმია. სხვათა შორის, ქართულ-აფხაზურ ინსტიტუტში ისიც გვითხრეს, რომ სამუშაო, ნდობის აღდგენის, ურთიერთობის გაგრძელების სურვილის კუთხით, ახლა უკვე ქართულ მხარესთანაც საკმაოდ ბევრია. ზურაბ შენგელიას დიდი იმედი აქვს, რომ ათწლიანი შრომა უკვალოდ არ დაიკარგება და 2010 წელს ალბომი, სახელწოდებით „აფხაზეთი - მეცხრამეტე საუკუნე“, ანუ „საჩუქრად აფხაზებს ქართველებისგან“, აუცილებლად დაიბეჭდება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG