Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ ბალანჩინი და ანდრია ბალანჩივაძე - კონტრაპუნქტი ქართულად


ძმები: ჯორჯ ბალანჩინი (მარცხნივ) და ანდრია ბალანჩივაძე
ძმები: ჯორჯ ბალანჩინი (მარცხნივ) და ანდრია ბალანჩივაძე
22 იანვარს ჯორჯ ბალანჩინს (გიორგი ბალანჩივაძეს) დაბადებიდან 106 წელი შეუსრულდებოდა.

აი, რა წერია მაიკლ კენედის ოქსფორდის ენციკლოპედიის 43-ე გვერდზე ძმების, გიორგისა და ანდრია ბალანჩივაძეების, შესახებ: ”ბალანჩინი (ბალანჩივაძე, ჯორჯ) დაიბადა სანკტ-პეტერბურგში 1904 წელს, გარდაიცვალა ნიუ-იორკში 1983 წელს”. შემდეგ ვკითხულობთ: ”ბალანჩივაძე ანდრეი, დაიბადა სანკტ-პეტერბურგში 1906 წელს, გარდაიცვალა თბილისში 1992 წელს, ჯორჯ ბალანჩინის ძმა, ქართული ეროვნული ოპერის დამაარსებლის, მელიტონ ბალნჩივაძის უმცროსი ვაჟიშვილი. ანდრეი (კენედი არ იყენებს ქართულ სახელს ”ანდრია”) ბალანჩივაძის კალამს ეკუთვნის 4 საფორტეპიანო კონცერტი, 4 სიმფონია, 3 ოპერა, 2 ბალეტი, კამერულ-ინსტრუმენტული ანსამბლები, საფორტეპიანო პიესები, მუსიკა კინოფილმებისთვის”. ასე წერია ოქსფორდის ლექსიკონში. დავუმატებ: ანდრია მელიტონის ძე იყო სამჭოთა კავშირის სოციალისტური შრომის გმირი და ხანგრძლივი დროის მანძილზე ხელმძღვანელობდა საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს.

მაშ ასე, ორი ქართველი, ღვიძლი ძმა, - ორივე გამოჩენილი პიროვნება, ორივე პეტერბურგის დიდი კულტურის აურაში აღზრდილი ხელოვანი. უცხოეთში 1924 წლის გასტროლების დროს ჯორჯ ბალანჩინი (გვარის ეს ვარიანტი გიორგის დიაგილევმა უკარნახა) იქ იმიგრანტის სტატუსით დარჩა. იმ დროისათვის ბალანჩივაძეების ოჯახი უკვე გადმოსული იყო პეტერბურგიდან საქართველოში საცხოვრებლად. დაიწყო გიორგისა და ანდრიას ორმოცდახუთწლიანი განშორება.

”ნიუ-იორკ სიტი ბალეტის” დასი, ჯორჯ ბალანჩინის ხელმძღვანელობით, 1962 წელს ლენინგრადს ესტუმრა. ანდრია ბალანჩივაძე ძმასთან შესახვედრად თბილისიდან ”ჩრდილოეთ ვენეციაში” ჩაფრინდა. აი, როგორ იხსენებდა კომპოზიტორი ისტორიულ შეხვედრას: ”ამერიკული თვითმფრინავიდან გიორგი, კაპიტანივით, სულ ბოლოს გამოვიდა და, წარმოიდგინეთ, პირდაპირ ჩემსკენ გამოემართა. დამხვედრიც და ჩამოსულიც - ყველა ტიროდა...” ლენინგრადის შემდეგ ძმები ბალანჩივაძეები კიდევ თბილისში, მოსკოვში, ნიუ-იორკში ხვდებოდნენ ერთმანეთს. ამ შეხვედრების დროს დაიგეგმა ანდრიას მუსიკაზე ბალეტის დადგმა, მაგრამ, სამწუხაროდ, ბალანჩინს არ დასცალდა.

დიდი ბალანჩინი ყოველთვის ხაზს უსვამდა თავის ქართველობას. ბალეტ ”ძვირფასი თვლების” დადგმასთან დაკავშირებით ის წერდა: ”ძვირფასი თვლები ყოველთვის მიყვარდა - მე ხომ ქართველი ვარო”. თბილისური გასტროლების დროს მაყურებელს მან აჩვენა ბალეტი ”ფანფარები”, სადაც ჟღერდა ბენჯამენ ბრიტენის ვარიაციები პერსელის თემებზე. ამ სპექტაკლში გაერთიანდა პოლიფონია მუსიკაში, პოლიფონია ცეკვაში, პოლიფონია მოცეკვავეთა კოსტუმებში. ეს იყო სრულიად ახალი სიტყვა ქორეოგრაფიაში და, იმავდროულად, მსოფლიო ხელოვნებაში ქართული პოლიფონიური ბუნების ბრწყინვალე გამოძახილი.

ანდრია ბალანჩივაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით 2005 წლის მაისის ბოლოს თბილისის საოპერო თეატრში შედგა ბალანჩინის ერთაქტიანი ბალეტების - ”სერენადის”, ”აპოლონ მუსაგეტის” და ”სიმფონიური ვესტერნის” - პრემიერა. ბალეტები დადგეს დიდი ბალეტმაისტერის მოწაფეებმა მარია კალეგარიმ და ბარტ კუკმა. ჩემს ფონოტეკაში ინახება ჩანაწერი, სადაც ნინო ანანიაშვილი საუბრობს ამ შესანიშნავ სპექტაკლზე. შეიძლება ითქვას, რომ პრემიერის დღეს შედგა ძმების, ჯორჯის და ანდრიას, კიდევ ერთი, ამჯერად უკვე ვირტუალური, შეხვედრა.
XS
SM
MD
LG