Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული მეჰმედ ალი აგჯა თავისუფალია


მეჰმედ ალი აგჯა, პაპის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული 30 წლის პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს
მეჰმედ ალი აგჯა, პაპის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული 30 წლის პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს

მეჰმედ ალი აგჯა - თურქეთის მოქალაქე, რომელმაც თითქმის 30 წლის წინ რომში, წმინდა პეტრეს მოედანზე, პაპი იოანე პავლე მეორე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა - ციხიდან გამოუშვეს. აგჯა ახლა 52 წლის არის. სასჯელს ის ანკარაში, მაღალი უსაფრთხოების ციხეში, იხდიდა. გავრცელებული ცნობებით, მას ულტრამემარჯვენე ორგანიზაცია „რუხ მგლებთან“ ჰქონდა კავშირი, თუმცა პაპზე მისი თავდასხმის მოტივი ბოლომდე ბუნდოვანი დარჩა.

რომის პაპზე თავდასხმა 1981 წლის 13 მაისს, დღის 5 საათზე, რომის წმინდა პეტრეს მოედანზე მოხდა.

პაპი იოანე პავლე მეორე მოედანზე ავტომანქანით მიიყვანეს. იგი ხალხს მიუახლოვდა და პატარა გოგონა აიყვანა ხელში. გოგონა მშობლებს დაუბრუნა თუ არა, შეჯგუფებულ ხალხს შორის გამოჩნდა „ბრაუნინგის“ ტიპის პისტოლეტით შეიარაღებული ხელი და გასროლის ხმაც გაისმა.

პაპს ორი ტყვია მუცელში მოხვდა, დაუზიანდა მარცხენა ხელი და მარჯვენა ფეხი.

შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა პიტერ ჯენინგსი, ამერიკული ტელევიზია ABC-ს კორესპონდენტი. მომხდარი მან ასე აღწერა:

„მოულოდნელად ხალხის ჯგუფიდან სროლა გაისმა. თვითმხილველთა მონაყოლით, პაპი შოკირებული იყო - წამით ადგილზე გაშეშდა და შემდეგ მოცელილივით დაეცა თავისი ავტომანქანის სკამზე.“

თავდამსხმელი თურქეთის მოქალაქე, მაშინ 23 წლის, მეჰმედ ალი აგჯა იყო, რომელსაც ულტრამემარჯვენე ორგანიზაციებთან ჰქონდა კავშირი და ახალგაზრდობაში კრიმინალური საქმეების ძალადობრივ გარჩევებშიც მონაწილეობდა.

სროლა მას გაბედულმა მონაზონმა შეაწყვეტინა - მივარდა და ჩაებღაუჭა. აგჯამ გაქცევა ვერ შეძლო და ის მალევე დააკავეს.

1983 წლის 27 დეკემბერს მეჰმედ ალი აგჯა რომის პაპს,
იოანე პავლე მეორეს შეხვდა

ყველამ დაინახა, რომ თავდამსხმელი გამხდარი ახალგაზრდა მამაკაცი იყო, გამჭოლი მზერით. თუმცა თავდასხმის მოტივი ბუნდოვანი იყო და თითქმის სამი ათწლეულის გასვლის შემდეგაც ბუნდოვნად რჩება.

იტალიაში გამართულ სასამართლო პროცესზე აგჯამ განაცხადა, რომ ის რომში ბულგარეთის სამხედრო წარმომადგენლის, ზილო ვასილევის, ზედამხედველობით მოქმედებდა.

შესაბამისად, კომუნისტურ სამყაროს პირდაპირ დაბრალდა წარმოშობით პოლონელი პაპის მკვლელობის მცდელობა - პაპის, რომელიც, მთელი აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით თავისუფლებისა და საბჭოთა კომუნიზმთან ბრძოლის სიმბოლო იყო.

თუმცა ბულგარეთის უშიშროებასთან - მით უფრო, საბჭოთა „კაგებესთან“ - აგჯას კავშირი სასამართლოზე ვერ დადასტურდა. გაჩნდა სხვა თეორიებიც, რომ, მაგალითად, მკვლელობის ბრძანება დასავლეთიდან გაიცა იმისათვის, რომ ამაში მოსკოვი დაედანაშაულებინათ.

თუმცა ეს თეორიები კიდევ უფრო მეტად იყო მოკლებული საფუძველს. მალე აგჯამ უცნაური განცხადებებით დაიწყო გამოსვლა - საკუთარ თავს მესიას უწოდებდა - და სწრაფად განიცადა დისკრედიტაცია. ციხეში ყოფნის წლებში მისი საქმე დახურული იყო.

ახლა კი აგჯა უკვე თავისუფალია და პირობას დებს, რომ ჟურნალისტებს მომავალ კვირაში უფრო მეტს ეტყვის თავდასხმის შესახებ. მისმა ადვოკატმა, გოკაი გიულტეკინმა, ანკარაში სააგენტო „როიტერს“ უთხრა, რომ მისი გათავისუფლება არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს:

„მან სასჯელი მოიხადა. სასამართლო სისტემასთან პრობლემები არ არსებობს. პაპის მკვლელობის მცდელობისთვის ის იტალიის ციხეში 19 წლის და 11 თვის განმავლობაში იჯდა, 10 წელი კი თურქეთის ციხეში გაატარა აქ მომხდარი მოვლენების გამო. ახლა იგი თავისუფალი იქნება. მისი თავისუფლების წინააღმდეგ გალაშქრება ალოგიკური იქნებოდა“, - აცხადებს ადვოკატი.

აგჯამ საპატიმრო ორშაბათს ოთხი მუქფანჯრებიანი მანქანისგან შემდგარი კონვოით დატოვა. მანქანაში ჩაჯდომამდე ის ჟურნალისტებს ხელის დაქნევით მიესალმა.

მისი ერთ-ერთი ადვოკატის თანახმად, აგჯა სამხედრო უწყებაში წაიყვანეს სამედიცინო შემოწმების გასავლელად. შემოწმებამ უნდა დაადგინოს, გაგზავნიან თუ არა მას სავალდებულო სამხედრო სამსახურში, სადაც მას აქამდე არ უმსახურია.

ადვოკატ გიულტეკინის თქმით, თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო განყოფილება სამხედრო ჰოსპიტლიდან მიღებულ ახალ ანგარიშს, სავარაუდოდ, დააკმაყოფილებს და იგი ჯარს არ შეუერთდება. თუმცა ადვოკატი დასძენს, რომ, შესაძლოა, საპირისპიროც მოხდეს: თუ დაასკვნიან, რომ იგი ჯანმრთელია, მაშინ შეუერთდება ჯარს.

როგორც ვთქვით, ციხიდან გამოსული აგჯა აპირებს ისაუბროს თავის მიერ 30 წლის წინათ ჩადენილ უცნაურ თავდასხმაზე. თუმცა, სავარაუდოდ, მისი მონაყოლი პასუხებზე უფრო მეტად ახალ შეკითხვებს გააჩენს.

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG