Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ჯანდაცვა - 2010 წლის პრიორიტეტები


რუსთავი
რუსთავი
ჯანდაცვის რეფორმამ, ბუნებრივია, თბილისის გარდა, სხვა ქალაქებიც უნდა მოიცვას, მაგრამ რუსთავში ჯერ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ერთ-ერთი საავადმყოფო საპრივატიზაციოდ გააქვთ.

რუსთავში სამი საავადმყოფოა. ერთი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ეკუთვნის, მეორე, რომლის 9 სართულიანი შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, საწარმოო გაერთიანება „აზოტს“, ხოლო მესამე თვითდაფინანსებაზე მყოფი ცენტრალური საავადმყოფოა.

ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმი პაპუნა ბახტაძე ამბობს, რომ რეფორმა მათ გვერდს აუვლის, რადგან პრეზიდენტმა უკვე გამოსცა ბრძანებულება, რომლის ძალითაც, საავადმყოფოს შესყიდვის პრივილეგირებული უფლება საავადმყოფოს კოლექტივს მიენიჭა. „საავადმყოფოს ნარჩენი საბალანსო ღირებულება დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარია“, განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.

მისი თქმით, პრივატიზაციის შემდეგ კოლექტივი საავადმყოფოს რენტაბელობის შერნარჩუნებას შეძლებს, რადგან, სახელმწიფო დაზღვევის წყალობით, ჯანდაცვა მოსახლეობისთვის შედარებით ხელმისაწვდომი გახდა. მთავარი ექიმის განცხადებით, საავადმყოფოს პაციენტთა დიდი ნაწილი დაზღვეულია და უმეტესობას სახელმწიფო დაზღვევის პოლისი აქვს.

მართლაც, რუსთავში თითქმის ყველა სადაზღვევო კომპანიაა შესული. მათი წარმომადგენლები სხედან როგორც სტაციონარულ დაწესებულებებში, ისე კლინიკებში, მაგალითად, რუსთავის №2 პოლიკლინიკაში, სადაც 30 კაბინეტთან რადიო თავისუფლება გრძელ რიგს წააწყდა. ამ კაბინეტში "აი-სი ჯგუფის" წარმომადგენელი იჯდა. მომლოდინეთა უმეტესობა უმწეოთა დახმარების პროგრამის მონაწილე აღმოჩნდა, ზოგს მკურნალობასთან დაკავშირებული დეტალები აინტერესებდა.

"აი-სი ჯგუფის" თანამშრომელმა ნინო კაპანაძემ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ ის ახლა დაზღვეულთა ხელახალი რეგისტრაციით არის დაკავებული. „ჩვენთან 10 ათასი რუსთაველია დაზღვეული“, - თქვა ნინო კაპანაძემ.

ნანა გოგავა დაზღვეულთა შორის წელს ვეღარ იქნება. მისი ოჯახი, მისთვის გაუგებარი მიზეზების გამო, უმწეოთა პროგრამიდან ამოიღეს. მან ამ საკითხზე სუბსიდიების ეროვნული სააგენტოს ადგილობრივ ხელმძღვანელობას მიმართა, თბილისშიც იყო ჩასული, მაგრამ დამაიმედებელი ვერაფერი უთხრეს. არადა, შარშან, როცა ის დაზღვეული იყო, ოპერაცია გაიკეთა და სახელმწიფომ ამაში 1800 ლარი გადაიხადა. წელს ნანა გოგავას მისთვის საჭირო წამლების შესაძენი ფულიც არა აქვს.

გოგავა ამასწინანდელ სატელევიზიო სიუჟეტსაც იხსენებს, როცა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ტელეეთერში ჯანდაცვის ახალ რეფორმაზე საუბრისას, წამლების 50%-იან სახელმწიფო თანადაფინანსებაზე გაამახვილა ყურადღება და იქვე საოჯახო აფთიაქიც წარმოადგინა. ნანა გოგავას თქმით, ის წამლები, რომლებიც პრეზიდენტმა საოჯახო აფთიაქისთვის დაასახელა, 10-15 თეთრი ღირს. მათი ნახევარ ფასში შეძენა ვერაფერი შეღავათია.
  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG