Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიზეზ-შედეგობრივი სამხედრო პატრიოტიზმი


გასულ კვირაში საქართველოს პრეზიდენტმა განათლების კუთხით რამდენიმე ახალი ინიციატივა წამოაყენა. მათ შორის ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა სკოლებში სამხედრო-პატრიოტული აღზრდის შემოღებას. თუმცა ეს ინიციატივა არ ყოფილა მოულოდნელი და იგი, გარკვეულწილად, მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია უფრო ადრინდელ გადაწყვეტილებებთან, რომლებიც კადეტთა კორპუსის აღდგენას, რეზერვის ახალ სისტემაზე გადასვლას და სამხედრო-ბიუროკრატიულ აპარატში ოფიცერთა ატესტაციას ითვალისწინებს.

გაუქმება და ხელახლა აღდგენა, შეგროვება და დაშლა, განიარაღება და შეიარაღება, მობილიზაცია და დემობილიზაცია, შეტევა და უკანდახევა – ასე შეიძლება მოკლედ დახასიათდეს მიხეილ სააკაშვილის, როგორც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის, ექვსწლიანი მოღვაწეობა.

მაგრამ რევოლუციური ინერცია 2008 წლის ზაფხულში, თითქოსდა, დასრულდა. რუსეთ-საქართველოს ომში განცდილმა სამხედრო მარცხმა მიხეილ სააკაშვილს ნათლად დაანახვა, რომ არმიის ბრძოლისუნარიანობა არ იზომება მხოლოდ ტანკებისა და ზარბაზნების რაოდენობით და არც ყველაფერი იყო გადასაგდები, რაც არმიის რეფორმების სამსხვერპლოზე მიიტანეს.

თუმცა, რაკი თავის დროზე ბევრი რეპორტაჟი მივუძღვენი კადეტთა კორპუსის დახურვას, სამხედრო აკადემიის სასწავლო პროგრამების სეკვესტრს, მასობრივი რეზერვის უსარგებლობასა და სკოლებში სამხედრო-პატრიოტული ნიჰილიზმის დამკვიდრებას, ახლა ნიშნისმოგებით აღარ ვილაპარაკებ. ვიტყვი იმას, რომ ძალიან კარგია, გზა რომ ურმის გადაბრუნების შემდეგ მაინც გამოჩნდა, მაგრამ ცუდია, თუკი დანგრეულის აღდგენაც ასევე რევოლუციური ინერციით და აღტყინებით მოხდება.

მაგალითად, კარგია ის, რომ გასული წლის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მწყობრში ჩადგება კადეტთა კორპუსი:

“ჩვენ ვქმნით ხელახლა, ოღონდ სერიოზულად, კადეტთა კორპუსებს. რამდენიმე ათასი ბავშვი წავა იქ. 14 წლის ასაკიდან ბავშვები მომზადდებიან ოფიცრებად 4 წლის განმავლობაში. კარგად ვაჭმევთ, კარგ ფორმებს ჩავაცმევთ. ყველა მათგანი, ალბათ, არ გამოვა ოფიცერი, მაგრამ უმეტესობა გამოვა და, თუ არ გამოვა, მათთვის სამხედრო მენტალიტეტი მაინც არასოდეს უცხო არ იქნება.“

მაგრამ ცუდია და გაუგებარი ის, რომ ლაპარაკია ერთბაშად რამდენიმე ათასი ბავშვის მომზადებაზე. ჯობდა პილოტურ, ანუ საცდელ, პროგრამაში კონკურსის წესით მიეღოთ, ვთქვათ, 50-100 ბავშვი და მერე გადაეწყვიტათ, ღირს რაოდენობის გაზრდა თუ არა.

ასევე კარგია, რომ თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში იგეგმება სასწავლო პროცესის სრულყოფა და მომზადების მრავალსაფეხურიანი სისტემის დანერგვა. მაგრამ ცოტა გაუგებარია, რა აუცილებელი იყო ერთადერთი უმაღლესი სამხედრო აკადემიის გორში გადატანა. გორის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ სამხედრო აკადემია უკვე მესამე წელია “ბორბლებზე ცხოვრობს”. 2007-ში აკადემია თბილისიდან რუსთავში, ყოფილი “ზოოვეტის” შენობაში, გადაიტანეს, ახლა კი გადაიტანეს გორში. ასეთი მომთაბარე ცხოვრება კი ხელს უშლის სასწავლო პროცესის ნორმალურად ჩატარებას და მოტივაციას უკარგავს პროფესორ-მასწავლებლებს.

2009 წლის კარგი ნოვაცია იყო ე.წ. მასობრივი რეზერვის მომზადებაზე უარის თქმა და ამის ნაცვლად აქცენტის გაკეთება 3000 კაციანი აქტიური რეზერვის მომზადებაზე იმათგან, ვისაც განსაკუთრებით ფასეული სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობა აქვს და თადარიგში ირიცხება.

მაგრამ კვლავ სრულიად მოულოდნელი და წინააღმდეგობრივი იყო ის, რაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 26 დეკემბერს ეროვნული გვარდიის ახალი შენობის გახსნისას განაცხადა:

”როცა საქმე ეხება საქართველოს დაცვას, ყველანი უნდა ჩავერთოთ ამ საქმეში - 100, 200, 300 ათასი კაცი და, თუ საჭიროა, ნახევარი მილიონი დადგეს იარაღით ხელში. ამდენ ავტომატსაც ვიშოვით და გვაქვს და ტყვია-წამალიც საკმარისზე მეტი გვაქვს.”

მაგრამ როგორ უნდა შეძლოს საქართველომ 100, 200 თუ 500 ათასი ადამიანის შეიარაღება და მწყობრში ჩაყენება? გასულ წელს საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი 900 მილიონი ლარი იყო, 2010 წელს კი თავდაცვის სამინისტრო კიდევ 100 მილიონი ლარით ნაკლებს მიიღებს.

ბიუჯეტის შემცირება გახდა მთავარი მიზეზი თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ცენტრალურ აპარატში დაწყებული ატესტაციისა, რომლის თანახმადაც, სულ მალე თანამდებობას 190 პოლკოვნიკი და 100-ზე მეტი მაიორის წოდების ოფიცერი დატოვებს. მათ უმრავლესობას კი, სავარაუდოდ, სამხედრო უწყება შესთავაზებს წავიდნენ სკოლებში და მაღალი კლასის მოსწავლეებს სამხედრო-პატრიოტული მომზადების საგანი შეასწავლონ.

12 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სკოლებში კვლავ უნდა აღდგეს სამხედრო-პატრიოტული მომზადება. თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ კი 13 იანვარს საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ განათლების სამინისტრო მზად არის საქმედ აქციოს პრეზიდენტის ეს ინიციატივა:

“ეს ემსახურება იმას, რომ ახალგაზრდებს მომავალში ჰქონდეთ სრული წარმოდგენა, თუ რას ნიშნავს სახელმწიფოსთვის შეიარაღებული ძალები, რა არის სახელმწიფოსთვის ეს მიმართულება, რა სახის დანიშნულება აქვს შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაში და, ამავდროულად, რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ამ მიმართულებით თითოეულ მოქალაქეს.”

სკოლებში სამხედრო მომზადების გაუქმებას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ “ვარდების რევოლუციას”, რადგან სასწავლო დისციპლინა „სამხედრო“ საქართველოს სკოლებში ბევრად უფრო ადრე, 90-იანი წლებში, გაუქმდა. 2004 წელს კი ამას მოჰყვა ე.წ. სამხედრო კათედრების გაუქმება უმაღლეს სასწავლებლებში - იმ სასწავლო კათედრებისა, რომელთაც ბევრი კორუფციის წყაროდ და არმიისათვის ინტელექტუალური კადრების დამალვის მიზეზად მიიჩნევდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ სამხედრო-პატრიოტული აღზრდა საშუალო განათლების ერთ-ერთ საკვანძო დისციპლინად გამოაცხადა, უკვე ბევრი ლაპარაკობს იმაზე, რომ სულ მალე უმაღლეს სასწავლებლებში ან სამხედრო კათედრა აღდგება, თავისი სამწყობრო პლაცითა და ლულაგადაჭრილი ავტომატებით, ან ე.წ. გეო, ანუ სამოქალაქო თავდაცვის კურსი, შეზავებული სამხედრო-პატრიოტული და პოლიტიკურ-იდეური ელემენტებით.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG