Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკოს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი ცნობილია


ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის 14 კანდიდატიდან პრეზიდენტმა არჩევანი სამზე შეაჩერა: ოთარ სიჭინავაზე, ზურაბ ხარატიშვილისა და ცესკოს აწ უკვე ყოფილ თავმჯდომარეზე, ლევან თარხნიშვილზე. მათი ვინაობა 12 იანვარს, საღამოს ექვს საათზე გახდა ცნობილი.

საღამოს პარლამენტის კულუარებში გავრცელებული ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატების შესახებ ოფიციალურადაც დაადასტურა ცესკოს წარმომადგენელმა ლიზი ველიძემ.

”მრეწველების” ლიდერ ზურაბ ტყემალაძის თქმით, გადაწყვეტილებას, თუ რომელ მათგანს დაუჭერს მხარს, მხოლოდ მათთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს. მანამდე კი მისი წინასწარი შეფასება ასეთია:

”ის, რომ ისევ ლევან თარხნიშვილია წარმოდგენილი, მე მგონი, არასერიოზულია. სიჭინავა, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა და არა მგონია, მას ძალიან უნდოდეს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობა. ხოლო ხარატიშვილს რაც შეეხება, მე მას ვიცნობ. სანამ ბიზნესის სფეროში ვმოღვაწეობდი, ის ჩემი ფინანსური დირექტორი იყო და საკმაოდ წესიერი და მცოდნე პიროვნებაა, თუმცა როგორ გაართმევს თავს ცესკოს თავმჯდომარეობას, ამას ვერ გეტყვით.”

კანდიდატურების დასახელების შემდეგ ლევან თარხნიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისთვის ცნობილი იყო მხოლოდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის გადაწყვეტილება, რომ მისი კანდიდატურის დასახელებას აპირებდნენ. რაც შეეხება მოლოდინს პრეზიდენტის გადაწყვეტილებამდე:

”ადრეც ვთქვი და ახლაც ამას ვიმეორებ - ვფიქრობ, რომ ის პერიოდი, როდესაც მე ვიყავი თავმჯდომარე, იყო საკმაოდ წარმატებული ცესკოსთვის და ეს მთელი კოლექტივის დამსახურებაა.”

პრეზიდენტის მიერ დასახელებულ კანდიდატურებში ვერ მოხვდა „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა სირაძე-დელონე, რომლის კანდიდატურასაც, ბოლო მონაცემებით, 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია უჭერდა მხარს. ის კანდიდატების შეფასებებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ნებისმიერ მათგანთან ითანამშრომლებს.

12 იანვარს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ასევე გაირკვა იმ ექვსი ადამიანის ვინაობა, ვინც ცესკოში არსებული სამი ვაკანტური თანამდებობისათვის იბრძოლებს და ვინც კონკურსში მონაწილე 41 კანდიდატურიდან შეირჩა. ესენი არიან: თამაზ შარმანაშვილი და ზურაბ ლომიძე, გიზო მჭედლიძე და ზაალ ზაალიშვილი, კონსტანტინე კირვალიძე და მევლუდ კუხიანიძე."

საქართველოს პრეზიდენტმა კანონით დაწესებულ ვადაში ვერ წარადგინა ცესკოს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატურა და პარლამენტს მიმართა თხოვნით, კანონის მოქმედების ვადა გაეგრძელებინა. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე ამ კანონდარღვევის შესახებ მთელი დღის განმავლობაში სვამდა კითხვებს, უმრავლესობამ მაინც დაუჭირა მხარი ცვლილებას საარჩევნო კოდექსში.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG