Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ფაშიზმის წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამენ


ერთი წლის წინ მოსკოვში მოკლეს ადვოკატი სტანისლავ მარკელოვი და ანასტასია ბაბუროვა, მისი თანმხლები ჟურნალისტი. ამ დღეებში მათი ნათესავები და მომხრეები ღიად ლაპარაკობენ იმაზე, რომ ეს მკვლელობა უკავშირდება ულტრამემარჯვენეობის გავრცელებას რუსეთში. მათვე მიაჩნიათ, რომ მთავრობამ უნდა იმოქმედოს, თუმცა ზოგიერთს იმედი არა აქვს, რომ ის შეძლებს ვითარება შეცვალოს.

ადვოკატი მარკელოვი მოკლეს მოსკოვში, ქუჩაში, დღისით მაყუჩიანი პისტოლეტით, უკნიდან, მიბჯენით თავში სროლით. მის თანმხლებ ახალგაზრდა ჟურნალისტს, ბაბუროვას, ასევე ესროლეს. ის იმავე დღეს, მოგვიანებით, გარდაიცვალა. მარკელოვი უფლებადამცავი ადვოკატი იყო, ჩეჩნეთში რუსეთის არმიის მსხვერპლს უწევდა იურიდიულ მხარდაჭერას - სასამართლოზე წარმოადგენდა ოჯახს, რომლის წევრი ახალგაზრდა ქალი რუსმა ოფიცერმა, ბუდანოვმა, მოკლა. ბუდანოვის ვადაზე ადრე ციხიდან განთავისუფლების გამო მარკელოვმა პრესკონფერენცია მოაწყო და პროტესტი გამოხატა, რის შემდეგაც მოკლეს. მარკელოვის კოლეგებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ მისი მოკვლა მის საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. ბაბუროვა, აქტივისტი ეკოლოგიის სფეროში, უკრაინიდან - სევასტოპოლიდან - იყო, ოპოზიციურ „ნოვაია გაზეტას“ რეპორტაჟებს უმზადებდა, თავის კარიერას ახლა იწყებდა. მისი მშობლები, ლარისა და ედუარდ ბაბუროვები, ადრე ფიქრობდნენ, რომ მათი ქალიშვილი გარემოების მსხვერპლი იყო, ცუდ დროს ცუდ ადგილზე მოხვდა. ერთი წელი გავიდა შვილის მკვლელობიდან და ახლა უკვე ასე აღარ ფიქრობენ. ედუარდ ბაბუროვი ახლა ამგვარად ლაპარაკობს:

„ჩვენი ქალიშვილის მკვლელობამდე არაფერი ვიცოდით იმაზე, თუ რა ხდებოდა რუსეთში. მკვლელობის შემდეგ უფრო კონკრეტულად, უფრო ახლოს გავეცანით ვითარებას და შეძრწუნდით იმით, რომ ასე ფართოდაა გავრცელებული ფაშიზმი. ჩვენი აზრით, ახლა ამის მართვა აღარ შეიძლება, ხელისუფლება ვეღარაფერს გახდება. ნაციზმისა და ფაშიზმის იდეოლოგია ქვემოდან უმაღლეს დონემდე გაიზარდა. მისი წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში სხედან, დუმაში და ყველგან.“

ბაბუროვებმა 30 ნოემბერს, თავიანთი შვილის სიკვდილის დღეს, „ნოვაია გაზეტაში“ გამოაქვეყნეს წერილი, სადაც რუსეთში ფაშიზმის გავრცელებაზე წერენ და მთავრობას მოუწოდებენ ყურადღება მიაქციოს პრობლემას. ამ წერილს თან ერთოდა ულტრამემარჯვენეების მსხვერპლთა სია. ეს გაზეთი თვითონ იყო ტრაგედიის მონაწილე, როცა კრემლის მოწინააღმდეგე ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია მოკლეს. რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა ბაბუროვებს უკრაინაში დაურეკა. მათი ნაამბობის თანახმად, მათ ქალიშვილს და მარკელოვს სიკვდილამდე ემუქრებოდნენ. ამასთან, დედა, ლარისა ბაბუროვა, ამბობს, რომ შვილმა მშობლებს უცნაური, გამოსამშვიდობებელი წერილი მისწერა სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე:

„ისინი ხიფათს ხედავდნენ, იცოდნენ, რა ემუქრებოდათ. ნასტიამ 13 იანვარს გამოსამშვიდობებელი წერილი მოგვწერა. ისე მოხდა, რომ 15-ში წავიკითხეთ. დავიბენი, შევძრწუნდი: ვერ გავიგე, რა ხდებოდა - რა, შვილი გვემშვიდობებოდა? მომდევნო წერილში რაღაც უხერხულობას გამოხატავდა იმ წინა წერილის გამო. ჩანს, ემუქრებოდნენ, ძალიან ემუქრებოდნენ. შემდეგ კიდევ მოიწერა ასევე უხერხულობის გამომხატველი წერილი. ვერაფერი გავიგეთ. შემდეგ კი, უკვე 19 იანვარს, მკვლელობა მოხდა.“

მარკელოვისა და ბაბუროვას მკვლელობის გამო ორი პირი, ნიკიტა ტიხონოვი და ევგენია ხასისი, დააკავეს. ტიხონოვი ცნობილი ექსტრემისტია, რომელსაც პოლიცია დაეძებდა ანტიფაშისტი აქტივისტის მკვლელობის ორგანიზებასთან კავშირის გამო. 18 იანვარს გაზეთ „ნოვაია გაზეტაში“ გამოქვეყნებული მასალების თანახმად, ეს წყვილი შესანიშნავად იყო ორგანიზებული, ჰქონდა კარგი დაფინანსება, კარგად იყო შეირაღებული. მათ ბინაში ათეულათასობით ევროს მიაგნეს. ნახეს ასევე იარაღი, გაყალბებული საბუთები. სტატიის თანახმად, ტიხონოვი და ხასისი ულტრამემარჯვენე მოძრაობის მხოლოდ ერთ ნაწილს წარმოადგენენ. ისინი ამზადებდნენ თავდასხმებს ანტიფაშისტებსა და სახელმწიფო პირებზე. თავიდან ტიხონოვმა აღიარა დანაშაული, შემდეგ კი უარყო, ზეწოლის შედეგად გავაკეთე ესო. მარკელოვისა და ბაბუროვას მკვლელობის შემდეგ მათმა მეგობრებმა და ახლობლებმა შექმნეს ანტიფაშისტური ორგანიზაცია, სახელწოდებით „19 იანვრის კომიტეტი“. ორგანიზაცია 19 იანვარს ორ მიტინგს აწყობს მოსკოვში, სახელწოდებით „ნაცისტური ტერორი“. მოსკოვის საქალაქო ხელისუფლებამ თავიდან უარი უთხრა მათ, შემდეგ კი დათანხმდა. პირობა ასეთი იყო: არ უნდა ჰქონოდათ პოლიტიკური ხასიათის ლოზუნგები. ორგანიზატორებს მხარს უჭერენ გამოჩენილი პირებიც - მუსიკოსი ანდრეი მაკარევიჩი და სამეცნიერო-ფანტასტიკური წიგნების ავტორი, ბორის სტრუგარსკი. „19 იანვრის კომიტეტს“ დემონსტრაციების მოწყობასთან დაკავშირებით სირთულეები აქვს, განსხვავებით „რუსკი ობრაზისაგან“, რომლის წევრიც იყო ტიხონოვი. „რუსკი ობრაზმა“ მოსკოვის ცენტრში მიტინგის გამართვის უფლება იოლად მოიპოვა. რუსეთში მოქმედი „სავას“ ცენტრში, რომელიც სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულობებითა და ულტრანაციონალისტური ჯგუფებითაა დაკავებული, მუშაობს გალინა კოჟევნიკოვა, რომელიც ფიქრობს, რომ რუსეთში საზოგადოება ნელ-ნელა ფხიზლდება ულტრამემარჯვენეთა ქმედებების მიმართ. რასისტულ ნიადაგზე ამ ქვეყანაში 2009 წელს 112 ადამიანი მოკლეს, ანუ ორჯერ გაიზარდა ამგვარი შემთხვევების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით. კოჟევნიკოვას აზრით, ეს ხელისუფლებისთვის იმის ნიშანი უნდა იყოს, რომ იმოქმედოს:

„საქმე ისაა, რომ ულტრამემარჯვენეები ღია ანტისახელმწიფო, მიზანმიმართულ ტერორზე გადავიდნენ, რაც მიზნად ისახავს საერთო დესტაბილიზაციის, პანიკის გამოწვევას და ამ გზით სამხედრო გადატრიალების მოწყობას.“

კოჟევნიკოვას განმარტებით, ამ სტრატეგიის ნაწილია ანტიფაშისტ აქტივისტებზე თავდასხმა და მუქარა.

19 იანვრის მიტინგებს მოსკოვში თან ახლდა არეულობისა და თავდასხმების შიში.

ბაბუროვას დედა, ლარისა ბაბუროვა, ფიქრობს, რომ პროტესტის მონაწილეთა პირადი უსაფრთხოება მეტად მნიშვნელოვანია. ის ანტიფაშისტი აქტივისტის, ივან ხუტორკსის, მკვლელობას იხსენებს და ამბობს:

„ანტიფაშისტურ მოძრაობას არ მართებს გამომწვევად მოქმედება, რადგან, ხომ ხედავთ, არ ჰყავთ მომხრეები. გასაგებია, საჭიროა პროტესტი, მაგრამ საკუთარ თავს, სიცოცხლეს უნდა გაუფრთხილდნენ. ივან ხუტორსკიც მოკლეს. ასეთი ბევრია. ხომ ხედავთ, რაც ხდება.“
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG