Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 4 თებერვალი 2010


”ალიას” დღევანდელ ნომერში წაიკითხავთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის შეხვედრაზე, რომელიც, გაზეთის ინფორმაციით, უკრაინიდან მეთვალყურეთა გამოწვევის შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებამდე ორი დღით ადრე შედგა. ”მერაბიშვილისა და ჯონ ბასის საათნახევრიანი საუბარი, თურმე, მთლიანად უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხო”, - წერს ”ალიას” კორესპონდენტი და აზუსტებს: ”ბასს მერაბიშვილისთვის უთქვამს, ერთ კაცსაც რომ სცემონ იქ, არამც თუ მოკლან, ამაზე ობამას ადმინისტრაცია თვალს არ დახუჭავს და საერთაშორისო სკანდალი ატყდებაო. რეკომენდაციის სახით ელჩს ასევე ურჩევია მერაბიშვილისთვის უკრაინიდან თავისი ხალხი მშვიდობიანად გამოეყვანა და შვიდი თებერვლისთვის ახალი ნაკადი არ გაეგზავნა, იმ ”უბრალო” მიზეზით, რომ საქართველოდან ჩასულ ყველა მოქალაქეს უკრაინის აეროპორტშივე დააკავებენ მანამ, სანამ გაარკვევენ რა მისიით ჩამოვიდნენ ისინი ქვეყანაში. არ არის გამორიცხული დაპატიმრებული ადამიანები, სავარაუდოდ, არჩევნების დასრულებამდე არ გაათავისუფლონ და უხერხულ სიტუაციაში ნურც თქვენ ჩაიგდებთ თავს და ნურც ჩვენ გვაიძულებთ რადიკალური განცხადებები გავაკეთოთო, - უთქვამს ელჩს მერაბიშვილისთვის”, - წერს ”ალია”.

უკრაინის არჩევნების შესახებ ”ჯორჯიან ტაიმსის” ერთ-ერთი ავტორიც წერს. სტატიის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრი გივი თარგამაძე ჩეჩენ მებრძოლებთან ერთად უკრაინაში არჩევნების ჩასაშლელად ”სისხლისღვრას გეგმავდა”.

”რეზონანსში” კი წაიკითხავთ: ”უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, რომელიც კვირას გაიმართება, სიტუაცია უკვე უკიდურესად იძაბება. ქვეყნის სხვადასხვა ოლქში ადგილობრივმა საკანონმდებლო ორგანოებმა გუშინ საგანგებო მიმართვები მიიღეს, სადაც მოსალოდნელ არეულობებსა და შესაძლო სისხლის ღვრაზეა საუბარი.”

”ყველა სიახლე” დეპუტატ ბადრი ბასიშვილს ესაუბრა. ის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე იმ ქართველებს შორის იყო, რომელთაც უკრაინის ცესკომ მეთვალყურის სტატუსი არ მიანიჭა: ”ჩვენთან, რა თქმა უნდა, ყველაფერი იდეალურად არ იქნება, მაგრამ, ვფიქრობ, ქართველებს დიდი გამოცდილება გვაქვს დემოკრატიის საქმეში, არჩევნების ნორმალურად ჩატარებაც კარგად ვიცით და შეგვიძლია თავისუფლად გავუზიაროთ გამოცდილება ჩვენს უკრაინელ მეგობრებსო”, - ამბობს ბასიშვილი. ”ყველა სიახლეშივე” სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუც ქვეყნდება. ინტერვიუს დასასრულს ის ამბობს: ”არა აქვს მნიშვნელობა იანუკოვიჩი გაიმარჯვებს თუ ტიმოშენკო. საქართველო-უკრაინის ურთიერთობა ყველა შემთხვევაში გაფუჭდება, რაც ნამდვილად არ მახარებს... შესაძლოა, ამას იმიტომაც სჩადიან, რომ ჩვენს მოსახლეობას აჩვენონ, ნახეთ, რას ვბედავთ უკრაინაში და იმასაც ნახავთ, რას გავაკეთებთ საქართველოში არჩევნებზეო.”

საქართველოში ოპოზიციის ერთი ნაწილის მიერ აქციების დაწყების მორიგი თარიღის დასახელების შესახებ პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს: ”პერსპექტივა აქციების შეიძლება იყოს მაშინ, როდესაც წინასწარ არის გააქტიურებული პოლიტიკური ძალა და ასეთ განწყობას ქმნის საზოგადოებაში და არა საკუთარ კაბინეტებში მობილიზებული შტაბების სახით ელოდება ორი ან სამი თვის შემდეგ რომელიმე თარიღის დადგომას.”

„24 საათში” სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მნიშვნელოვან სიახლეზე წაიკითხავთ სტატიას. ავტორის თანახმად, ”ახალ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად, ქართულ კანონმდებლობაში მოწმის ინსტიტუტთან დაკავშირებით მიდგომები შეიცვალა. ამერიკასა და ევროპის მრავალ ქვეყანაში აპრობირებული კანონის ნორმები ქართველმა კანონმდებლებმაც გადმოიღეს და 2010 წლის ოქტომბრიდან ქართულ სასამართლოებში აქამდე ჰოლივუდურ ფილმებში ნანახი სასამართლო პროცესები რეალურად გაიმართება. სისხლის სამართალწარმოების მთავარი ღერძის - სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის - მნიშვნელოვანი ნოვაცია სხვა სიახლეებთან ერთად ისიცაა, რომ მოწმის ინსტიტუტი დასავლურ სტანდარტებზე აეწყობა. კოდექსში მოწმის დაცვის სპეციალური, გაძლიერებული ზომებიცაა შემოღებული, რაც, ძირითადად, მოწმის უსაფრთხოების დაცვისკენ იქნება მიმართული.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG