Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაუსხმელობის პაქტი – კაპიტულაცია თუ აგრესიის პრევენცია?


რუსეთის ტანკები ჯავასთან, 2008 წლის 21 იანვარს
რუსეთის ტანკები ჯავასთან, 2008 წლის 21 იანვარს
იანვრის დასაწყისში კვლავ აქტიური მსჯელობის საგანი გახდა საქართველოსა და თვითგამოცხადებულ ტერიტორიულ ერთეულებს შორის ე.წ. “თავდაუსხმელობის პაქტის” გაფორმება, რომლის პედალირებასაც რუსეთის ფედერაცია ჟენევის შეხვედრაზე შეეცდება. საქართველო მიიჩნევს, რომ ასეთი მოთხოვნის უფლება არა აქვს ოკუპანტ ქვეყანას, რომელსაც მიტაცებული აქვს მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს ერთი მეოთხედი. თუმცა არსებობს ექსპერტების ნაწილი, რომელიც ხელისუფლებას ურჩევს, ევროპის ქვეყნების აზრის გათვალისწინებით, უფრო “ცივი გონებით” გააანალიზოს, თუ რა საფრთხე დგას კრემლის ამ დაჟინებული მოთხოვნის უკან.

ჟენევის მოლაპარაკებების მეცხრე რაუნდის წინ მოსკოვი რუსული დიპლომატიისთვის სასარგებლო პროპაგანდისტული ფონის შექმნას ცდილობს. კრემლი დაჟინებით მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლებამ თავდაუსხმელობის ხელშეკრულება გააფორმოს თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან. ეს არის “სოხუმისა და ცხინვალისათვის უსაფრთხოების მყარი გარანტიები” იმ პირობებში, “როდესაც თბილისიდან საომარი რიტორიკა გრძელდება, როდესაც საქართველოს ხელისუფლებისაგან ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერ ფასად აღდგენის თაობაზე გამუდმებით ისმის მოწოდებები”, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ჯერ თავდასხმა - მერე მოლაპარაკება


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მართლაც მოუხშირა მილიტარისტული შინაარსის გამოსვლებს. თუმცა თუ გავიხსენებთ მის ბოლოდროინდელ, ყველაზე გახმაურებულ, მიმართვას, მასშიც ქვეყნის თავდაცვაზეა საუბარი და არა თავდასხმაზე ან დაკარგული ტერიტორიების ძალით დაბრუნებაზე.

”როცა საქმე ეხება საქართველოს დაცვას, ყველანი უნდა ჩავერთოთ ამ საქმეში - 100, 200, 300 ათასი კაცი და, თუ საჭიროა, ნახევარი მილიონი დადგეს იარაღით ხელში. ამდენ ავტომატსაც ვიშოვით და გვაქვს და ტყვია-წამალიც საკმარისზე მეტი გვაქვს”,- განაცხადა სააკაშვილმა 26 დეკემბერს, ეროვნული გვარდიის ახალი შენობის გახსნისას.

გარდა ამისა, სახელმწიფო სტრატეგიაში, რომელსაც რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ამზადებს, ოფიციალურად იქნება უარყოფილი სამხედრო ძალის გამოყენება და მთავარი აქცენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან კულტურული, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირურთიერთობის გაღრმავებაზე გაკეთდებაო, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა:

“სტრატეგიაში, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ, რომ მივიღოთ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით არის დადასტურებული, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ ხედავს სამხედრო მეთოდებს ამ კონფლიქტის გადაჭრისა.”

თემურ იაკობაშვილი აცხადებს, რომ საქართველო პირნათლად ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული შეთანხმებით ნაკისრ ყველა ვალდებულებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა სამხედრო ძალა გაყვანილია უშუალო შეხების ადგილიდან 15 კილომეტრის დაშორებით, ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალების გადაადგილება წინასწარ ეცნობება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელსაც შეუძლია დაუბრკოლებლად განახორციელოს მონიტორინგი ქართული პოლიციის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე.

ამ ვითარებაში საქართველო “აბსურდულს და უცნაურს” უწოდებს “თავდაუსხმელობის პაქტზე” საუბარს მოსკოვის მხრიდან, რომელსაც, თემურ იაკობაშვილის განცხადებით, დღემდე არ შეუსრულებია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების უმთავრესი ვალდებულებები.

თუმცა თემურ იაკობაშვილი გარკვეულ “მზაკვრულ ჩანაფიქრს” ხედავს მოსკოვის იმ დაჟინებულ მოთხოვნაში, რომელიც თბილისსა და თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს შორის “თავდაუსხმელობის პაქტის” გაფორმებაში მდგომარეობს:

“მე ვიტყოდი, რომ ძაღლს ამ შემთხვევაში ორი თავი აქვს: ერთი არის ის, რომ მან როგორმე მოახდინოს ლეგიტიმაცია დაპყრობილი ტერიტორიებისა. ანუ რუსები, ერთი მხრივ, ითხოვენ, რომ საქართველომ ხელი მოაწეროს ძალის არგამოყენების ხელშეკრულებას ე.წ. აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, რაც თავისთავად აბსურდია, და, მეორე მხრივ, ცდილობენ დაიბანონ ხელი და თქვან, რომ ეს ყველაფერი, რაც ხდება, რუსეთს არ ეხება.”

ორთავიანი არწივის აჩრდილი თრუსოს ხეობაზე

არის კიდევ ერთი საშიშროება, რაზეც ექსპერტები ამახვილებენ ყურადღებას. რუსეთმა იცის, რომ საქართველო არ მოაწერს ხელს თავდაუსხმელობის პაქტს ცხინვალსა და სოხუმთან, რადგან ეს საქართველოსგან იქნება კაპიტულაცია და თვითაღიარებული რეჟიმების ცნობა. მაგრამ ამ იდეის პედალირებით აუცილებლად დააფიქრებს ევროპის ქვეყნებს, რომლებმაც, რეგიონში დაპირისპირების განახლებისა და სამხედრო ძალის გამოყენების მაღალი ალბათობის გამო, შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებას თავდაუსხმელობის შეთანხმების გაფორმება მოსთხოვონო, - ამბობს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე:

“ევროპელების არგუმენტი მე მესმის, რაშიც იქნება: უნდა მოვაწეროთ ხელი, ‘იმიტომ რომ ძალიან დიდი ხიფათია საქართველოს წინაშე; ეს ხიფათი შეიძლება ომში გადაიზარდის. არიქა, მეტი აღარ გვინდა! ახლა თქვენ კიდევ თრუსოს ხეობა შეიძლება დაკარგოთ, ათასი უბედურება მოხდეს. არიქა, ხელი მოაწერეთ!’”

მამუკა არეშიძე ვარაუდობს, რომ ჟენევის მოლოპარაკებებზე 28 იანვარს რუსი დიპლომატები შეეცდებიან მოიპოვონ ევროპის ქვეყნების მხარდაჭერა, ქვეყნებისა, რომლებსაც, არეშიძის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, შესაძლოა, აღარ ჰქონდეთ საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის უპირობო ნდობა:

“პრინციპში, რუსეთმა ძალიან კარგად იცის დასავლეთ ევროპის პოლიტიკური ელიტის იმ წარმომადგენელთა განწყობა, რომელთა ცნობიერებაში ჩაჭედილია, რომ საქართველოს ხელისუფლება, გარკვეულწილად, დამნაშავეა ამ საომარი სიტუაციის შექმნაში. აქედან გამომდინარე, რუსეთის ეს სვლა უფრო მეტად არის “პიარსვლა”, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება უარს იტყვის ამ დოკუმენტის მიღებაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს საომარი მოქმედებების განახლებას და ამას რუსეთი იტყვის ღიად.”

ამიტომ, კავკასიის საკითხების ექსპერტი ურჩევს ხელისუფლებას, ამ დიპლომატიურ კინკლაობაში სწორი ტაქტიკით იმოქმედოს. ხელაღებით არ უარყოს “თავდაუსხმელობის” იდეა და რუსეთს მოხერხებული დიპლომატიური მანევრით ხელიდან გამოსტაცოს ერთგვარი პროპაგანდისტული კოზირი:

“საქართველოს ხელისუფლებამ უნდა თქვას, პირიქით: ჩვენ თანახმა ვართ. აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნაა. მზად ვართ ამ დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ, მაგრამ ეს დოკუმენტი არ შეიძლება განვიხილოთ როგორც ამოგლეჯილი კონტექსტიდან და 12 აგვისტოს კონტექსტში (2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება) და, მოდი, ამ ჭრილში განვიხილოთ ეს ორი დოკუმენტი.”

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მძიმე ოკუპაცია გრძელდება, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად არის განიხილოს “თავდაუსხმელობის პაქტის” ხელმოწერა, ოღონდ თუკი ასეთი შეთანხმება პირდაპირ რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმდება, საერთაშორისო გარანტორებისა და შუამავლების მონაწილეობით.

“თუ ეს იქნება რუსეთის ფედერაცია და საქართველო, ხელშეკრულების გარანტორი გამოვა ევროკავშირი და ნატო, ან რომელიმე სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, რა თქმა უნდა, ამ იდეას არსებობის უფლებაც აქვს და ჩვენთვის ეს მისასალმებელიც იქნება.”

ასეთი ვარიანტი კი მიუღებელია კრემლისათვის, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან აქვს კონფლიქტი და არა რუსეთთან, მიუხედავად იმ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტისა, რომ სუვერენული საქართველოს დედაქალაქიდან 35 კილომეტრის დაშორებით სწორედ რუსეთის საოკუპაციო ჯარები და მძიმე ტექნიკაა დაბანაკებული.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG