Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკულტურობა და კულტუროლოგია


გასულ კვირაში მიხეილ სააკაშვილი ბათუმის მესამე საჯარო სკოლაში აჭარის რეგიონის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა და განათლების სისტემაში მოსალოდნელ ცვლილებებზე ესაუბრა. მასწავლებელთა პროფესიული დონის ამაღლება, სასკოლო გამოცემების ერთიანი სტანდარტების შექმნა, უსაფრთხო სკოლის კონცეფციის დანერგვა, მოსწავლეთა მაღალი დასწრების უზრუნველყოფა - ესაა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევები 2010-2011 წლებში. თუმცა მთავარი განათლების ამ ახალ კონცეფციაში, ალბათ მაინც ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებაა. ის პუნქტი, რომელიც დამატებით განმარტებას მოითხოვს: რა მიზანი აქვს სამხედრო-პატრიოტულ სწავლებას (ანუ როგორ და რატომ უნდა ასწავლიდნენ ბავშვებს სკოლაში პატრიოტიზმს?), რას ნიშნავს ”ფიზკულტურის გაკვეთილების შეცვლა სპორტის გაკვეთილებით” და ბოლოს, კონკრეტულად რას გულისხმობს საგანი, რომელსაც ”კულტუროლოგია” ჰქვია - კულტურის ისტორიასა და თეორიას? ხელოვნებათმცოდნეობას? ან, იქნებ, ესაა უბრალოდ გამოხმაურება საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეზე (შეგახსენებთ, რომ პატრიარქი დაწვრილებით შეეხო განათლების სისტემას და ყველაფერთან ერთად, სუფრაზე ქცევის კულტურის სწავლების ინიციატივითაც კი გამოვიდა)... ასეა თუ ისე განათლების სამინისტროს პრიორიტეტებში გაჩნდა ახალი სიტყვა - კულტუროლოგია (რუსულ-საბჭოთა ნეოლოგიზმის ასოციაცია უმალვე იბადება)... სკოლაში ბავშვებს აღარ ექნებათ ფიზკულტურის გაკვეთილები, მაგრამ ექნებათ კულტურის, უფრო სწორად, კულტუროლოგიის გაკვეთილები.

ახლა უკვე წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ამ დისციპლინის შემოღებას წინააღმდეგობები შეხვდება მაშინაც კი, თუ განათლების სანისტრო (და პრეზიდენტიც) აგვიხსნის, რას გულისხმობენ კულტუროლოგიის სწავლებაში. საეჭვოა ქვეყანაში გამოინახოს კულტუროლოგიის იმდენი სპეციალისტი, ყველა საჯარო სკოლაში რომ შესაძლებელი გახდეს ამ საგნის სწავლება. თუკი საგანი საზოგადოების პოლიტიკური, სამოქალაქო კულტურის ამაღლებას გულისხმობს, ეს პრობლება შეიძლება მართლაც გადაწყდეს. მაგრამ თუკი ლაპარაკია ხელოვნების ისტორიასა და თეორიაზე, უფრო სწორად, მხატვრული ფორმის ისტორიასა და თეორიაზე, ამ სფეროში სპეციალისტების დეფიციტი - მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნებათმცოდნეობას ჩვენში არაერთ უმაღლეს სასწავლებელში ასწავლიან - აშკარად იგრძნობა... კიდევ უფრო რომ დავკონკრეტდეთ: სპეციალისტები შეიძლება გვყავს, მაგრამ სახელოვნებო სასწავლებლებში ეგრეთ წოდებულ ”პრაქტიკოსებს” თეორიული ცოდნის საფუძველს არ ან ვერ უქმნიან. ეს კი განაპირობებს, როგორც დიდი ფრანგი კინორეჟისორი, ფრანსუა ტრიუფო ამბობდა, ”უკულტურობას კულტურაში”, ველოსიპედის შექმნის გაუთავებელ პროცესს და მხატვრული ფორმის სიღარიბეს, რაც თანამედროვე ქართული ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

თუმცა უკულტურობა ხელოვნებაში მხოლოდ ქართული ხელოვნების სენი როდია. მხატვრული სახის სიღარიბესა და კულტურულ მემკვიდრეობასთან გაწვეტილ კავშირებზე დიდი ხანია საუბრობენ დასავლელი ხელოვნებათმცოდნეები. ეს პესიმისტები ამ კვირაშიც გააქტიურდნენ, როცა მსოფლიომ სწორედ ფრანსუა ტრიუფოს მეგობრისა და კოლეგის, ერიკ რომერის გარდაცვალების ამბავი შეიტყო. კინოხელოვნებას გამოაკლდა რეჟისორი, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია კავშირი კლასიკურ ხელოვნებასთან. პრინციპში სწორედ ეს იყო ფრანგული ”ახალი ტალღის” თავისებურება - როცა ახალგაზრდა რეჟისორებმა 50-იანი წლების მეორე ნახევარში დაინახეს, როგორ ჩაიკეტა თავის საზღვრებში ფრანგული კინო, პირდაპირი ბრძოლა გამოუცხადეს მამების თაობას, თუმცა წარსულთან კავშირი არ გაუწყვეტიათ - სწორედაც რომ პირიქით - მათ, როგორც რომერი ამბობდა, ”ბაბუების და ბაბუების ბაბუების შემოქმედების” შესწავლა დაიწყეს... ერიკ რომერი მხოლოდ მოგვიანებით მოუხდის ბოდიშს მამების თაობას, როცა თავის ერთ-ერთ საუკეთესო სურათზე, ”ავიატორის ცოლზე” მუშაობას დაასრულებს. ფილმის პრემიერის შემდეგ რომერმა აღნიშნა:

”ეს არის ფილმი, რომელიც მარსელ კარნეს ხსოვნას ეძღვნება.. კარნე არ იყო ”ახალი ტალღის” რეჟისორი. უფრო მეტიც, ”ახალი ტალღა” მასზე ქილიკობდა კიდეც. ამიტომაც მომინდა გამომესწორებინა შეცდომა და, როგორც მონანიება, გადამეღო ფილმი კარნეს სტილში... კარნესი პრევერის გარეშე. გამომეხატა მისი სიყვარული - პარიზის სიყვარული”.

თავად ერიკ რომერს, ავტორს კინოციკლებისა, რომელთაგანაც ყველაზე პოპულარულია ”კომედიები და ანდაზები” და ”წელიწადის დრონი”, კინოხელოვნება სწორედ ასე წარმოედგინა - სინთეზი ყველაფრისა, რაც კაცობრიობას თავისი არსებობის მანძილზე შეუქმნია. ამ ”კულტურულ თაიგულს” ფრანგული კინოს კლასიკოსთან ემატება კიდევ ორი სახე - ბუნება და ღმერთი და იქმნება თავისებური სამება, რომლის ძიებაში არიან სწორედ ერიკ რომერის ფილმების გმირები. მათ შორის ახალგაზრდა ქალი - რომერის ყველაზე სახელგანთქმული სურათის, ”მწვანე შუქის” პერსონაჟი - ქალი, რომელსაც სჯერა - ზღვის ჰორიზონტზე დაკვირვებისას შეიძლება დაინახო მწვანე ნათება. ამის შემდეგ ყველა შენი ოცნება ასრულდება.


შემთხვევითობის გადაქცევა კანონზომიერებად, ქაოსისა წესრიგად - ერიკ რომერის სტიქიაა. ამ მხრივ იგი ჰგავს თავის კერპს, რეჟისორს, რომელსაც ახალგაზრდობაში სამი წიგნი მიუძღვნა - ალფრედ ჰიჩკოკს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სრულიად განსხვავებულ ჟანრში მუშაობდნენ, ორივემ თავისი შემოქმედება მოლოდინის მოტივზე ააგო - ჰიჩკოკმა შექმნა ”სასპენსი” - დაძაბულობის ზრდა, რომერმა - დაძაბულობა ”მწვანე შუქის”, ღმერთის მოლოდინში.


”ჩემი ფილმების სამყარო, როგორც წესი, იგება ხან პერსონაჟების მონოლოგზე, ხანაც დისკუსიებზე... ძალიან ბევრ ფილმში ჩემი პერსონაჟები კამათობენ... თუ გნებავთ, ასე ვთქვათ, - ”იდეებზე”... მორალის, პოლიტიკის იდეებზე... მე ვფიქრობ, რომ მივაღწიე ჩემს ფილმებში იმას, რომ პერსონაჟები საუბრობენ ძალიან სერიოზულ თემაზე, მორალის თემაზე, მაგრამ ყველაფერი ეს აღიქმება, როგორც სრულიად ბუნებრივი მოვლენა” - აღნიშნა რომერმა ერთ ინტერვიუში.

ძალიან ბუნებრივია, როცა ადამიანები კამათობენ და ბუნებრივია, როცა ფიქრობენ! თანამედროვე მაყურებლის მოქცევა ერთგვარ კარტეზიანულ სივრცეში ერიკ რომერის კიდევ ერთი ვნებაა. 90 წელს მიაღწია ამ კინორეჟისორმა და თავისი ბოლო ფილმიც კი, რომლის პრემიერა 3 წლის წინ შედგა, ახალგაზრდებს მიუძღვნა. როგორც ერთ ინტერვიუში თქვა, დიდი იყო სურვილი, სწორედ ახალგაზრდები მოექცია სილამაზის სამყაროში - კულტურის სამყაროში.

ფრანგული კინოს კლასიკოსის გარდაცვალებით თანამედროვე კინოში ერთი დიდი ეპოქა დასრულდა. ეგრეთ წოდებულ ”საავტორო კინოს” სივრცეში სულ რამდენიმე რეჟისორი დარჩა... უფრო მეტად ეპიგონები. თუმცა კინოხელოვნების სრულ კრიზისზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია - მასობრივი კულტურაც ხომ ”კულტურაა” გარკვეული თვალსაზრისით.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG