Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განდეგილი. ჯერომ სელინჯერის გარდაცვალებისთვის


ჯერომ დევიდ სელინჯერი
ჯერომ დევიდ სელინჯერი
27 იანვარს, 91 წლის ასაკში, გარდაიცვალა ამერიკელი მწერალი ჯერომ სელინჯერი - ავტორი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რომანისა “თამაში ჭვავის ყანაში“. ათწლეულების განმავლობაში ის ნიუ-ჰემპშირის შტატში საზოგადოებისგან განცალკევებით, თვითიზოლაციაში ცხოვრობდა. „თამაში ჭვავის ყანაში“, თავისი უკვდავი მთავარი პერსონაჟით - მეამბოხე თინეიჯერ ჰოლდენ კოლფილდით, 1951 წელს გამოქვეყნდა და უდიდესი გავლენა იქონია როგორც ამერიკელ, ისე საბჭოთა - მათ შორის ქართველ - მკითხველზე.

ჯერომ დევიდ სელინჯერმა თავისი საეტაპო რომანი, „თამაში ჭვავის ყანაში“, ზრდასრული მკითხველისთვის დაწერა, თუმცა გაუცხოების, უმანკოებისა და ამბოხების თემებმა ეს წიგნი საოცრად პოპულარული გახადა სხვადასხვა ქვეყნის თინეიჯერებს შორის.

მსოფლიოში ამ რომანის 60 მილიონამდე ეგზემპლარია გაყიდული. ვერავინ დაითვლის, რამდენჯერ გამოიტანეს ეს ბიბლიოთეკებიდან ან ერთმანეთს რამდენჯერ ათხოვეს.

სელინჯერი ნიუ-იორკში მცხოვრებ, ებრაული, შოტლანდიური და ირლანდიური წარმოშობის შეძლებულ ოჯახში დაიბადა 1919 წლის 1 იანვარს. მისი ოჯახი ხორცის პროდუქტების იმპორტით იყო დაკავებული.

მწერლის ცხოვრების შესახებ მკითხველმა ბევრი არაფერი იცის. ცნობილია, რომ ის მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა, რამდენჯერმე იყო დაქორწინებული და ორი შვილი ჰყავს.
ეს ფოტო 1951-შია გადაღებული - იმ წელს როცა "თამაში ჭვავის ყანაში" გამოქვეყნდა

„თამაში ჭვავის ყანაში“ გამოქვეყნდა თუ არა, ორიოდე წელიწადში სელინჯერი საცხოვრებლად ნიუ-ჰემპშირის შტატის პატარა ქალაქ კორნიშში გადავიდა. მას მერე ის აღარასოდეს გამოჩენილა ლიტერატურულ საღამოებზე, თითქმის არასოდეს თანხმდებოდა ინტერვიუებზე და არავის აძლევდა უფლებას მისთვის ფოტო გადაეღო.

მისი მოთხრობა უკანასკნელად 1965 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ „ნიუ-იორკერში“. მას შემდეგ არ შეწყვეტილა ხმები, რომ სელინჯერი ახალ ნაწარმოებებს კი წერდა, მაგრამ მათ თავისთვის ინახავდა და არ აქვეყნებდა.

ამ ნახევარსაუკუნოვანი იზოლაციისა და არცთუ ბევრი გამოქვეყნებული ნაწარმოების მიუხედავად, ამერიკულ კულტურაზე სელინჯერის გავლენა განუზომელია. ნიუ-იორკში მდებარე კოლუმბიის უნივერსიტეტის ამერიკული ლიტერატურის პროფესორის, როს პოსნოკის თქმით, სელინჯერის მნიშვნელობა იმაშია, რომ მან ამერიკულ კულტურაში სრულიად ახალი ხმა, ახალი მსოფლმხედველობა მოიტანა.

„ამას შეგვიძლია ვუწოდოთ ახალგაზრდა ბრძენის, ებრაელის, ურბანული ესთეტის ხმა, რასაც მანამდე არავინ იცნობდა. ეს მოზარდის ხმაა, გამორჩეულად საინტერესო ხმა, რომელიც ძალიან განსხვავდება მისი თანამედროვეებისგან, იქნება ეს ჯონ აპდაიკი, ფილიპ როტი თუ ჯეკ კერუაკი, მაგალითად“, - ამბობს პოსნოკი.

ამ მოსაზრებას ეთანხმება ქართველი ფილოლოგი მალხაზ ხარბედიაც, რომელიც რომანს „თამაში ჭვავის ყანაში“ მეოცე საუკუნის ყველაზე გამორჩეულ ნაწარმოებს უწოდებს და ამბობს, რომ ამ ტექსტით სელინჯერმა დასავლურ კულტურაში უმნიშვნელოვანეს ეტაპს - მეამბოხეების პერიოდს - ჩაუყარა საფუძველი:

„მეოცე საუკუნის პოპ-კულტურას თუ წარმოვიდგენთ, სადაც ჩაპლინია, ლუი არმსტრონგი, 'ბიტლზი', ზუსტად ეგეთი ადგილი უკავია ამ რომანსაც“, - ამბობს ხარბედია და დასძენს: „ის, თავისი არსით, ასე ვთქვათ, ტრადიციულიც არის, - მას "აღზრდის რომანი" შეგვიძლია ვუწოდოთ, - მაგრამ, ამავე დროს, არის პირველი პროტესტის რომანი - ბობ დილანამდე, ბიტნიკებამდე და ყველა სხვა აჯანყებულ, ამბოხებულ ადამიანამდე და თაობებამდე დაწერილი პროტესტისა და ამბოხების რომანი.“
სელინჯერის ქალიშვილის, მარგარეტის მემუარების გარეკანი

თუმცა, მალხაზ ხარბედიას თქმით, თემატიკაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ როგორი საინტერესო, გულწრფელი და მგრძნობიარე მთხრობელი ჰყავს ამ წიგნს, მთავარი პერსონაჟის, ჰოლდენ კოლფილდის, სახით.

ჰოლდენი 16 წლის ბიჭია, რომელსაც პრესტიჟული სკოლიდან რიცხავენ და ნიუ-იორკში გადაწყვეტს გაქცევას. ის სამი დღის განმავლობაში დახეტიალობს ქალაქის ქუჩებში, ხვდება ბევრ ადამიანს - მეძავს, ყოფილ მასწავლებელს, გოგოს, რომელიც ცოტათი მოსწონს, და სხვებს. საკუთარი იდენტობის თუ სიყვარულის ძიებას იგი იმ დასკვნამდე მიჰყავს, რომ სამყარო „მატყუარების“ და „გაიძვერების“ ხელშია. შვებას ჰოლდენი მხოლოდ თავისი პატარა დის, ფიბის სახით იპოვის.

ჰოლდენ კოლფილდს ბევრი თანამედროვე ეპოქის ჰეკლბერი ფინსაც უწოდებს - ოღონდ ასაკით უფრო დიდს, უფრო გათვითცნობიერებულს და, ფინთან შედარებით, ბევრად უფრო მგრძნობიარეს.

რომანის პოპულარობამ სელინჯერი საკულტო ფიგურად აქცია როგორც ამერიკელი, ისე უცხოელი - მათ შორის, საბჭოთა - მკითხველისთვის.

„თამაში ჭვავის ყანაში“ საბჭოთა კავშირში პირველად 1960 წლის ნოემბერში - ნიკიტა ხრუშჩოვის „ოტტეპელის“ პერიოდში - ჟურნალ „ინოსტრანნაია ლიტერატურაში“ დაიბეჭდა და მაშინვე სენსაციად იქცა. პირველი თარგმანის ავტორი ცნობილი მთარგმნელი ქალი, რიტა რაიტ-კოვალიოვა იყო. შემდეგ ვახტანგ ჭელიძის მიერ წიგნი ქართულ ენაზეც ითარგმნა.

"თამაში ჭვავის ყანაში" რომ წავიკითხე, მეცხრე კლასში ვიყავი - სადღაც 1973 წელია დაახლოებით - რუსული თარგმანი იყო გამოსული. ხრუშჩოვის "ოტტეპელის" დროს გამოვიდა. ჩემთვის აღმოჩენა იყო, მწერლური თავისუფლების თვალსაზრისით. საერთოდ, ახალგაზრდა კაცი ასე თავისუფლად რომ წერდა, ჩემთვის მართლა დიდი აღმოჩენა იყო“, - ამბობს მწერალი ზურაბ ქარუმიძე და დასძენს: „ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება სელინჯერიდან მე დამიტოვა მისმა პატარა მოთხრობამ, "ბანანათევზმა". ე.წ. "მოულოდნელი დასასრულის" ეფექტი მაშინ პირველად ამოვიკითხე იქ.“

ეს მოთხრობა, რომელსაც ქართულ თარგმანში „ბანანათევზის ამინდი“ ჰქვია, სელინჯერის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. მოთხრობის გმირია საქორწინო მოგზაურობაში მყოფი ახალგაზრდა, დათრგუნული მამაკაცი, რომელიც თვითმკვლელობის წინ პატარა გოგონასთან ერთად თამაშობს ოკეანის სანაპიროზე.

სელინჯერის კიდევ ერთი ცნობილი მოთხრობა - „ეძღვნება ესმეს“ - გვიამბობს ჯარისკაცზე, რომელიც შვებას 13 წლის გოგონასთან მეგობრობაში პოულობს.

ბავშვები და მოზარდები - და მათთან უფროსების ურთიერთობა - სელინჯერის ნაწარმოებების ერთ-ერთი თანმდევი თემაა. ალბათ, ამიტომაც ითვლება, რომ, ამ მწერლის მსგავსად, ძალიან ცოტამ თუ მოახერხა თანამედროვე, ხშირად გულგრილ და ფარისევლურ რეალობაში შემხვედრი უმანკოებისა და გულწრფელობის ასე ტრაგიკულად და გულშიჩამწვდომად ასახვა.

სელინჯერი, სხვა მწერლებთან - მაგალითად, ერნესტ ჰემინგუეისთან - შედარებით, ბევრად უფრო მგრძნობიარეა და, ალბათ, სწორედ ამის გამო უყვარს ის მკითხველსო, ამბობს მალხაზ ხარბედია:

„ჰემინგუეის პოპულარობა უფრო ყალბ საფუძვლებზე იდგა საბჭოთა კავშირში. საქართველოში, მაგალითად, ტრადიციასავით იყო: სახლებში ეკიდათ სვიტრიანის ფოტო. ერნესტ ჰემინგუეი პაპას ჰგავდა იქ. სელინჯერის ფოტო არ ეკიდათ, მაგრამ ბევრს [მისი ნაწარმოებები] უფრო ახლოს მიჰქონდა გულთან. სელინჯერი არ იყო ისეთი მაჩო, როგორიც, დავუშვათ, ჰემინგუეი, მაგრამ გავლენა და [მკითხველის] შეძვრის უნარი, გაცილებით დიდი ჰქონდა“, - ამბობს ფილოლოგი.
სელინჯერის რომანის ქართული გამოცემის გარეკანი

რამდენიმე წლის წინ „თამაში ჭვავის ყანაში“ მეორედ გამოვიდა ქართულ ენაზე. ამ თარგმანის ავტორი გია ჭუმბურიძე იყო, რომელმაც თარგმანზე მუშაობას სასიამოვნო პროცესი უწოდა და მკითხველის მხრიდან სელინჯერის სიყვარულის მიზეზები ასე ახსნა:

„სევდიანი ტიპია - პირველი. ნევრასტენიკია - მეორე. და ცოცხლად წერს, იცით, არ ტყუის. არაფერს არ იგონებს, მწერალთა კავშირის წევრი არ ყოფილა ის. იყო მწერალი - თავისთვის წერდა. არ სჭირდებოდა პარტბილეთი, მწერალთა კავშირის ბილეთი და საგზური სადღაც ბიჭვინთაში და ასე შემდგომ.“

სელინჯერის სიკვდილის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ლიტერატურული სააგენტო, რომელთანაც ის თანამშრომლობდა, წერს, რომ მისი ხსოვნის პატივსაცემად საჯარო ცერემონია არ გაიმართება. სააგენტოს აზრით, ამით დაცული იქნება განცალკევების და პირადი ცხოვრების საჯარო სფეროდან გატანის ის პრინციპი, რომელსაც მწერალი მთელი ცხოვრების განმავლობაში შეუპოვრად მისდევდა.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG